მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შედეგი მოიტანა "საპარტნიორო ფონდის" მენეჯმენტის ჩინეთში ვიზიტებმა?

5efb3d809811c
თელარა გელანტია
30.06.20 18:12
936
"დაინტერესება ერთმნიშვნელოვნად დიდია", - ასე უპასუხა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ გიორგი დანელიამ bm.ge-ს კითხვას, რომელიც საპარტნიორო ფონდის მენეჯმენტის ჩინეთში ვიზიტების ეფექტიანობას შეეხებოდა.

- საპარტნიორო ფონდის მენეჯმენტი ყველაზე ხშირად ჩინეთში დადიოდა... რა კონკრეტული შედეგი, ინვესტიციები მოგვიტანა ამ ვიზიტებმა?

- დაინტერესება დიდია ერთმნიშვნელოვნად.

- მარტო ინტერესი?

- არა მხოლოდ... ჩვენ გვაქვს რამდენიმე პროექტი, მაგალითად, ქართული ჩაის რეაბილიტაციის პროექტი სამეგრელოში. ჩვენი პარტნიორია ჩინური კომპანია „ჰანთანგიუანის საერთაშორისო ჰოლდინგ ჯგუფი”. ესაა ძალიან მსხვილი ჩინური კომპანია. მათ შეისწავლეს, ასე ვთქვათ, გემოვნური თვისებები და გადაწყვიტეს, ჩაი აქაც აწარმოონ. პროდუქციის საცდელი პირველი პარტიაც გაიტანეს ჩინეთში.

- რამდენადაც ვიცი, ეს $500 მილიონიანი პროექტია...

- დიახ, ასეა და ჯერ მხოლოდ პირველი ეტაპია. მიდის ტერიტორიების მოძიება, რომ პროექტს ეკონომიკური აზრი ჰქონდეს. მოგეხსენებათ, საქართველოში დიდი ფართობების მოძიება რთულია; ჩვენი პარტნიორები ახლაც აგრძელებენ მუშაობას, რომ დამატებითი პლანტაციები გააშენონ.

- კიდევ არის რაიმე კონკრეტული ინვესტიცია ჩინეთიდან? ყველაფერი, მითუმეტს ინვესტიცია ხომ მაინც თანხებში ითვლება...

- გაგვიჭირდება, რადგან ბევრი პროექტი სხვადასხვა ეტაზეა... მარტივი არაა ჩინელ პარტნიორებთან კონკრეტულ პროექტებზე უცებ გადასვლა, თუმცა რამდენიმე მიმართულება გვაქვს. მათ შორის ტექსტილის მიმართულებით გვყავს კონკრეტული პარტნიორები; ისინიც პროექტის განვითარების პირველ ეტაპზე არიან. სურვილი აქვთ, პროდუქცია ევროპული ბაზრისთვის აწარმოონ, ამიტომ ჩინეთიდან აქ გადმოიტანენ გარკვეულ წარმოებას. გვაქვს, ასევე, კერამიკის და სხვადასხვა წიაღისეულის საწარმოებზე ინტერესები...

- ანუ ძირითადად მაინც ინტერესის ეტაპებია?

- ძირითადად კი. რამდენიმეს თუ არ ჩავთვლით, რომელიც უკვე ხორციელდება.

ცნობისთვის: უკვე მეორე წელია მთავრობა "საპარტნიორო ფონდის" საქმიანობის მოდელის ცვლილებაზე მუშაობს. ამ ეტაპზე კი, ფონდს ახალ საინვესტიციო პროექტებში შესვლა შეზღუდული აქვს. საპარტნიორო ფონდში იმედი აქვთ, რომ რეფორმირების პროცესი მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება. ერთ-ერთ საკვანძო საკითხს რეფორმირებული საპარტნიორო ფონდის დაფინანსების წყაროზე შეჯერება წარმოადგენს. არაა გამორიცხული, ფონდი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდეს.