მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შედეგი მოიტანა სახმელეთო საზღვრების გახსნამ? - ეკონომიკის მინისტრის განცხადება

60bddb1318c04
ვიქტორია მღებრიშვილი
07.06.21 12:37
673
ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ერთი კვირის წინ, საქართველოს მთავრობის მიერ სახმელეთო საზღვრების გახსნის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებით ტურისტული ნაკადები გაიზარდა.

ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე მეზობელი ქვეყნებიდან ტურისტულ ნაკადებზე  ისაუბრა.

„ერთი კვირაა, რაც სახმელეთო საზღვრების გახსნის გადაწყვეტილება მივიღეთ. ამან პირველი შედეგები სახმელეთო საზღვრების კვეთის თვალსაზრისით მომატებული ტურისტული ნაკადების სახით უკვე მოგვცა. აღდგა სარკინიგზო სამგზავრო მიმოსვლა სომხეთსა და საქართველოს შორის. 15 ივნისს ერევანი-ბათუმის მიმართულებით თბილისის გავლით პირველი მატარებელი დაიძრება, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი მეზობელი სახელმწიფოდან საქართველოს ტურისტები ტრადიციულად ესტუმრებიან.

თურქეთის რესპუბლიკასთან სახმელეთო საზღვრით შეუფერხებელი გადაადგილება მიმდინარეობს. უკრაინიდან არის მომატებული ტურისტების რაოდენობა. მათ შეუძლიათ როგორც საჰაერო, ასევე საზღვაო გზით გვესტუმრონ. აზერბაიჯანთან, როგორც ვიცით, მიმდინარეობს მუშაობა სახმელეთო საზღვრის კვეთის დროს მათი მოქალაქეების შემოშვებაზე, რომლებიც ტურისტულად იქნებიან საქართველოში და დაბრუნდებიან აზერბაიჯანში მიღების წესების გამარტივებაზე. იმედი გვაქვს, რომ არ დააყოვნებს ეს გადაწყვეტილება და გვექნება შესაძლებლობა ვუმასპინძლოთ აზერბაიჯანის ტურისტებს“, - განაცხადა თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრმა ქართულ ავიაბაზარზე ახალი ავიაკომპანიების შემოსვლაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს მთლიანობაში ტურიზმის აღდგენის პროცესის გასაგრძელებლად ძალიან პოზიტიურ მოლოდინებს ქმნის. მინისტრმა განაცხადა, რომ საკოორდინაციო საბჭოზე კიდევ ერთხელ განიხილავენ ქვეყანაში ტურისტების მიღების წესებს იმისთვის, რომ საზღვრის კვეთა უფრო კომფორტული იყოს.