მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შედეგი მოუტანა საბანკო რეგულაციებმა სამშენებლო სექტორს?-"ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩავვარდით"

5d9a124c91ec4
ელენე გოგბერაშვილი
07.10.19 09:40
1360
მენაშენეთა ასოციაციის ინფორმაციით, 2019 წლის 1 იანვრიდან ამოქმედებულმა საბანკო რეგულაციებმა სამშენებლო სექტორში გაყიდვების 20%-ით კლება გამოიწვია.

გაყიდვების შემცირებასთან ერთად შემცირდა სამშენებლო სექტორში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციებიც. სწორედ საბანკო რეგულაციებს უკავშირებს ასოციაციის ხელმძღვანელი, ირაკლი როსტომაშვილი მიმდინარე წლის მეორე კვარტალში სამშენებლო სექტორში FDI-ს 91%-იან კლებას.

„ცუდი რეგულაციაა, რომელმა დიდი დარტყმა მოგვაყენა. სექტორი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია ჩავარდნილი. ამაზე მეტყველებს, რომ 10-ჯერ არის შემცირებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. როგორც ხედავთ, სტატისტიკა ამბობს, რომ ინვესტიციები შემცირდა. ეს არ არის საკმარისი დასკვნის გამოსატანად? იმის მოყოლა, რატომ მოხდა, რაში მაინტერესებს? მთავრობა ხომ იმიტომ გვყავს, რომ საკითხი გადაგვიწყვიტოს და არა იმიტომ, რომ ამბავი მოგვიყვეს“-აცხადებს ირაკლი როსტომაშვილი.

საბანკო რეგულაციის გავლენით შემცირდა სამშენებლო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობაც. ირაკლი როსტომაშვილი კონკრეტულ რიცხვს ვერ ასახელებს, თუმცა ამბობს, რომ ნაკლები ობიექტის მშენებლობა ნიშნავს ნაკლებ დასაქმებულს, რომლებიც თავის მხრივ პრობლემაა საბანკო სექტორისთვის.

„ხალხი არის ცუდ დღეში. ვინც სამშენებლო სფეროში იყო დასაქმებული და სამსახური დაკარგა, ყველას სესხი ჰქონდა აღებული ბანკებიდან. ისინი კარგად ემსახურებოდნენ ვალდებულებებს. მათ 99%-ს სესხი ჰქონდა აღებული ტელევიზორის თუ სარეცხი მანქანის შესაძენად და უცებ დარჩნენ უსამსახუროდ. ეს კარგია ბანკებისთვის? ეს ბანკებს წაადგა? დღემდე ვერ გავიგე, რატომ შემოიტანეს ეს რეგულაციები“-ამბობს როსტომაშვილი.

სესხის აღების შეზღუდვის გარდა სამშენებლო სექტორში გაყიდვების შემცირება განაპირობა დოლართან მიმართებაში ლარის გაუფასურებამ და მოსახლეობაში მსყიდველუნარიანობის კლებამ.

„ადამიანს, რომელსაც ჰქონდა 300 ლარი ხელფასი, ის იღებდა თვეში 1500 დოლარს და შეეძლო 500 დოლარი გადაეხადა სესხის მომსახურებაში და 1000 დოლარად ეცხოვრა. დღეს რომ იღებს 3000 ლარს, ეს არის 1000 დოლარი, ის 500 დოლარი გაუქრა.

ქვეყანაში უძრავ ქონებაზე ფიქრობს ხალხი, როცა შემოსავალი აქვს. ვისაც თავი გააქვს თვიდან თვემდე, ის უძრავ ქონებაზე არ ფიქრობს“-აცხადებს როსტომაშვილი.

ამასთან მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ დადებითი ტენდენციაა მას შემდეგ, რაც ეროვნულმა ბანკმა კომერციულ ბანკებს უფლება მისცა მსესხებლების გადახდისუნარიანობა შიდა მოდელებით შეაფასონ იპოთეკური სესხების გაცემის შემთხვევაში მინიმუმ 20%-იანი თანამშრომლობის პირობებში, რამაც შედარებით გამოაცოცხლა ბაზარი.