მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შედეგით დასრულდა პატრიარქსა და ჯანდაცვის მინისტრს შორის შეხვედრა

60532c8d28ff0
ინგა მურუსიძე
18.03.21 14:31
708
რამდენიმე წუთის წინ ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესა და პატრიარქს შორის შეხვედრა დასრულდა.

ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საპატრიარქო ვაქცინაციის პროპაგანდაში არ ჩაერთვება, თუმცა ამ მიმართულებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს მხარს უჭერს. ეს განცხადება ტიკარაძემ საპატრიარქოს დატოვების შემდეგ გააკეთა.

მინისტრის თქმით, უწმინდესისთვის საინფორმაციო კამპანიაში ჩართვა არც უთხოვია და ამაზე კითხვა არ დაუსვამს.

მინისტრი ირწმუნება, რომ პატრიარქის განწყობა არის ცალსახა: ვაქცინაცია უნდა იყოს ნებაყოფლობითი და არ უნდა მოხდეს მოქალაქეების იძულება.

„დღეს შევხვდით პატრიარქს, შეხვედრის მიზანი იყო მისი ინფორმირება დეტალურად, თუ როგორია ქვეყანაში ეპიდვითარება და როგორ არის დაგეგმილი ვაქცინაციის პროცესი, რას მოიცავს ვაქცინაცია, რა რისკები და დადებითი შედეგები შეიძლება ჰქონდეს მას ჩვენი მოქალაქეებისთვის. საპატრიარქოს მხრიდან აღქმულია ის პრობლემები, რაც დღეს გლობალურად აქვს მსოფლიოს კოვიდ-პანდემიასთან მიმართებით და საპატრიარქო მიესალმება ყველა იმ გონივრულ გადაწყვეტილებას, რომელიც სამინისტროს მხრიდან ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობის უსაფრთხოების დასაცავად გადაიდგმება. დეტალურად ვისაუბრეთ ასევე ნიღბის ტარების საკითხზე. ითქვა, რომ მოსახლეობას ერთობლივად, კიდევ ერთხელ უნდა მოვუწოდოთ ნიღბის ტარებისა და სოციალური დისტანციის დაცვისკენ“, - განაცხადა ტიკარაძემ.

მინისტრმა პატრიარქს სთხოვა, ნიღბის ტარებისა და სოციალური დისტანციის დაცვის შესახებ ინფორმაციის მიწოდება მოხდეს მათ შორის ლოცვებისა და ქადაგებების დროს.

„საპატრიარქოს მხრიდან დაფიქსირდა მკვეთრი პოზიცია, რომ ის არ ჩაერთვება აქტიურ პროპაგანდაში, თუმცა ნებისმიერ გონივრულ გადაწყვეტილებას, რომელიც გადაიდგმება მოსახლეობის ჯანმრთელობის უსაფრთხოებისთვის, მიესალმება“, - განაცხადა ტიკარაძემ და დასძინა, რომ თავს ვალდებულად თვლიდა, პატრიარქის ინფორმირება მოეხდინა.

„შეხვედრა იყო ორმხრივი ინიციატივით, რადგან მე ვთვლი, რომ მაქვს ვალდებულება, საპატრიარქო არსებული მოვლენების შესახებ იყოს ინფორმირებული“, - აღნიშნა მან.

გარდა ამისა, ჯანდაცვის მინისტრის თქმით, სასულიერო პირები, ისევე როგორც სხვა მოქალაქეები, ვაქცინაციის პროცესში არჩევანში თავისუფლები არიან და მას შემდეგ, რაც სრული ინფორმაცია მიიღეს, შესაძლოა თავად მიიღონ გადაწყვეტილება ვაქცინაციის თაობაზე.