მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შედეგს მოიტანს უსიმპტომო პირებისთვის "სისტემურ ტესტირებაზე" უარის თქმა

61f177352f80b
მარიამ ვარადაშვილი
26.01.22 20:40
815
პირველი თებერვლიდან, შესაძლოა, უსიმპტომო პაციენტები კორონავირუსზე ტესტით აღარ შემოწმდნენ. მსგავსი ინიციატივა დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს ეკუთვნის. “მივმართავ მოსახლეობას და ვთხოვ, უსიმპტომო ადამიანების ტესტირებას და კონტაქტებს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ნუ გადავტვირთავთ ამით ლაბორატორიას. ინფიცირებულთან კონტაქტირებული უსიმპტომო ადამიანი 8 დღე უნდა იყოს სახლში. წინადადებით შევდივართ უწყებათშორის საბჭოში, რომ 1-ელი თებერვლიდან დროებით უსიმპტომო ადამიანების, სისტემური ტესტირება შევაჩეროთ, გარდა სამედიცინო პერსონალისა, რათა ძირითადად, სიმპტომებიანი ადამიანების გატესტვაზე გადავერთოთ“, - თქვა ამირან გამყრელიძემ.

საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე აკაკი ზოიძე ეთანხმება ამ ინიციატივას, რადგან მიაჩნია, რომ „ომიკრონის“ პირობებში სისტემური ტესტირება აზრს კარგავს.

ამასთან, მისთვის მიუღებელია ასეთი პირებისთვის მხოლოდ 112-ში დარეკვის საფუძველზე “მწვანე პასპორტის” მინიჭება. თუ აქამდე ვირუსისგან გამოჯანმრთელებულ პირებს “მწვანე პასპორტი” უვადოდ ენიჭებოდათ, საქართველოს მთავრობა უფრო შორს წავიდა და იმ პირებს, რომლებმაც კოვიდი გადაიტანეს, თუმცა ტესტირების შედეგები სხვადასხვა მიზეზით არ არის ასახული ელექტრონულ სისტემაში, მათაც მიანიჭა ეს სტატუსი.

“ბევრმა ქვეყანამ ინტენსიურ ტესტირებაზე უკვე თქვა უარი. აქ ვგულისხმობ უსიმპტომო პირებს. იმის გამო, რომ ვირუსის ეს შტამი ძალიან მოკლე პერიოდში ბევრ ადამიანს აავადებს, თუ კონტაქტი ხარ, იზოლაციაში უნდა გადახვიდე. იგივე სწრაფი ტესტის შემთხვევაში ძალიან რთულია ვირუსის აღმოჩენა. PCR ტესტსაც კი უჭირს სხვა შტამებთან შედარებით „ომიკრონის“ გამოვლენა. აქედან გამომდინარე, ორივე ტესტის შემთხვევაში მგრძნობელობა შემცირებულია. ამას გარდა, ძალიან გაზრდილია ინფიცირების მაჩვენებელი, შესაბამისად, გადაცემის სისწრაფე, ამიტომ მასობრივი ტესტირების განხორციელებას აზრი არ აქვს”, - აცხადებს ზოიძე.

Bm.ge-ს კითხვას - ვალდებულების არაარსებობის პირობებში, ეს ადამიანები დაიცავენ თუ არა იზოლაციის პირობას, მაშინ როცა ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებშიც ხშირია ამ წესის დარღვევა, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ასე პასუხობს:

“ამ შემთხვევაში, დაძალების სარგებელი ძალიან მცირეა, რადგან მაინც ვერ აღასრულებ; უსიმპტომოდ გამავრცელებელი ძალიან ბევრია; როცა ვამბობთ, რომ დღიურად 17 ათასი დადასტურებული შემთხვევა გვაქვს, სინამდვილეში მინიმუმ 40 ათასია, რომელთაგან ბევრს სიმპტომი არ აქვს, არ იცის ან/და ტესტი არ აქვს გაკეთებული და დადის და ავრცელებს ვირუსს. ტესტირებით საზოგადოებაში გავრცელებას ვერ შეაკავებ. იდეა იზოლაციის, მასობრივი ტესტირების, კარანტინისა იყო ის, რომ მასობრივი გავრცელების სიჩქარე შეგემცირებინა. ახლა ამ ზომებით გარცელების სიჩქარეს ვერ ამცირებ, რადგან „ომიკრონი“ ძალიან სწრაფად ვრცელდება. თითქმის ისეთივე სწრაფად ვრცელედება, როგორც წითელა. თან წითელას სიმპტომები მაინც აქვს და „ომიკრონს“ ხშირ შემთხვევაში სიმპტომებიც არ აქვს”, - ამბობს აკაკი ზოიძე.

ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარისგან განსხვავებით, უსიმპტომო პირებისთვის "სისტემურ ტესტირებაზე" უარის თქმის ინიციატივას არ იზიარებს ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი ანი ქავთარაძე. ექიმი გაუმართლებელს უწოდებს ამ ინიციატივას და მიაჩნია, რომ ტესტირებით გამოვლინება უნდა გაიზარდოს. ამასთან, მისი შეფასებით, მთავრობა კორონავირუსის ახალ შტამს მოუმზადებელი შეხვდა.

“მას შემდეგ, რაც ჩვენთვის ცნობლი გახდა, რომ „ომიკრონის“ შტამი ქვეყანაში დაფიქსირდა, ტესტირების რაოდენობის ზრდასა და ლოგისტიკური პრობლემების მოგვარებას აქტიურად ვითხოვდით. წინა ტალღების დროსაც ქვეყანას ამ მიმართულებით პრობლემები ჰქონდა. ახლა ვხედავთ, რომ არათუ მოემზადა ქვეყანა და ჯანდაცვის სისტემა ამ ტალღისთვის, როცა ინფიცირების მაჩვენებელი კატასტროფულად იმატებს, არამედ გადაწყვიტა, ტესტირებები შეზღუდოს და სამიზნე ჯგუფები დაავიწროვოს, რაც ასეთ ვითარებაში გაუმართლებელია. ახლა ფაქტობრივად, პირადი პასუხისმგებლობის ამარა ვტოვებთ ამ საკითხს. ეს გადაწყვეტილენა იქნება მოირგი დარტყმა პანდემიის მართვის პროცესში და გაზრდის რიკს, რომ ინფიცირების გავრცელება უფრო და უფრო მაღალი გვექნება. კერძოდ, მოკლე დროში კიდევ უფრო მეტი ინფიცირებული გვეყოლება, ვისაც ჯანდაცვის სერვისები დასჭირდება. პირველადი ჯანდაცვის რგოლი ისევე როგორც ჰოსპიტალური სექტორი უსაზღვრო შესაძლებლობის არ არის”, - ამბობს ქავთარაძე.

კითხვაზე - არის თუ არა ამ გადაწყვეტილების მიზანი თანხის დაზოგვა, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი გვპასუხობს, რომ ამის თქმა უჭირს, თუმცა დასძენს, რომ სახელმწიფოს შეეძლო კომპიუტერული ტომოგრაფიის გაკეთებაზე დაეზოგა ფული, რაც მისი თქმით, ასობით კოვიდინფიციფრებულს ხშირ შემთხვევაში დაუსაბუთებლად უკეთდება.

მიმდინარე კვირაში საქართველოში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელია. როგორც NCDC-ის ხელმძღვანელი ამბობს, რომ გამოვლენილი შემთხვევების 90% „ომიკრონის“ შტამია, რომელიც წინა შტამებთან შედარებით ბევრად უფრო გადამდებია.