14.მაისი .2021 17:00

რა შეღავათები და როდიდან შეიძლება დაუწესდეთ აცრილ მოქალაქეებსა და ბიზნესს - ბექა ფერაძის პასუხი

რა შეღავათები და როდიდან შეიძლება დაუწესდეთ აცრილ მოქალაქეებსა და ბიზნესს - ბექა ფერაძის პასუხი
views 2005
უკან

შრომის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ბექა ფერაძის განმარტებით, ჯანდაცვის სამინისტროსა და საკოორდინაციო საბჭოზე მიმდინარეობს განხილვა, თუ როდიდან და რა შეღავათები შეიძლება დაუწესდეთ სრულად ვაქცინირებული მოქალაქეებსა თუ სტუმარ-მასპინძლობის სექტორში ჩართულ ბიზნეს სუბიექტებს. 

„საბჭო მსჯელობს და ჯანდაცვის სამინისტროში გვაქვს შიდა კომუნიკაცია, თუ რა შეღავათები შეიძლება დაწესდეს ისეთი კომპანიებისთვის, რომლებიც სრულად მოახდენენ ვაქცინირებას და ამით დაიცავენ, როგორც მომხმარებელს ასევე თანამშრომლებს, რადგან სტუმრამასპინძლობა არის პირველი სექტორი, რომელსაც მომხმარებელთან პირდაპირი კომუნიკაცია უწევს. ასევე, ტურისტული სეზონი იწყება და სურვილი გვაქვს, რომ წამახალისებელი და მასტიმულირებელი მექანიზმები შევიმუშავოთ იმისთვის, რომ ეკონომიკა გაჯანსაღდეს და უსაფრთხოება იყოს დაცული.

გამიჭირდება კონკრეტული შეღავათების დასახელება, მაგრამ მსჯელობა მიმდინარეობს როგორც კომენდანტის საათის შემსუბუქებასთან დაკავშირებით, ასევე შეიძლება განხილულ იქნას შაბათ-კვირას გარკვეული შეღავათების დაწესება, ისეთი დაწესებულებებისთვის, რომლებიც მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ. აქ მინდა გავაკეთო აქცენტი, რომ ვირუსის გამავრცელებელი ძირითადად არა მომუშავე პერსონალია, არამედ მეტწილად ვირუსის გამავრცელებლები არიან ვიზიტორები, რომელთა დაყოვნების დრო 15 წუთზე მეტია. ეს არის საკითხი, რომელზეც ამ ეტაპზე აქტიურად ვმსჯელობთ და შესაძლოა, მწვანე ზონებად განხილვა იყოს მიბმული იმაზე, თუ კომპანია გაიტესტება და მისი სტაფის 60-70% იქნება გატესტილი, მაგრამ ასევე მიმდინარეობს მსჯელობა, თუ ვაქცინირებული იქნება ადამიანი მის მიმართ გავრცელდეს კონკრეტული შეღავათები, ეს იქნება კომენდანტის შემდეგ მისი რესტორანში განთავსების ნების დართვა, შაბათ-კვირას გადაადგილების უზრუნველყოფა და ა.შ.“, - განმარტა ბექა ფერაძემ.

კითხვაზე - როდიდან შეიძლება ამოქმედდეს შეღავათები, შრომის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა თქვა, რომ აქტიური საუბრები ზაფხულიდან დაიწყება.

„ვაქცინაციის პროცესში ბიზნესის და სტუმარ-მასპინძლობის სექტორის ჩართულობა რამდენიმე დღეა რაც დაიწყო, ამიტომ ჯერ წინ გვაქვს ვაქცინის მომდევნო დოზა და ეს შეღავათები შეიძლება იმ ადამიანების მიმართ დაწესდეს, ვინც სრულად იქნება ვაქცინირებული. ამიტომ დაველოდოთ, მანამდე დრო არის და საკოორდინაციო საბჭოზე, ალბათ უფრო ზაფხულის პერიოდიდან, აქტიურად ვიმსჯელებთ ამ საკითხზე“, - განაცხადა ფერაძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა