მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შეღავათებით ისარგებლებენ ინვესტორები აჭარაში?

5f2e52b077d2c
ვიქტორია მღებრიშვილი
08.08.20 12:20
1257
აჭარაში ინვესტორებს, რომლებსაც სახელმწიფო ქონების პრივატიზების საფუძველზე 2020 წლის 1 მარტიდან 31 დეკემბრის ჩათვლით აქვთ საპრივატიზაციო პირობების შესრულების ვალდებულება, მთავრობა ამ ვალდებულებას 6 თვით გადაუვადებს - ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2020 წლის 31 ივლისის მე-7 დადგენილებაშია ნათქვამი.

დადგენილება ინვესტორებისთვის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლოსაგან გათავისუფლებასა და ვალდებულებების შესასრულებლად დამატებითი ვადის მიცემის წესს განსაზღვრავს.

თუ ინვესტორები, რომლებსაც ნებისმიერი ვალდებულება აქვთ (გარდა საპრივატიზებო/ სარგებლობის საფასურის გადახდის ვალდებულებისა) და ამ ვალდებულების შესრულება 2020 წლის 1 მარტიდან 31 დეკემბრამდე უწევთ და მიმართავენ სამინისტროს დამატებითი ვადის ან ვალდებულების შეუსრულებლების დარიცხული პირგასამტეხლოს გათავისუფლების მოთხოვნით, ვალდებულებების შესასრულებლად დამატებით 6 თვე მიეცემათ.

აღსანიშნავია, რომ ინვესტორები სრულად გათავისუფლდებიან აღნიშნულ პერიოდში დარიცხული პირგასამტეხლოსგან. ამასთან, ინვესტორებს არ წარმოეშობათ ახალი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარმოდგენის ვალდებულება.

ამავე დადგენილებით, ის ინვესტორები, რომლებსაც 2020 წლის 1 მარტიდან 31 დეკემბრის ჩათვლით აქვთ საპრივატიზებო, ან სარგებლობის საფასურის გადახდის ვალდებულება და 31 დეკემბრამდე მიმართავენ სამინისტროს, 20 დეკემბრამდე მიეცემათ დამატებითი ვადა და არ გადაიხდიან ამ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო დაკისრებულ პირგასამტეხლოს.

ამასთან, ინვესტორები 2020 წლის 1 მარტიდან 31 მაისის ჩათვლით, გათავისუფლდებიან საფასურის გადახდის ვალდებულებისგან, ხოლო ამ პერიოდში საფასურის სრულად, ან ნაწილობრივ დაფარვის შემთხვევაში, ინვესტორი სარგებლობის საფასურის გადახდისგან საშეღავათო ვადის გასვლის შემდეგ გათავისუფლდება.