18.აგვისტო .2020 17:30

რა შეიცვალა საქართველოს საგადასახადო კოდექსში

views 1857
უკან

მიმდინარე წლის ივლისში საგადასახადო კოდექსში ცვლილებები განხორციელდა, რომლის მიხედვითაც დაქირავებულ პირთა შესახებ ინფორმაცია დაქირავებულ პირთა რეესტრში დამქირავებელმა უნდა ასახოს. დაქირავებულ პირთა რეესტრში ასასახი ინფორმაციის ნუსხა და ინფორმაციის ასახვის წესი საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განისაზღვრება.

საგადასახადო კოდექსს დაემატა ახალი მუხლი 23¹, რომელიც არეგულირებს საინვესტიციო ფონდებს.
ასევე დაემატა ახალი მუხლი 70¹ რომლითაც განისაზღვრა მულტინაციონალურ საწარმოთა ჯგუფის ანგარიშგება. აღნიშნული მუხლის თანახმად, მულტინაციონალური საწარმოთა ჯგუფის საბოლოო მშობელი საწარმო, რომელიც საქართველოს რეზიდენტია, ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს ქვეყნების მიხედვით ანგარიში საანგარიშო წლის მომდევნო წლის 31 დეკემბრამდე.

მოგების გადასახადით აღარ იბეგრება უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება, მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა იმ პირისთვის, რომელიც მოგების გადასახადით იბეგრება ახალი, „ესტონური” მოდელით.

ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს არ მიეკუთვნება:

საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სავალდებულო დაზღვევის ფარგლებში დამქირავებლის მიერ დაქირავებულის სასარგებლოდ სადაზღვევო პრემიის გადახდით მიღებული სარგებელი; დამქირავებლის მიერ დაქირავებულისთვის საცხოვრებლის სარგებლობაში გადაცემა ან/და კვების მომსახურების გაწევა ან/და ამავე მომსახურებებთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება, თუ კმაყოფილდება ყველა შემდეგი პირობა:

1. საცხოვრებლით/საკვებით უზრუნველყოფა ხორციელდება დამქირავებლის საქმიანობის თავისებურებიდან გამომდინარე და წარმოადგენს დაქირავებული პირის მიერ შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვნად შესრულებისთვის აუცილებელ პირობას ან/და დაქირავებული პირის საცხოვრებელი ადგილით/საკვებით უზრუნველყოფა, დამქირავებლის უზრუნველყოფის გარეშე, საჭიროებს დაქირავებულის მიერ არაგონივრული ხარჯების გაწევას ან/და არაგონივრული დროის ხარჯვას;

2. საცხოვრებლის სარგებლობაში გადაცემა ან/და კვების მომსახურების გაწევა ან/და ამავე მომსახურებებთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება არ წარმოადგენს დამქირავებელსა და დაქირავებულ პირებს შორის არსებული შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული შრომის ანაზღაურების ნაწილს.

ცვლილებების თანახმად რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია ქონების გადასახადის გადამხდელია აგრეთვე:

სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში მიღებულ (დასაკუთრებულ) უძრავ ქონებაზე, იახტაზე (კატარღაზე), შვეულმფრენზე, თვითმფრინავსა და სხვა სატრანსპორტო საშუალებაზე; ფულადი ვალდებულების (გარდა სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული წესით დაკისრებული სანქციებისა) გადახდევინების ფარგლებში აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის ან სხვა წესით შეძენილ უძრავ ქონებაზე, იახტაზე (კატარღაზე), შვეულმფრენზე, თვითმფრინავზე და სხვა სატრანსპორტო საშუალებაზე.

განისაზღვრა, რომ დასაბეგრ ქონებაზე ფიზიკური პირის ქონების გადასახადის გაანგარიშება ხორციელდება საგადასახადო პერიოდის განმავლობაში ამ ქონების მის საკუთრებაში არსებობის დროის პროპორციულად.
დაზუსტდა საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმების 50 პროცენტის გაუქმების საკითხი და განისაზღვრა, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმების თანხების 50 პროცენტი უქმდება, თუ გადასახადის გადამხდელს ამ საგადასახადო შემოწმების შედეგად გამოცემული საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში ბიუჯეტში სრულად აქვს გადახდილი საგადასახადო მოთხოვნით გათვალისწინებული გადასახადების, აგრეთვე ჯარიმების 50 პროცენტის ტოლფასი თანხა და პირის მიერ ამავე ვადაში აღიარებულია შესაბამისი საგადასახადო მოთხოვნით გათვალისწინებული თანხა.

გაუქმდა ასევე, დღგ-ის ჩათვლის პერიოდის შეზღუდვა საბაჟო დეკლარაციასთან მიმართებაში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა