მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შეიცვლება კოოპერატივებისთვის? - დეპუტატი კანონში დაგეგმილ ცვლილებებზე საუბრობს

61ee8165e1748
სალომე მეცხვარიშვილი
31.01.22 12:00
654
პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი “სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შესახებ” კანონში ცვლილებებს ამზადებს. ეს მას შემდეგ, რაც კომიტეტმა კანონის გავლენა შეისწავლა და არაერთი ხარვეზი და დაბრკოლება აღმოაჩინა.

"ფაქტია, კანონმა მიზანს ვერ მიაღწია" - ასეთია პარლამენტის აგრარული კომიტეტის ხელმძღვანელის ნინო წილოსანის შეფასება. კანონის მიზანი კი იყო საგადსახადო შეღავათებისა და თანადაფინანსების მეშვეობით სოფლის მეურნეობის განვითარება, მოსახლეობის ადგილზე დამაგრება და მათი ეკონომიკური გაძლიერება.

რა ცვლილებებია დაგეგმილი კანონში, დეტალებზე “საქმიანი დილის” ეთერში სწორედ ნინო წილოსანმა ისაუბრა.

მისი თქმით, გამოვლენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარებას ხელს უშლის რამდენიმე ფაქტორი, მათ შორისაა ბიუროკრატია, ცოდნის ნაკლებობა და ა.შ. წილოსანის განმარტებით, აღნიშნულ ხარვეზებს საკანონმდებლო ცვლილებები გამოასწროებს, რომლის ინიცირებასაც საგაზაფხულო სესიაზე აპირებენ.

“აუცილებლად უნდა გამარტივდეს კოოპერატივების რეგისტრირების სამართლებრივი ჩარჩო. განსხვავებით სხვა ქვეყნებისგან, სადაც კოოპერატივების კარგი პრაქტიკა არსებობს, ჩვენს ქვეყანაში შპს-ის გახსნა უფრო მარტივია, ვიდრე კოოპერატივების დაფუძნება. ასევე შპს-ს აქვს გაცილებით უფრო მკაფიოდ ჩამოყალიბებული მართვის სისტემა, ვიდრე კოოპერატივებს, ამიტომ უპირველესად ვაპირებთ, ის პრობლემები, რომლებსაც კოოპერატივები აწყდებიან წევრთა მინიმალურ ოდენობასთან, პაისთან დაკავშირებით, მაქსიმალურად გავაადვილოთ და ბიუროკრატია გამოვრიცხოთ.

მეორე საკითხია კოოპერატივის მდგარდი განვითარება. იმისთვის, რომ კოოპერატივის მდგრადობა შევინარჩუნოთ, მათ განვითარების შემდგომ ფაზებში დახმარებაც უნდა შევთავაზოთ. ერთია, ცნობიერების ამაღლება და მეორეა, რომ მათ დავეხმაროთ მარკეტინგსა თუ სხვა მომსახურებებში, რომლებიც ერთი ფერმერის შემთხვევაში შეიძლება ძვირი ჯდებოდეს, მაგრამ თუ ისინი გაერთიანდებიან, მაშინ სახელმწიფო ეხმარებოდეს. ასევე განვიხილავთ, რომ მიწის იჯარით აღებასთან დაკავშირებით მოქმედებდეს გარკვეული შეღავათები - ეს ყველაფერი ჯერ მხოლოდ განხილვის რეჟიმშია…

ასევე, საჭიროა ცოდნის ამაღლება, სწორი პროგრამების შერჩევა, რომ ეს კოოპერატივები იყოს მდგრადი. განვიხილავთ უკვე არსებული კოოპერატივებისთვის კონკრეტული შეთავაზების გაკეთებას, რათა ახალ ეტაპზე გადავიდნენ.

ფინანსებზე ხელმისაწვდომობის პრობლემას კი სწორედ ახლა ვიკვლევთ - რამდენად მოქნილია ჩვენი საბანკო სისტემა კოოპერატივების შემთხვევაში გასცეს სესხი? საქმე ისაა, რომ თუ ამ იურიდიული ფორმით მათ უჭირთ სესხის აღება, მაშინ სხვა ფორმას ამჯობინებენ და არა კოოპერატივს”, - აცხადებს ნინო წილოსანი.