მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შემოსავალი აქვს მაგისტრალური გაზსადენის ოპერატორ “გაზის ტრანსპორტირების კომპანიას”?

5f2150581c564
შოთა ტყეშელაშვილი
29.07.20 14:50
1124
მაგისტრალური გაზსადენების სისტემა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ერთ-ერთი უმსხვილესი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურაა, რომელიც 9 ძირითად მილსადენს მოიცავს. მათ შორისაა ჩრდილოეთი-სამხრეთის მილსადენიც, რომლითაც რუსული ბუნებრივი აირი სომხეთს მიეწოდება. ეს სისტემა, ასევე, მოიცავს, შიდა მილსადენების სისტემასაც, რომლითაც ბუნებრივი აირი მსხვილი დაერთების პუნქტებს მიეწოდება, იქიდან კი ბუნებრივი აირი მოსახლეობასთან და მსხვილ მომხმარებლებთან უშუალოდ გამანაწილებელი კომპანიების მეშვეობით მიდის.

გაზის ტრანსპორტირების კომპანიის 2019 წლის აუდიტორული ანგარიშგების თანახმად, კომპანიის შემოსავალმა 115.4 მილიონი ლარი შეადგინა. კომპანიის შემოსავალი 2018 წელთან შედარებით 11.4%-ით არის გაზრდილი. გაზრდილია “გაზის ტრანსპორტირების კომპანიის” წმინდა მოგებაც და ის 19.9 მილიონ ლარს შეადგენს, რაც წლიურად 27%-ით არის გაზრდილი.

აუდიტორული ანგარიშის თანახმად, კომპანიის შემოსავალი შემდეგი ძირითადი წყაროებისგან შედგება:

1) ბუნებრივი აირის ტრანზიტი რუსეთის ფედერაციიდან სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის’’ კუთვნილი მაგისტრალური გაზსადენის საშუალებით სომხეთის რესპუბლიკაში. ერთადერთ მომხმარებელს წარმოადგენს შპს „გაზპრომ ექსპორტი’’, რომელიც ოპერირებს რუსეთის ფედერაციაში. აღნიშნული მომსახურება რეგულირდება შესაბამისი ხელშეკრულებებით, მისი დამატებებით ან/და მასში შესული ცვლილებებით, რომელიც დგინდება მხარეებს შორის მოლაპარაკების შედეგად;
2) ბუნებრივი აირის ტრანსპორტირება საქართველოს მასშტაბით, ძირითადად დისტრიბუციის კომპანიებისთვის, სამრეწველო საწარმოებსა და თბოელექტროსადგურებისათვის. 2019 წლის პერიოდისათვის გაზის ტრანსპორტირების ერთწლიანი ტარიფი განისაზღვრებოდა 18.70 ლარით ყოველ ტრანსპორტირებულ 1000 კუბურ მეტრ გაზზე, ხოლო მას შემდგომ პერიოდისათვის კი სამწლიანი გაზის ტრანსპორტირების ტარიფად საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის მიერ განისაზღვრა 18.95 ლარი ყოველ 1000 კუბურ მეტრ ტრანსპორტირებულ გაზზე;
3) გაზის რეალიზაცია სხვა მომხმარებლებზე საქართველოში. აღნიშნული ხელშეკრულებები ფორმდება 1 წლის ვადით და ეფუძნება ინდივიდუალურ მოლაპარაკებებს მხარეებს შორის საბაზრო პირობებით;
4) გაზგასამართი სადგურების ტექნიკურ მომსახურებასთან დაკავშირებული შემოსავლები. აღნიშნული ხელშეკრულებები ფორმდება 1 წლის ვადით და ეფუძნება ინდივიდუალურ მოლაპარაკებებს მხარეებს შორის, ძირითადად წარმოადგენს ყოველთვიურ მომსახურებებს.

დოკუმენტის თანახმად, კომპანიის უმსხვილესი ხარჯი მილსადენების შენახვისა და ოპერირების ხარჯი იყო, რამაც ჯამურად 43 მილიონი ლარი შეადგინა. სიდიდით მეორე ხარჯი ბუნებრივი აირის შესყიდვის თვითღირებულებას შეადგენდა, რაზეც კომპანიამ 35.7 მილიონი ლარი გადაიხადა. კომპანიის სახელფასო ხარჯები 14.1 მილიონი ლარი იყო, ცვეთის ხარჯი კი 2.4 მილიონი ლარი.

აუდიტორული ანგარიშიდან ირკვევა, რომ გაზის ტრანსპორტირების კომპანია დავაშია შპს „ჯეოტრანსგაზთან’’, რომელმაც 2019 წლის ივნისში კომპანიის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. დავის საგანს წარმოადგენს მიყენებული ზიანის ანაზღაურება, მიუღებელი შემოსავალი 21,824,000 აშშ დოლარი ოდენობით. ეს თანხა შპს "ჯეოტრანსგაზის" სარჩელის თანახმად, დაკავშირებულია გაზის ტრანსპორტირების მომსახურების განუხორციელებლობით შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის’’ მხრიდან. ანგარიშში მითითებულია, რომ თავად კომპანია სარჩელის სახით დაყენებულ საკითხს გონივრულად არ თვლის.