29.ივლისი .2020 17:45

რა შემოსავალი აქვს "რუსთავის ფოლადს"?

views 829
უკან

კომპანია "რუსთავის ფოლადმა" საკუთარი ფინანსური მაჩვენებლები გაასაჯაროვა. საქართველოს უმსხვილესი მეტალურგიული საწარმოს შემოსავალმა, PWC-ის მიერ მომზადებული აუდიტორული ანგარიშის მიხედვით, 2018 წელს 207 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 42.5 მილიონი ლარით ანუ 26%-ით მეტი იყო. ამავე ანგარიშის თანახმად, 2018 წელს კომპანიის წმინდა მოგებამ 8.8 მილიონი ლარი შეადგინა.

"რუსთავის ფოლადი" საქართველოში არმატურის, უნაკერო მილებისა და ფოლადის კონსტრუქციების უმსხვილესი მწარმოებელია. აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების თანახმად, 2018 წელს კომპანიამ 120,000 ტონა არმატურა და 30,000 ტონა უნაკერო მილები დაამზადა. კომპანიის ინფორმაციით, არმატურა, ძირითადად, საქართველოს ბაზარზე იყიდება, ხოლო უნაკერო მილები კი - დსთ-სა და ევროპის ბაზარზე გადის ექსპორტზე.

შპს "რუთავის ფოლადი" 2011 წელს შეიქმნა. კომპანიის აუდიტორული ანგარიშის მიხედვით, მას ორი მშობელი კომპანია - Tolanius Beheer BV (ნიდერლანდები) და Nominee SP Trustees GmbH (შვეიცარია) ფლობს. თავად კომპანიის მართვას კი Hunnewell Partners-ი ახდენს, რომლის მმართველი პარტნიორიც ბიზნესმენი ირაკლი რუხაძეა.

ანგარიშგების თანახმად, კომპანიის შემოსავლები გაყიდვიდან სეგმენტების მიხედვით ასე ნაწილდება:

მთლიანი შემოსავალი - 207 მლნ ლარი, ზრდა 26%;
არმატურის გაყიდვები - 160.6 მლნ ლარი, ზრდა 24.5%;
უნაკერო მილები - 30.9 მლნ ლარი, ზრდა 68.8%.

ცალკეული ბაზრების მიხედვით კი, კომპანიის შემოსავლები 2018 წელს ასეთი იყო:

საქართველო - 156.2 მლნ ლარი, ზრდა 16.4%;
დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა (დსთ) - 17.9 მლნ ლარი, ზრდა 17.3%;
ევროკავშირი - 17.2 მლნ ლარი, ზრდა 148%;
აზია - 14.4 მლნ ლარი, ზრდა 141%.

რაც შეეხება კომპანიის ფინანსურ მდგომარეობას, რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ჯამური აქტივების ღირებულება 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 151.3 მილიონ ლარს შეადგენდა. ამასთან, კომპანიის ვალდებულებები მის აქტივებზე მეტი იყო და 213.8 მლნ ლარს აღემატებოდა. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ კომპანიას ძირითადი ვალდებულებები მასთან დაკავშირებულ კომპანიებთან აქვს.

“ჯგუფის ჯამური მიმდინარე ვალდებულებები აჭარბებდა მის მიმდინარე აქტივებს 86,338,908 ლარით (2017 წლის 31 დეკემბერი: 91,358,822). ჯამური მიმდინარე ვალდებულებები მოიცავს დაკავშირებულ მხარეთა სესხების თანხას, 128,284,206 ლარს (2017 წლის 31 დეკემბერი: 128,284,206). ჯგუფის ოპერაციები და ფინანსური ლიკვიდურობა დამოკიდებული იქნება მისი მფლობელის მუდმივ მხარდაჭერაზე,” - ნათქვამია PWC-ის მიერ მომზადებულ აუდიტირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში. 

რუსთავის ფოლადისთვის ძირითად ხარჯს 2018 წელს ნედლეულის შეძენის ხარჯი წარმოადგენდა, რაზეც კომპანიამ 132 მილიონი ლარი დახარჯა. მეორე ადგილზეა ენერგიის შეძენის ხარჯი, რაც 25 მლნ ლარს შეადგენდა, ხელფასების ხარჯი 8.5 მლნ ლარი, ცვეთა და ამორტიზაცია კი, 5.6 მილიონი ლარი იყო. კომპანიაში 1400 ადამიანი არის დასაქმებული.

ქვეყანაში არსებული ეკონომიკური კრიზისის ფონზე ქვეყანაში სამშენებლო სექტორის აქტივობა შემცირდება, რაც "რუსთავის ფოლადის" მიერ წარმოებული ძირითადი პროდუქტის - არმატურის გაყიდვებზე ნეგატიურ გავლენას მოახდენს. ამის გამო კი, წელს ქარხნის შემოსავალი, სავარაუდოდ, შემცირდება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა