09.ნოემბერი .2019 09:46

რა შემოსავალი აქვს საქართველოს ცას? - მილიონობით ლარი სატრანზიტო რეისებიდან

views 895
უკან

თუ თქვენ პარიზიდან ბანგკოკში, ან დოჰადან ჩიკაგოში გაფრინდებით, მაღალია შანსი, რომ გზად თქვენმა რეისმა საქართველოს საჰაერო სივრცეს გადაუფრინოს. უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში მაღალი ტემპით იზრდება ის შემოსავალი, რასაც საქართველო მასზე გამავალი საერთაშორისო რეისების დისპეჩერიზაციით იღებს.

საქართველოს ცაზე საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის კონტროლი და სანავიგაციო
მომსახურება სახელმწიფო კომპანია “საქაერონავიგაციას” ევალება. კომპანიის მიერ გამოქვეყნებული 2018 წლის ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, ორგანიზაციამ გასული წლის განმავლობაში 83 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. მისი წმინდა მოგება კი 20.4 მილიონ ლარს შეადგენდა.

2014 წლის შემდგომ, კომპანიის შემოსავალი თითქმის გაორმაგებულია.

მმართველობითი ანგარიშგების დოკუმენტის მიხედვით, 2018 წელს საქართველოს ცაზე 155,282 ფრენა შედგა, რაც 2017 წელთან შედარებით 7.2%-ით მეტია. აქედან 106,639 სატრანზიტო ფრენას (გადაფრენას) წარმოადგენდა, 48,643 რეისი კი საქართველოს აეროპორტებიდან აფრენა დაფრენას.

ერთ დღეში შესრულებული ფრენების რაოდენობის ახალი მაქსიმუმი 2018 წლის 29 ივლისს დაფიქსირდა და 536 ფრენა შეადგინა.

“ფრენების რაოდენობის ზრდის მიუხედავად თბილისის საფრენოსნო-საინფორმაციო რაიონში საჰაერო მოძრაობის ნაკადების ორგანიზების პროცესით გამოწვეული ფრენების შეფერხებები არ დაფიქსირებულა, მაშინ როდესაც ევროპის საჰაერო მოძრაობის ქსელში 2018 წელს საჰაერო მოძრაობის ნაკადების ორგანიზების პროცესით გამოწვეულმა ფრენების შეფერხებამ ჯამში 25.6 მილიონი წუთი შეადგინა, 2017 წელთან შედარებით 61% არის გაზრდილი, რაც მარშრუტზე შეფერხებების გაორმაგებით არის გამოწვეული,”- ნათქვამია ანგარიშგებაში.

“საქაერონავიგაცია” საჰაერო დისპეჩერიზაციის მომსახურების გასაწევად კომპანიის აქტივებში არსებულ რადიოლოკაციურ ინფრასტრუქტურას იყენებს. ჯამში კომპანიის აქტივების ღირებულება 171 მილიონი ლარია.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა