მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შემოსავალი აქვთ აზარტული თამაშების კომპანიებს - Betlive-ს, Crystalbet-სა და Adjarabet-ს?

6182832d96039
შოთა ტყეშელაშვილი
03.11.21 17:19
7864
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოში აზარტული თამაშების სექტორის ბრუნვა რეკორდული ტემპებით გაიზარდა. 2018 წელს სექტორის ბრუნვა 13 მილიარდ ლარს შეადგენდა, 2020 წელს კი ის პანდემიის მიუხედავად 32 მილიარდამდე გაიზარდა, რაც ორწლიან პერიოდში 145%-იანი მატებაა. საქართველოში ყველაზე მეტი მომხმარებელი აზარტული თამაშების მსხვილ ბრენდებს ჰყავთ, რომლებიც საკუთარ თავში აერთიანებენ, როგორც ფიზიკურ კაზინოებს; სლოტ კლუბებსა და ტოტალიზატორებს, ასევე ონლაინ-კაზინოებსა და ონლაინ-ტოტალიზატორებს. ამ კომპანიების ფინანსური ანგარიშებიდან ირკვევა ისიც, რომ ზოგიერთ მათგანს საკუთარი ბრენდი სხვა სლოტ კლუბებისა და კაზინოებისთვის ფრენჩაიზის ხელშეკრულებითაც აქვთ გადაცემული. რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ბაზრის ყველა მთავარ მოთამაშეს საკუთარი ფინანსური ანგარიშები საჯაროდ აქვს გამოქვეყნებული. ამ დოკუმენტების თანახმად, კომპანიების შემოსავლებისა და მფლობელების შესახებ ინფორმაცია ასეთია:

აზარტული თამაშების კომპანიების ფინანსური შედეგები:

ჯგუფი Adjarabet-ი:

● შემოსავალი 2020 წელს - 406 მილიონი ლარი, მატება 43% (უშუალოდ საქართველოს ბაზარზე 284.2 მილიონი ლარი, სომხეთის ბაზარზე 121.7 მილიონი, მატება 197%)
● წმინდა მოგება 2020 წელს - 101.4 მილიონი ლარი, მატება 38%;
● აქტივები 2020 წელს - 121 მილიონი ლარი.

მფლობელები:

2019 წელს “აჭარაბეთის” 51%-იანი წილი Adjarabet კომპანიის დამფუძნებელმა თემურ უგულავამ ირლანდიურ კომპანია Flutter Entertainment PLC-ის (მაშინ Paddy Power Betfair-ს) 115.4 მილიონ ევროდ მიჰყიდა. შესაბამისად, დღეისთვის ჯგუფის მაჟორიტარული წილის მფლობელი სწორედ Flutter-ია. ჯგუფის მაკონტროლებელ კომპანიას შპს “ატლასი” ეწოდება, საქართველოში ის აერთიანებს კომპანიებს “ავიატორსა” და “კოსმოსს”. სომხეთში კი მას შპს “საბარკო” და “კაბარკო” წარმოადგენენ.

"კრისტალბეთი":

● შემოსავალი 2020 წელს (ძირითადად ონლაინ-კაზინოდან და ონლაინ-ტოტალიზატორიდან) - 363.3 მილიონი ლარი, მატება 39%;
● წმინდა მოგება 2020 წელს - 177 მილიონი ლარი, მატება 87%;
● კომპანიის აქტივები 2020 წელს - 89.6 მილიონი ლარი.

მფლობელები:

ჯგუფი “კრისტალბეთის” იურიდიული სახელია შპს “მარსი”. ფინანსური ანგარიშის თანახმად, კომპანია 2005 წლის 5 მაისს არის რეგისტრირებული და მისი მაჟორიტარული წილის მფლობელი მალტაზე რეგისტრირებული ფირმა Bwin Holdings-ია. კომპანიის მესაკუთრეთა სია ასეთია:

“Bwin Holdings (Malta) Limited - 51%; ლევან ახვლედიანი - 24%; კნიაზ დასენი - 10%; გიორგი ჩხეიძე - 5%; კობა გიგლემიანი - 5%; ვანო გიგლემიანი - 5%.

კომპანიის უმრავლესობის აქციონერი (51%) არის "Bwin Holdings (Malta) Limited,", შუალედური კომპანია, რომელიც საბოლოოდ კონტროლდება "Entain PLC"-ის მიერ (ყოფილი "GVC Holdings PLC"), მსოფლიოს ერთ–ერთი უმსხვილესი სპორტული ფსონებისა და სათამაშო ბიზნესის ჯგუფი, რომელიც ოპერირებს როგორც ონლაინ, ასევე საცალო სექტორში. "Entain PLC"-ის აქციები კოტირებულია ლონდონის საფონდო ბირჟის ძირითადი ბაზრის ოფიციალურ სიაში (პრემიუმ სეგმენტი),"- ნათქვამია დოკუმენტში.

Betlive-ი ორი ძირითადი კომპანიისგან შედგება, ესენია:

1) შპს “დეიდრიმ უნივერსალ საქართველო”

● შემოსავალი 2020 წელს (ძირითადად სათამაშო აპარატებიდან) - 64.7 მილიონი ლარი, კლება 78%;
● წმინდა ზარალი 2020 წელს - 2.8 მილიონი ლარი;
● კომპანიის აქტივები 2020 წელს - 7.2 მილიონი ლარი.

2) შპს “ბეთლაივი”

● შემოსავალი 2020 წელს (ძირითადად ონლაინ-კაზინოდან და ონლაინ-ტოტალიზატორიდან) - 89 მილიონი ლარი, მატება 9%
● წმინდა მოგება 2020 წელს -17.4 მილიონი ლარი;
● კომპანიის აქტივები 2020 წელს - 8.8 მილიონი ლარი.

მფლობელები:

“2019 წლის 31 დეკემბრისა მდგომარეობით, კომპანიის წილის მფლობელები არიან შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „აიტი ვენჩარი“ - 40%, სულიკო ვარსემაშვილი - 38%, დავით ველიჯანაშვილი - 19% და თამაზ ხარაიძე - 3%”- ნათქვამია ფინანსურ ანგარიშში. კომპანია ქართულ ბაზარზე 2013 წლიდან საქმიანობს.

შპს “დეიდრიმ უნივერსალ საქართველო”, მფლობელები - “სულიკო ვარსემაშვილი, საქართველო, - 50% ირინა ზაიკოვა, უკრაინა, 23.25% ლარისა მისოტსკა, უკრაინა, - 23.25% ლილიტ არუთიუნიანი, უკრაინა, - 3.5%,”- ნათქვამია კომპანიის აუდიტორულ ანგარიშში.