მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შემოსავლები მიიღეს ტელევიზიებმა II კვარტალში

62f21ddc615eb
მარიამ ვარადაშვილი
10.08.22 09:30
1470

მიმდინარე წლის II კვარტალში ტელევიზიების სარეკლამო შემოსავალი 17.5 მილიონ ლარამდე შემცირდა. შედეგად თითქმის ყველა მაუწყებელს შემოსავლები შეუმცირდა.

კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, 2022 წლის მეორე კვარტალში ტელევიზიების სარეკლამო შემოსავალი 17.5 მილიონი ლარი იყო, საიდანაც 66.1% პირდაპირმა რეკლამამ შეადგინა, სპონსორობის წილი კი ჯამურ სატელევიზიო სარეკლამო შემოსავალში 22.1% იყო, რაც წინა წელთან შედარებით 10.2%-ითაა გაზრდილი. 

სატელევიზიო კომერციული სარეკლამო შემოსავლების მიხედვით, ყველაზე დიდი წილი კვლავ „ტელეიმედს“  ჰქონდა, რომლის შემოსავალიც წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 0.9 მილიონი ლარით შემცირდა და 6 მილიონი ლარი შეადგინა. „მთავარი არხის“ სარეკლამო შემოსავალი 0.6 მილიონი ლარით შემცირდა და 2.6 მილიონი ლარი იყო. 

„მედია ჰოლდინგის“ (ყოფილი რუსთავი 2) სარეკლამო შემოსავალმა 2.1 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 0.4 მილიონი ლარით ნაკლებია. ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ მიღებული სარეკლამო შემოსავალი არ შეცვლილა და წინა წლის მსგავსად 1.8 მილიონი ლარი შეადგინა. 

0.3 მილიონი ლარით ნაკლები მიიღო “ტელეკომპანია პირველმა”, რომლის სარეკლამო შემოსავალმა 1.4 მილიონი ლარი შეადგინა. 

“პოსტვ”-ის შემოსავალი 1 მილიონი ლარი იყო, რაც წინა წელთან შედარებით 0.2 მილიონი ლარით ნაკლებია. 0.1 მილიონი ლარით ნაკლები მიიღო “საზოგადოებრივმა მაუწყებელმა”, რომლის სარეკლამო შემოსავალმაც 0.8 მილიონი ლარი შეადგინა. 

“ჯი-დი-ეს თი-ვის” სარეკლამო შემოსავალი 0.2 მილიონი ლარით შემცირდა და 0.4 მილიონი ლარი იყო. 0.7 მილიონი ლარით ნაკლები შემოსავალი “სილქნეტმა” მიიღო, რომლის სარეკლამო შემოსავალმა სულ 0.2 მილიონი ლარი შეადგინა. 

წინა წელთან შედარებით „ობიექტივის“ შემოსავალი არ შეცვლილა და 0.1 მილიონი ლარი დარჩა. სხვა მაუწყებლებმა ჯამში 1.1 მილიონი ლარის სარეკლამო შემოსავალი მიიღეს.

მარეგულირების ცნობითვე, 2022 წლის მეორე კვარტალში სატელევიზიო და რადიო მაუწყებლების ჯამურმა კომერციულმა სარეკლამო შემოსავალმა 19 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით 4.1 მილიონი ლარით, 17.5%-ით ნაკლებია. სარეკლამო შემოსავლების კლება აზარტული თამაშების სამაუწყებლო რეკლამის შესახებ ახალი რეგულაციითაა გამოწვეული, რომელიც ძალაში 2022 წლის 1 მარტიდან შევიდა.

აღსანიშნია, რომ რეგულაციის ამოქმედებამდე აზარტული თამაშების ორგანიზატორი კომპანიები მაუწყებლების მსხვილ დამფინანსებლებს წარმოადგენდნენ. 2021 წლის მეორე კვარტალში აზარტული თამაშების კომპანიებისგან ტელევიზიებმა და რადიოებმა 4.6 მილიონ ლარზე მეტი სარეკლამო შემოსავალი მიიღეს.