მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შემთხვევაში აქვს უფლება მგზავრს ავიაბილეთის საფასურის ანაზღაურება მოითხოვოს? - რეგულაციები

5e53dbb3a298e
ვიქტორია მღებრიშვილი
29.02.20 00:10
1386
მსოფლიოში კორონავირუსის 80 000-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან გარდაცვლილთა საერთო რიცხვმა 2 859-ს მიაღწია, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 36 215-ზე მეტია. დაინფიცირებულთა აბსოლუტური უმრავლესობა ჩინეთში ფიქსირდება, მაგრამ ბოლო პერიოდში კორონავირუსი გავრცელდა სამხრეთ კორეაში, იტალიასა და ირანშიც, ასევე დანიაში, ნორვეგიაში და ევროპის სხვა ქვეყნებში. კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები საქართველოშიც გამოვლინდა. მთავრობა ამბობს, რომ მუდმივ კავშირზეა როგორც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან, ისე საერთაშორისო თანამეგობრობის ქვეყნებთან ვირუსის გავრცელების მასშტაბების შესახებ ოპერატიული ინფორმაციის მიღების მიზნით.

რამდენიმე დღის წინ მთავრობამ ირანთან საჰაერო საზღვრის ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო, უფრო ადრე კი, ავიამიმოსვლა შეჩერდა ჩინეთთანაც. ამ დროისთვის საქართველოს ხელისუფლებამ ირანთან სახმელეთო (არაპირდაპირი) საზღვრიც ჩაკეტა.

BM.GE დაინტერესდა, როგორ უნდა მოიქცეს მგზავრი, თუ ავიაბილეთი ნაყიდი ჰქონდა, მაგრამ კორონავირუსის ეპიდემიის თავიდან აცილების მიზნით, ქვეყნების მიერ საჰაერო საზღვრები ჩაიკეტა. 

ომპანია „ფლაი ჰელფის“ დამფუძნებელი და დირექტორი მიხეილ ჭანტურია ამბობს, ნებისმიერ შემთხვევაში, კომპანია ვალდებულია, დააბრუნოს ბილეთში გადახდილი თანხა.

„კანონმდებლობით არის ასე: როდესაც ავიახაზები თავისი ბრალეულობით შეცვლის რეისს, თარიღს, დროს და ა.შ. ამის შესახებ მინიმუმ 2 კვირით ადრე აცნობებს მგზავრს, იგი თავისუფლდება პასუხისმგებლობისგან. არის კიდევ ერთი მუხლი ფორს-მაჟორი - თუ ავიახაზმა გააუქმა რეისი ფორს-მაჟორული ვითარების გამო, მაშინ მგზავრს აქვს დარჩენილი შემდეგი უფლება: ან მოითხოვოს თანხა, რაც ბილეთში ჰქონდა გადახდილი ან მოსთხოვოს ავიახაზს ალტერნატიული პირველივე შესაძლებლობის მარშრუტი, მაგრამ თუ მაგალითად იტალიის მთავრობამ გადაწყვიტა კორონავირუსის გამო ფორსმაჟორული მდგომარეობა გამოეცხადებინა, როგორც ჩვენ დავკეტეთ ირანისთვის საჰაერო სივრცე, ისე მათ შეზღუდეს და ეს ავიაკომპანიის ბრალეულობა არ არის. ავიახაზი კომპენსაციას გასცემს იმ შემთხვევაში მხოლოდ თუ მისი ბრალეულობით მოხდა თქვენი უფლებების დარღვევა, ხოლო იმ შემთხვევაში თუ კომპანიის ბრალი არ არის, მხოლოდ ბილეთში გადახდილი თანხის დაბრუნების უფლება გაქვთ“, - განგვიმარტა მიშა ჭანტურიამ.

აღსანიშნავია, რომ “საჰაერო ხომალდში ჩასხდომაზე უარის თქმის, ფრენის გაუქმების ან ხანგრძლივი დაგვიანების შემთხვევაში მგზავრებისათვის კომპენსაციის გაცემისა და დახმარების აღმოჩენის წესი“ საქართველო სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ 2012 წელს მიიღო.

როგორც სააგენტოში აღნიშნავენ, დოკუმენტი შემუშავებულია ევროკავშირის რეგულაციაზე დაყრდნობით (N261/2004) და ადგენს ზემოთჩამოთვლილ შემთხვევებში კომპენსაციის გაცემისა და დახმარების აღმოჩენის პირობებს. წესის მოქმედება ვრცელდება მგზავრებზე, რომლებიც ახორციელებენ ფრენას საქართველოდან სხვა ქვეყანაში საქართველოს ან უცხო ქვეყნის ავიაკომპანიის მეშვეობით და მგზავრებზე, რომლებიც ახორციელებენ ფრენას სხვა ქვეყნიდან საქართველოში საქართველოს ავიაგადამზიდველის მეშვეობით.

„საჰაერო ხომალდში ჩასხდომაზე უარის თქმის და ფრენის გაუქმებისათვის კომპენსაცია განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:

250,00 EUR – 1500 კმ-მდე მანძილზე ფრენისას (მოკლე დისტანცია)
400,00 EUR – 1500-დან 3500 კმ-მდე მანძილზე ფრენისას (საშუალო დისტანცია)
600 EUR – 3500 კმ-ზე მეტ მანძილზე ფრენისას (გრძელი დისტანცია)

ავიაგადამზიდველი ვალდებულია, აღმოუჩინოს მგზავრებს დახმარება თუ ფრენის დაგვიანება ბილეთში მითითებულ ფრენის დროსთან შედარებით შეადგენს:

ორ საათზე მეტ დროს – 1500 კმ-მდე მანძილზე ფრენისას;
სამ საათზე მეტ დროს – 1500-დან 3500 კმ-მდე მანძილზე ფრენისას;
ოთხ საათზე მეტ დროს – 3500 კმ-ზე მეტ მანძილზე ფრენისას.

სულ მცირე 5 საათის დაგვიანების შემთხვევაში, ავიაგადამზიდველმა მგზავრს უნდა მისცეს არჩევანის საშუალება შემდეგ ორ პირობას შორის: 1. ბილეთის ღირებულების ანაზღაურება იმ ფასით, რომლითაც ის იქნა შეძენილი, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, პირველი შესაძლებლობისთანავე, მგზავრს უნდა მიეცეს გამგზავრების საწყის პუნქტამდე დაბრუნების საშუალება; 2. თანაბარი პირობებით, დანიშნულების ბოლო პუნქტამდე, ალტერნატიული მარშრუტის არჩევის შესაძლებლობა.

თუ ავიაკომპანიას გადაჰყავს მგზავრი შეძენილი ბილეთის კლასთან შედარებით მომსახურების დაბალ კლასზე, ის ვალდებულია ჯავშნით ან/და ბილეთით გათვალისწინებული ფრენის დღიდან შვიდი დღის განმავლობაში აუნაზღაუროს მგზავრს: ბილეთის ღირებულების 30% – 1500 კმ-მდე მანძილზე, ბილეთის ღირებულების 50% – 1500-დან 3500კმ - მდე მანძილზე, ბილეთის ღირებულების 75% – 3500კმ-ზე მეტ მანძილზე.

კომპენსაციისა და უფასო მომსახურების მისაღებად პირველ რიგში გადამყვან ავიაკომპანიას უნდა მიმართოთ“, - განმარტავენ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში.

ამასთან უნდა აღნიშნოს, რომ მგზავრს არ შეუძლია მოითხოვოს კომპენსაცია თუ მგზავრობენ უფასო ან დაბალი ტარიფის ბილეთებით, რომლებიც არც პირდაპირი და არც ირიბი გზით არ ხვდება გაყიდვის ღია ქსელში.

ასევე იმ შემთხვევაზე, როდესაც მგზავრის ტურისტული მომსახურების პაკეტი უქმდება ისეთი გარემოების გამო, რომელიც არ არის დაკავშირებული ფრენის გაუქმებასთან ( სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება №122). ასეთ გარემოებას კი მოცემული პერიოდისთვის მსოფლიოში გავრცელებული ახალი კორონავირუსიც შეიძლება იყოს.

უნდა აღინიშნოს რომ ასეთ პერიოდში ავიაკომპანია ვალდებულია, მგზავრს ბილეთში გადახდილი თანხა დაუბრუნოს.