მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შემთხვევაში არ დაუჭერს მხარს "ლელო" საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას

5e9424c8993f3
BM.GE
13.04.20 12:35
1121
„ლელო საქართველოსთვის“ ხელისუფლებისაგან მოითხოვს, 21 აპრილამდე გამოქვეყნდეს საგანგებო მდგომარეობის პერიოდის დეტალური ანგარიში, ფინანსური ინფორმაციის ჩათვლით. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“, მხარს არ დაუჭერს საგანგებო მდგომარეობის ვადის გაგრძელებას.
ამ თემასთან დაკავშირებით, დღეს პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერებმა დავით უსუფაშვილმა და ბადრი ჯაფარიძემ ბრიფინგი გამართეს.

ბრიფინგზე დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობას არ გააჩნია, ეკონომიკური და სოციალური კრიზისის დაძლევის გაწერილი გეგმა. ამ ფონზე კი საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება კიდევ უფრო გააღრმავებს კრიზისს.

“21 აპრილს იწურება გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის ერთთვიანი ვადა და მთავრობას, პრეზიდენტს და პარლამენტს მისაღები აქვთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება - გაგრძელდეს თუ არა ეს მდგომარეობა. საქართველოში უკიდურესად რთულია ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა. ქვეყანას ამ ვითარებაში სჭირდება ისეთი საგანგებო სახელმწიფო პოლიტიკის გატარება, რომელიც ერთი მხრივ, უზრუნველყოფს კორონავირუსთან ეფექტურად ბრძოლას და მეორე მხრივ, ხელს შეუწყობს საზოგადოების ცხოვრების აქტიურად წარმართვას კორონავირუსთან ბრძოლის პირობებშიც.

სამწუხაროდ, გარდაუვალი ეკონომიკური და სოციალური პრობლემები კიდევ უფრო დაამძიმა საგანგებო მდგომარეობის დროს ქვეყანაში შემოღებული რეგულაციების არაკვალიფიციურობამ და გაუაზრებლობამ.
მოსახლეობის ყველაზე უფრო გაჭირვებულ ნაწილს, რომლსაც არ გააჩნია დანაზოგი და ყოველდღიური შრომით მოიპოვებდა საარსებო საშუალებებს, სახელმწიფომ თითქმის ვერაფერი შესთავაზა.

მთავრობას არ გააჩნია ეკონომიკური და სოციალური კრიზისის დაძლევის, გაწერილი გეგმა. დაუსაბუთებელთან ერთად, მიკერძოებულობის შთაბეჭდილებას ტოვებს ამა თუ იმ ბიზნეს საქმიანობისა თუ ბიზნეს სტრუქტურებისადმი დიფერენცირებული შეზღუდვების გამოყენება. სერიოზულ სამართლებრივ პრობლემებს ქმნის საგანგებო მდგომარეობის დეკრეტის მნიშვნელოვანი კონსტიტუციური ხარვეზები.

ამ ფონზე საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება კიდევ უფრო გააღრმავებს კრიზისს. იმედია, დაგროვილი გამოცდილებიდან გამომდინარე, ამ საკითხის გადაწყვეტა მაინც მოხდება სათანადო კომპლექსური განსჯით’’, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ბადრი ჯაფარიძის განცხადებით კი, შთაბეჭდილება რჩება, რომ ხელისუფლება ამ ვითარებაშიც კი ცდილობს კრიზისის საკუთარი პოლიტიკური და საარჩევნო მიზნებისათვის გამოყენებას.

„ლელომ’’ და ოპოზიციური პარტიების დიდმა ნაწილმა მხარი დაუჭირა გარკვეული ვადით საგანგებო მდგომარეობის შემოღებას. თუმცა, სულ უფრო მეტად რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება ამ ვითარებაშიც კი ცდილობს კრიზისის საკუთარი პოლიტიკური და საარჩევნო მიზნებისათვის გამოყენებას. „ლელო საქართველოსთვის“ ხელისუფლებისაგან მოითხოვს, 21 აპრილამდე გამოქვეყნდეს საგანგებო მდგომარეობის პერიოდის დეტალური ანგარიში, ფინანსური ინფორმაციის ჩათვლით, წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ მხარს არ დაუჭერს საგანგებო მდგომარეობის ვადის გაგრძელებას.

საზოგადოებას სჭირდება ინფორმაცია, რომელიც უნდა მოიცავდეს:

ჯანდაცვის სამინისტროს ხედვას და ანალიზს პანდემიასთან დაკავშირებით და ამ სფეროს მზაობას სხვადასხვა სცენარით სიტუაციის განვითარების შემთხვევაში;

მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმას პანდემიის და პოსტპანდემიურ პერიოდში;

ბიზნესის ფისკალური და მონეტარული სტიმულირების გეგმას და სამუშაო ადგილებზე დაბრუნების შესაძლო ვადებს/პირობებს;

სასურსათო უზრუნველყოფის და უსაფრთხოების კონკრეტულ ღონისძიებებს;

საგაზაფხულო სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების სრულმასშტაბიან ხელშეწყობას;
ეროვნული ვალუტის დასტაბილურების მექანიზმებს;

სოციალური დახმარებების გეგმას ყველაზე მოწყვლადი სოციალური ჯგუფების დასახმარებლად, კრიზისის შედეგად დაზარალებული ოჯახების აღრიცხვას და მათთვის კომუნალური და სასურსათო შეღავათების გაწევას;
განათლების სისტემაში არსებულ ვითარებას;

კომენდანტის საათის მიზანშეწონილობის მკაფიო დასაბუთებას;

რიგი შეზღუდვების და რეგულაციების ეფექტურობის და საჭიროების დასაბუთებას;

საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელების კონკრეტულ გრაფიკს.
მხოლოდ ამის შემდეგ გახდება ნათელი, გვჭირდება თუ არა საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება და თუ გვჭირდება, მაშინ, როგორი შეზღუდვებით და რა ვადით. შესაბამისად, მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებს პოლიტიკური გაერთიანება “ლელო საქართველოსთვის” გადაწყვეტილებას, დაუჭიროს თუ არა მხარი საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას, ან მის შეწყვეტას’’, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.