მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შემთხვევაში არ მოუწევს საქართველოს Inter Rao-სთვის $80 მილიონის გადახდა? - იურისტის განმარტება

61a7905536f9f
შოთა ტყეშელაშვილი
01.12.21 19:20
1455
საქართველომ რუსულ ენერგოგიგანტთან - Inter Rao-სთან საარბიტრაჟო დავა წააგო. 23 ნოემბერს სტოკჰოლმის საარბიტრაჟო ტრიბუნალმა საქართველოს Inter Rao-ს სასარგებლოდ 80.5 მილიონის გადახდა დააკისრა. საარბიტრაჟო დავა 2017 წლიდან მიმდინარეობდა. დღესვე იუსტიციის სამინისტრომ განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება სტოკჰოლმის სასამართლოში გაასაჩივრეს. 

რამდენად აქვს საქართველოს შანსი, რომ კომპენსაციის გაუქმებას მიაღწიოს უცნობია. ამ საკითხზე და შესაბამის პროცედურებთან დაკავშირებით გადაცემა "საქმის კურსის" ეთერში BLC-ის იურისტმა რუსუდან ჭკუასელმ ისაუბრა.

მისი განმარტებით, საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებისთვის უნდა არსებობდეს გამოკვეთილი პროცედურული დარღვევა, რასაც დავის განხილვის დროს ჰქონდა ადგილი, თუმცა თუკი პროცედურული დარღვევა არ ყოფილა, მაშინ შესაბამისი გადაწყვეტილების გაუქმებაც ვერ მოხდება. რაც შეეხება გადაწყვეტილების შეცვლას ან მოდიფიცირებას, ეს საარბიტრაჟო სასამართლოს პირობებიდან გამომდინარე ვერ მოხდება, რადგანაც ახალი განხილვა ვერ შეეხება დავის შინაარსობრივ ნაწილს და ის მხოლოდ პროცედურული მიმართულებით შეაფასებს განხილვების პროცესს. 

რუსუდან ჭკუასელის თქმით, გადაწყვეტილების გაუქმებისთვის არსებობს კიდევ ერთი ფორმატი, რაც უშუალოდ გადაწყვეტილების მიღება-აღსრულების ეტაპს უკავშირდება. 

"არსებობს ორი პროცედურა საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების წინააღმდეგ, ერთია გაუქმების პროცედურა, როდესაც წაგებულ მხარეს შეუძლია შეეწინააღმდეგოს გადაწყვეტილებას. მეორეა ცნობა-აღსრულების შესახებ შეეწინააღმდეგოს გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულებას, როდესაც ეს გადაწყვეტილება საქართველოში ჩამოვა.

როგორც განცხადებიდან ირკვევა, სავარაუდოდ, გაუქმებაზე აქვს შეტანილი განაცხადი საქართველოს სახელმწიფოს, თუმცა გადაწყვეტილების გაუქმება შესაძლებელია მხოლოდ პროცესუალური საფუძვლებით, ვინაიდან დავის მატერიალურ ნაწილში სასამართლო ვერ შევა და თავიდან ვერ შეაფასებს გადაწყვეტილების დასაბუთებას.

თუკი შეტანილია მოთხოვნა გადაწყვეტილების გაუქმებაზე და ეს მოთხოვნა არის დასაბუთებული გარკვეული პროცედურული გადაცდომებით და ეს გადაცდომები იყო პროცესის განმავლობაში, მაშინ ეს გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს, მაგრამ მატერიალურ ნაწილში არ მოხდება შემოწმება ანუ $80 მილიონი უნდა ყოფილიყო თუ $16 ან უფრო მეტი, ამაზე მსჯელობა არ იქნება,” - განმარტავს BLC-ის იურისტი რუსუდან ჭკუასელი.

რას შეეხებოდა დავა?

Inter Rao ფლობს თბილისის ენერგომომარაგებაზე პასუხისმგებელი კომპანია “თელასის” აქციათა 75%-ს. ამას გარდა, რუსულ ენერგოგიგანტს ჰოლანდიაში დაფუძნებული კომპანია Gardabani Holdings B.V.-ის მეშვეობით ეკუთვნის საქართველოში არსებული ორი ჰიდროელექტროსადგური, "ხრამჰესი 1" და "ხრამჰესი 2".

საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის არსებობს ორმხრივი ინვესტიციების დაცვის შეთანხმება, რომელიც იცავს უცხოელი ინვესტორის ინტერესებს საქართველოში. Gardabani Holdings B.V. და Inter Rao-ს საკუთრებაში არსებული კიდევ ერთი ჰოლანდიური ფირმა Silk Road Holdings B.V. საარბიტრაჟო პროცესში საკუთარი საინვესტიციო უფლებების დაცვისთვის სწორედ აღნიშნული შეთანხმებით გათვალისწინებული პირობების დაცვას ითხოვდნენ. ამასთანავე, ინვესტორის უფლებების დაცვის შესახებ ჩანაწერებს ითვალისწინებს ხელშეკრულებაც, რომელიც საქართველომ Inter Rao-ს ჰოლანდიურ შვილობილებთან, ჯერ კიდევ 2008 წელს ხმრამჰესის მათ საკუთრებაში გადაცემის დროს გააფორმა. 

დავის შინაარსი საკურსო სხვაობით მიყენებულ ზარალს უკავშირდება. კომპანია დავობდა, რომ საქართველოში მისი ჰიდროელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ტარიფში უნდა ასახულიყო ვალუტის გაუფასურებით მიყენებული ზარალიც. თუმცა, საქართველოს სატარიფო მეთოდოლოგია მსგავს ჩანაწერს არ ითვალისიწინებს, რის გამოც შესაბამისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, თუმცაღა კომპანია დავობდა, რომ აქტივების ყიდვა-გაყიდვის შეთანხმებებით, საქართველოს უნდა მოეხდინა კომპანიის მოსალოდნელი ხარჯების კომპენსირება, გაითვალისწინოს საინვესტიციო პროგრამის დაფინანსების საჭიროება და აანაზღაუროს გაცვლითი კურსისგან მიღებული ზარალი.

საქართველოს ეროვნულმა ვალუტამ 2014 წლის შემდეგ აშშ დოლართან ღირებულების 80%-ზე მეტი დაკარგა. უკვე 2016 წელს Inter Rao-ს ჰოლანდიური შვილობილები მიუთითებდნენ, რომ კურსის გაუფასურების ტარიფში არ ასახვით სახელმწიფო მათ მიერ საქართველოში განხორციელებულ ინვესტიციებს ზიანს აყენებდა და რომ ეს 2003 წელს გაფორმებულ ნასყიდობის შეთანხმებასთან და 2013 წელს გაფორმებულ მემორანდუმთან მოდიოდა წინააღმდეგობაში.

სწორედ ამ დოკუმენტების გათვალისწინებით, საერთაშორისო არბიტრაჟმა Inter Rao-ს პოზიციები გაიზიარა და საქართველოს რუსული ენერგოგიგანტის სასარგებლოდ $80 მილიონზე მეტის გადახდა დააკისრა.

დავაში საქართველოს ინტერესებს იუსტიციის სამინისტრო და იურიდიული ფირმა White & Case იცავდა, რუსულ ენერგოკომპანიას კი Freshfields Bruckhaus Deringer-ი და Dentons-ი წარმოადგენდნენ.