მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შემთხვევაში ჩადებს ნოდარ გიორგაძე საქართველოს განახლებად ენერგიებში ინვესტიციას

5fb4c705a57ed
ვიქტორია მღებრიშვილი
19.11.20 09:45
2899
"განახლებადი ენერგიების სექტორში პირობები რომ იყოს, ერთ-ერთი პირველი ინვესტორი ვიქნებოდი", - ამის შესახებ სლოვაკური ინვესტიციით საქართველოში ტურისტული ბიზნესების და სლოვაკეთში როგორც ტურისტული, ასევე, ფოტო-ელექტრო სადგურების მფლობელმა ნოდარ გიორგაძემ განაცხადა.

ბიზნესმენი ამბობს, რომ გეოთერმული წყლების და მზის ენერგიის გამოყენების მიმართულებით საქართველოს დიდი რესურსი აქვს, თუმცა ამ ბიზნესების ამოქმედება დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. ინვესტორი აღნიშნავს, რომ ენერგოსექტორში განახლებადი ენერგიების წარმოების მიმართულებით ინვესტორების დაინტერესებისთვის შესაბამისი პირობები უნდა შემუშავდეს.

„სლოვაკეთში 63 გრადუსიანი წყლით მივიღე ელექტროენერგია და ამით ნოუ ჰაუს პატენტის მფლობელი გავხდი. იქ სახელმწიფოსგან 15-წლიანი გარანტია მაქვს. ჩემგან ელექტროენერგიას ამ პერიოდის განმავლობაში სპეციალურად შემუშავებული ტარიფით ყიდულობს.

რაც შეეხება საქართველოს, განახლებადი ენერგიები ჩემთვის საინტერესო თემაა. პირობები რომ ყოფილიყო, ვიქნებოდი ერთ-ერთი პირველი ინვესტორი და ძალიან ბევრ ინვესტორს გამოვიყოლებდი ავსტრიიდან, ჩეხეთიდან, პოლონეთიდან, სლოვაკეთიდან და ბანკებიც სიამოვნებით გამომყვებოდნენ... მქონდა კიდეც მოლაპარაკებები სლოვაკეთის სახელმწიფო ბანკთან, რომ საქართველოში განახლებადი ენერგიების მიმართულებით ინვესტიციები გამეკეთებინა, მაგრამ პირდაპირ მითხრეს, რომ ტურიზმის სექტორის გარდა, სხვა სფეროზე არ შეგვაწუხოთო, რადგან საქართველოს მთავრობის მხრიდან ისეთი პირობები არ არის, რომ ჩვენ ამ შემოთავაზებაზე გამოგყვეთო. კარგი, ჩავდებ ფულს და მივიღებ ამ ენერგიას, მაგრამ მომეცით გარანტია, რომ 15 წლის განმავლობაში, რაც არ უნდა მოხდეს, სახელმწიფო მას ფიქსირებულ ფასად შეიძენს. აქ არ არის საუბარი პატარა თანხებზე. ეს შეიძლება იყოს 20, 30, 50 მლნ ევრომდე მხოლოდ სლოვაკეთიდან. დაახლოებით, გეტყვით, რომ 50 მლნ ევროთი ჩვენ განახლებად ენერგიებში 500 მეგავატის ენერგიის შექმნა შეგვიძლია“, - უთხრა BM.GE-ის ნოდარ გიორგაძემ.