12.სექტემბერი .2019 21:25

რა შემთხვევაში დაასახელებს ხაზარაძე იმ პირს, ვინც მას "გახარიას წერილი" გადასცა

views 910
უკან

საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს” დამფუძნებელის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ინგლისელი ადვოკატების აზრით, ე.წ გახარიას წერილის ორიგინალის საქართველოს პროკურატურისთვის გადაცემა სახიფათოა. ამის შესახებ მან „TV პირველის“ გადაცემა “რეაქციაში” საუბრისას განაცხადა.

„ინგლისელი ადვოკატები გვეუბნებიან, რომ წერილის ორიგინალის პროკურატურისთვის მიცემა ძალიან სახიფათოა და ვფიქრობთ მექანიზმს, სადაც ეს ორიგინალი არ გაქრება, ან რამე არ მოუვა, თუმცა ორიგინალის არსებობას არანაირი მნიშვნელობა აქვს, როცა არსებობს ოფიციალური, საერთაშორისო ლონდონის ექსპერტიზის დასკვნა თითის ანაბეჭდებთან დაკავშირებით“, – განაცხადა ხაზარაძემ და დასძინა, რომ ეს თითის ანაბეჭდები უნდა შედარდეს შესაბამის ბაზას, გარდა ამისა, ლინგვისტური ანალიზი უნდა გაკეთდეს.

რაც შეეხება შუამავალს, რომელმაც ხაზარაძეს „გახარიას წერილი“ გადასცა, „ლელოს“ დამფუძნებელი აცხადებს, რა შემთხვევაში დაასახელებს იგი ამ პირის ვინაობას.

„როგორც კი სასამართლო პროცესი დაიწყება და გამოძიება დაიწყება საერთაშორისო სტანდარტით და ჩვენ გვექნება გარანტია, იქ შუამავალიც დასახელდება და კიდევ ბევრი საინტერესო რამ, რომელიც გაგაკვირვებთ“, – განაცხადა ხაზარაძემ.

შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძის მიერ პროკურატურაში წარდგენილი „მუქარის წერილი“, თავად საგამოძიებო უწყებამ გაასაჯაროვა. ხაზარაძის ინფორმაციით, ამ წერილის მიხედვით, მასთან გიორგი გახარიას სამი მოთხოვნა ჰქონდა - „ტვ პირველი“ „ტელეიმედის“ ტრენდზე გადაერთოს, „არტარეას“ ობიექტურობის მაღალი ხარისხი დაეტყოს და ხაზარაძემ ოფიციალურად განაცხადოს, რომ მისთვის „ნაციონალური მოძრაობის რეჟიმი“ მიუღებელია. აღსანიშნავია, რომ დაახლოებით ამ შინაარსის Facebook პოსტი ხაზარაძემ გასულ წელს, საპრეზიდენტო არჩევნებამდე გამოაქვეყნა.

ამ საქმეზე პროკურატურამ ხაზარაძე გამოკითხა, თუმცა აღნიშნა, რომ წერილს კონკრეტული პირების მაიდენტიფიცირებელი ნიშნები არ აქვს და ამასთან, ხაზარაძემ გამოძიებასთან სრულყოფილად არ ითანამშრომლა, რადგან არ დაასახელა შუამავალი, რომელმაც ხაზარაძეს წერილი გადასცა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა