მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შემთხვევაში ეღირება საწვავი 3.5 ლარი? - "ნავთობიმპორტიორთა კავშირის" პროგნოზი

62137102407b3
სალომე მეცხვარიშვილი
21.02.22 22:01
948

საწვავის ფასზე ზემოქმედებისთვის მთავრობა სხვადასხვა მოდელს განიხილავს, მათ შორის მცურავი აქციზის შემოღებასაც. შესაბამისი განცხადება დღეს ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გააკეთა. აქციზის გადახედვის შესაძლებლობა გასულ კვირას უარყო ფინანსთა მინისტრმა, თუმცა “ადეკვატური ნაბიჯების” გადადგმასა და გარკვეული “დაზღვევის მექანიზმის” შემოღებას დაგვპირდა. იგულისხმება თუ არა "დაზღვევის მექანიზმში" საბიუჯეტო სუბსიდია, როგორც ეს ხორბლის, შაქრისა თუ წიწიბურას შემთხვევაში 2020 წელს მოქმედებდა, ცნობილი არ არის, თუმცა ეკონომიკის მინისტრი ამბობს, რომ სიტუაციას აკვირდებიან და როცა საჭიროდ ჩათვლიან, გადაწყვეტილებას მყისიერად მიიღებენ. 

ამასობაში საქართველოში ყველაზე მოხმარებადი - რეგულარის ტიპის - ერთი ლიტრის საწვავის ფასი 3.10-დან 3.17 ლარის ფარგლებში მერყეობს. ამის პარალელურად საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის ფასები ბოლო წლების მაქსიმუმზე ფიქსირდება (ბარელი ნავთობის ფასი გადასცდა 90 დოლარს) და პროგნოზირებულია, რომ ბარელზე 100 დოლარსაც მიაღწევს.

საინტერესოა, სად არის ის მიჯნა, როცა საქართველოს მთავრობა საწვავის ფასებში ჩაერევა?- აღნიშნულ საკითხზე “საქმიანი დილას” ეთერში ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ ვანო მთვრალაშვილმა ისაუბრა. 

“ახლა რა ფასებიც ფიქსირდება ქვეყანაში, მსგავსი გასული წლის ბოლოსაც იყო. შესაძლებელია, ეს ფასები არ გახდეს ხელისუფლებისთვის მსჯელობის საგანი, თუმცა თუ პროცესები წავა ნეგატიური მიმართულებით, სასურველია ამაზე ხელისუფლებამ იმსჯელოს. 

საქმე ისაა, რომ ახლა გვაქვს არაორდინარული ვითარება: ზოგადად ნავთობის ფასები რაღაც ეტაპზე იზრდება და შემდეგ მცირდება. თუმცა ახლა უკვე ისეთი მოცულობის ფასებია, რომ ნეგატიურ გარემოს ქმნის”,- აცხადებს ვანო მთვრალაშვილი. 

მისივე თქმით, თუ ბარელზე ნავთობის ფასი 100 დოლარს მიაღწევს, საქართველოში რეგულარის ტიპის საწვავის ფასი 3.5-იან ნიშნულს მიაღწევს და შესაძლოა, გადააჭარბოს კიდეც.