მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შემთხვევაში მიიღებს ბიუჯეტი IDS Borjomi-ს მოგებიდან დივიდენდს - სამინისტროს პასუხი

647862b142635
შოთა ტყეშელაშვილი
01.06.23 13:38
758
2022 წლის ივნისიდან საქართველო გლობალური კომპანიის IDS Borjomi International-ის აქციონერია - ეს ნაბიჯი მთავრობამ კომპანიის სანქცირებული მესაკუთრეების მოთხოვნით გადადგა და ჰოლდინგის 7.73%-იანი წილის მფლობელი გახდა. შედეგად, კომპანიის საკონტროლო პაკეტზე წვდომა დაკარგა სანქცირებული მილიარდერების მიხაილ ფრიდმანისა და პეტრ ავენის ალფა ჰოლდინგმა.

BMG-იმ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართა კითხვით, მიიღებს თუ არა სახელმწიფო ბიუჯეტი კომპანიის 2022 წლის მოგებიდან დივიდენდს, რაზეც სამინისტროში განმარტავენ, რომ გასული წლის მოგების განაწილების შესახებ აქციონერთა კრება ჯერ არ ჩატარებულა.

“გადაწყვეტილებას დივიდენდის გაცემის შესახებ იღებენ საზოგადოების აქციონერები. აღნიშნული გადაწყვეტილება, დივიდენდის განაწილების თაობაზე ამ ეტაპზე მიღებული არ არის. იმ შემთხვევაში, თუ აქციონერები მიიღებენ გადაწყვეტილებას 2022 წლის მოგების განაწილების შესახებ, საქართველო მიიღებს პროპორციულ დივიდენდს სააქციო საზოგადოების მიერ მიღებული მოგებიდან,”- ნათქვამია სამინისტროს მიერ გამოგზავნილ პასუხში.

ამჟამად საჯაროდ გამოქვეყნებულია Rissa Investments Limited-ის, ანუ IDS Borjomi International-ის 2022 წლის პირველი ნახევრის ფინანსური ანგარიში, რომლის მიხედვითაც, კომპანიის შემოსავალი 254 მილიონი დოლარი, წმინდა მოგება კი 30.9 მილიონი დოლარი იყო. ჯერჯერობით საჯაროდ უცნობია, რამდენი მილიონი დოლარი იყო კომპანიის სრული წმინდა მოგება.

ბორჯომი ჰოლდინგის (Rissa Investments Limited-ის) აქციონერების ჩამონათვალი ასე ნაწილდება:

● Erasmony Limited (მიხაილ ფრიდმანი და პეტრ ავენი - “ალფა ჯგუფი”) - 49.99%
● Black Waters Limited (პატარკაციშვილების ოჯახი) - 38.48%
● საქართველოს სახელმწიფო - 7.73%
● “ყოფილი თანამშრომელი და სხვადასხვა აქციონერი” - 3.79%

ბორჯომის, ლიკანის და ბაკურიანის ბრენდების გარდა, IDS Borjomi International-ი ქარხნებს ფლობს რუსეთსა და უკრაინაშიც, სადაც მორშინსკის და სვიატოი ისტოჩნიკის ბრენდების მტკნარ წყლებს ასხამს. 2020 წელს კომპანიის ჯამური შემოსავალი 461 მილიონი დოლარი, 2019 წელს კი 505 მილიონი დოლარი იყო. 2021 წელს კი მისმა გაყიდვებმა 558 მილიონ დოლარს მიაღწია.