მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შემთხვევაში შეიძლება გაიზარდოს საქართველოს საკრედიტო რეიტინგი

638c6695a3429
შოთა ტყეშელაშვილი
04.12.22 13:18
1264
სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ქვეყნის კრედიტუნარინობის შეფასებაა, რომელიც აჩვენებს თუ რა რისკის დონესთან არის დაკავშირებული კონკრეტულ ქვეყანაზე სესხის გაცემა და ინვესტირება. ამ მაჩვენებელს საერთაშორისო საკრედიტო სააგენტოები ადგენენ და მათი დასკვნები მთლიანობაში ქვეყნის ეკონომიკის მდგრადობას და გლობალურ ჭრილში მათ კონკურენტუნარიანობას ასახავენ.

საქართველოს საკრედიტო რეიტინგი სამივე ძირთადი სააგენტოს დასკვნით 2019 წლიდან უცვლელია და BB/Ba2 დონეს (Fitch; S&P; Moody’s) შეადგენს. გასული რამდენიმე წლის განმავლობაში რამდენჯერმე შეიცვალა რეიტინგის მოლოდინი და პანდემიისას ის “ნეგატიურით” შეიცვალა, თუმცა 2021 წელს ის კვლავ “სტაბილურით” შეიცვალა.

რამდენად მაღალია საქართველოს საკრედიტო ქულა?

სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ორ ძირითად ნაწილად იყოფა, ესენია “საინვესტიციო” და “არასაინვესტიციო” კატეგორიები. სარეიტინგო სკალაზე ყველაზე მაღალი ქულაა AAA/Aaaa, ხოლო ყველაზე დაბალი საინვესტიციო კატეგორიის ქულაა BBB-/Baa3. საქართველოს შეფასება კი მასზე ორი საფეხურით დაბალია. საინვესტიციო კატეგორიის მიღებამდე, ის ჯერ “BB+” მდე უნდა გაიზადოს, ხოლო შემდეგ კი BBB-/Baa3 -მდე.

როგორც Fitch-ის, ასევე S&P-ის სკალაზე “BB-”-დან “BB” დონემდე ზრდას საქართველოს რვა წელი დასჭირდა. Moody’s-ი იყო პირველი, რომელმაც 2017 წლის ბოლოს რეიტინგი ერთი საფეხურით გაზარდა, თუმცა მასთანაც ერთი საფეხურის მომატებას შვიდი წელი დასჭირდა.

იმის მიუხედავად, რომ მთავრობის წარმომადგენლებს არაერთხელ განუცხადებიათ, რომ საქართველოს მიზანია საინვესტიციო კატეგორიის რეიტინგის მიღება, ამის შესახებ არაფერია ნათქვამი 219-გვერდიან სტრატეგიულ დოკუმენტ “ხედვა 2030”-ში. შესაბამისად, მთავრობა ამ მხრივ სამიზნე მაჩვენებლების ოფიციალურად დოკუმენტურად დაფიქსირებას ერიდება.

იმის გათვალისწინებით, რომ რეიტინგის ბოლო ცვლილება 2019 წელს იყო, ხოლო წინა ზრდას 8 წელი დასჭირდა, საინვესტიციო კატეგორიის ქულის მიღებამდე საქართველოს კიდევ 10-15 წელი შეიძლება აშორებდეს.

რაც შეეხება ერთი ნაბით წინსვლას და “BB+” რეიტინგის მიღებას, მისთვის მთავარი წინაპირობა მაკროეკონომიკური მოწყვლადობის კლება და მშპ ერთ მოსახლეზე მაჩვენებლის ზრდაა.

რა შემთხვევაში გაიზრდება ქვეყნის რეიტინგი:

უკანასკნელი სარეიტინგო სააგენტო, რომელმაც საქართველოზე შეფასება განაახლა, იყო Fitch-ი, რომელმაც 29 ივლისს, რეიტინგი უცვლელად “BB”-ზე დაადასტურა, ხოლო რეიტინგის მოლოდინი უცვლელად “სტაბილურზე” შეინარჩუნა.

Fitch-მა საქართველოსთვის დაასახელა ორი მთავარი ფაქტორი, რომელთა გაუმჯობესებასაც რეიტინგის ზრდა შეიძლება მოჰყვეს, ესენია:

• საგარეო ფინანსები: საგარეო მოწყვლადობის შემცირება, მაგალითად, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირება და მისი ჯგუფში შემავალ სხვა ქვეყნებთან დაახლოება. ასევე სახელმწიფო სავალუტო რეზერვების ზრდა;

• მაკროეკონომიკა: ძლიერი და მდგრადი მშპ-ის ზრდა, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს ისეთი მაკროეკონომიკური მოწყლადობის შემცირება, როგორიცაა მაგალითად მაღალი დოლარიზაცია და ქვეყნის მშპ-ერთ მოსახლეზე მაჩვენებლის ზრდა.

მნიშვნელოვანია გარემოება, რომ 2020 წლის 7%-იანი რეცესიის შემდეგ, საქართველოს ზედიზედ ორი წელია ორნიშნა ეკონომიკური ზრდა აქვს. 2021 წელს ეს 10.5% იყო, ხოლო მიმდინარე წლის 10 თვეში კი ზრდა 10% იყო. ამ შედეგების და ლარის კურსის უკანასკნელი გამყარების ფონზე, გაიზარდა საქართველოს მშპ-ის ზომა და მთავრობის პროგნოზით, მომდევნო წელს ერთ მოსახლეზე მაჩვენებელი 7,916 დოლარი უნდა გახდეს. ეს 2020 წლის მაჩვენებელთან შედარებით 2,901 დოლარით, ანუ 58%-ით მეტია.

ამასთანავე, შედარებით გაუმჯობესებულია საქართველოს მიმდინარე ანგარიშის დეფიცტის მაჩვენებელი. 2019 წელს ის მშპ-ის 5.9% იყო, რაც 2020-ში 12.5%-მდე გაიზარდა, 2021-ში 10.4%-მდე იკლო, ხოლო წელს 5.7%-მდე შემცირდება. მომდევნო წლისთვის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 6.4%-ზე არის პროგნოზირებული.

შესაბამისად, ამ მხრივ გაუმჯობესება შეიმჩნევა, თუმცა საბოლოო ჯამში ის მაინც პანდემიამდელი დონის ანალოგიური იქნება. ამ მხრივ რეალური გაუმჯობესება სავარაუდოდ, დეფიციტის განახევრება იქნება.

უფრო დიდი წინსვლაა დოლარიზაციის შემცირების კუთხით, საბანკო სესხების 55% უკვე ლარშია ნომინირებული, მაშინ როდესაც 2019 წელს ის 45%-ზე ნაკლები იყო. თუმცა სავარაუდოდ, საკრედიტო სარეიტინგო სააგენტოების მიერ ამ მხრივ გაუმჯობესების მოლოდინი მდგომარეობს იმაში, რომ სესხების კიდევ უფრო მეტი ნაწილი მაინც იყოს ეროვნულ ვალუტაში ნომინირებული.

რაც შეეხება სავალუტო რეზერვებს მათი მოცულობა ამჟამად 4.4 მილიარდი დოლარია, როდესაც 2019 წელს, ანუ საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესების დროს რეზერვები 3.3 მილიარდ დოლარზე იყო. თუმცა, არსებული ზრდა მათ შორის საქართველოს მიერ პანდემიისას მოზიდული საგარეო დაფინანსებითაც არის განპირობებული.

2022 წლის მაღალი ეკონომიკური ზრდა უპრეცედენტო მიგრაციულმა ნაკადმა განაპირობა, რომლის მსგავსიც ქვეყნის დამოუკიდებლობის 30 წლის განმავლობაში არ ყოფილა. საქართველოში ასი ათასზე მეტი რუსი; უკრაინელი და ბელარუსი ხანგრძლივი ვიზიტორისს სტატუსით ჩამოვიდა, მათმა ფულადმა გზავნილებმა კი

სწორედ ამიტომ S&P-იმ საკუთარ მიმოხილვაში, რომელიც მიმდინარე წლის ოქტომბერში გამოქვეყნდა, აღნიშნა, რომ მიგრაციულმა ნაკადმა საქართველოს ეკონომიკა “დაბუსტა”. ამას წელს ლარის საგრძნობი გამყარებაც მოჰყვა. თუმცა, ამავე მიმოხილვაში საუბარია მაღალ გაურკვევლობაზე, რომელიც რეგიონის ეკონომიკაში კვლავ ნარჩუნდება.

2023 წელს მთავრობის პროგნოზით ეკონომიკური ზრდა სავარაუდოდ 5% იქნება. უფრო დაბალ, 4%-იან ზრდას პროგნოზირებს სავალუტო ფონდი, რომელიც მიგრაციული გადმორიცხვების შემცირებას მოელის.

უფრო გრძელვადიან ჭრილში ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით, 2024 წელს მშპ ერთ მოსახლეზე 8.6 ათასი დოლარი გახდება, ხოლო 2025-ში 9.3 ათასი დოლარი. თუმცა ამ მაჩვენებლებზე გასვლას ლარის კურსის სიმყარის შენარჩუნება და სტაბილური ეკონომიკური ზრდა ესაჭიროება.

საბოლოო ჯამში უცნობია, რამდენად იქნება საკმარისი ეს პარამეტრები, რათა საქართველომ მალე გაიუმჯობესეს საკრედიტო რეიტინგის მაჩვენებელი. ამას ემატება პოლიტიკური დაძაბულობა, რომელიც სამივე საკრედიტო სარეიტინგო სააგენტოს შეფასებაში ნეგატიურ ფაქტორად არის მოხსენიებული, ასევე ომი უკრაინაში, რამაც გეოპოლიტიკური ლანდშაფტი უკვე შეცვალა.