26.თებერვალი .2020 11:35

რა შემთხვევაში შეიძლება შეიცვალოს ლარის გამყარების ტრენდი - ლაშა ქავთარაძის მოსაზრება

views 1704
უკან

Galt&Taggart-ის ეკონომისტი ლაშა ქავთარაძე ბოლო დღეების განმავლობაში ლარის კურსის გამყარებასთან დაკავშირებით Facebook-ში პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს, რომელსაც bm.ge უცვლელად გთავაზობთ:

“ამ დღეებში ისმის კითხვა, ლირა უფასურდება, რუბლი უფასურდება, კორონავირუსის საფრთხეები გაზრდილია, რომლის გამოც დროებით შეჩერებულია ჩინეთიდან და ირანიდან პირდაპირი ფრენები საქართველოში, და ამ დროს ლარი მყარდება, რატომ?

პასუხი ამაზე არის რამდენიმე ფაქტორის ერთობლივად მოქმედება:

1) გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის შედეგია, რომ არარეზიდენტი ინვესტორების ინტერესი გაიზარდა მთავრობის ფასიანი ქაღალდების მიმართ, იანვრის მონაცემით გაოთხმაგებულია მათ მიერ შესყიდული სახაზინო ობლიგაციები;
2) უცხოურ ვალუტაში მოზიდულ დეპოზიტებზე სარეზერვო ნორმის დაწევამ საგრძნობლად გადაამისამართა ლარის სესხებიდან ევროს სესხებზე მოთხოვნა;
3) მთავრობის ხარჯვა დაგეგმილზე ნაკლები იყო იანვარში;
4) საგარეო შემოდინებების პოზიტიური ტრენდი წელსაც სახეზეა (იანვარში ტურიზმიდან შემოსავლები 17.6%-ით, ხოლო ფულადი გზავნილები 8.6%-ით გაიზარდა ;
5) სავაჭრო დეფიციტი წლიურად არ გაზრდილა, რადგან ექსპორტის ზრდის ტემპი 2.5-ჯერ მეტი იყო იმპორტის ზრდის ტემპზე;
6) ეროვნულმა ბანკმა გააჩინა ბაზარზე პოზიტიური მოლოდინი ლარის გამყარების კუთხით; უფრო მეტიც სებ-მა განაცხადა, რომ ინტერვენციებს არ განახორციელებს;
7) სეზონური გამყარების მოლოდინის ფონზე მეანაბრეებმა დოლარის დეპოზიტები დააკონვერტირეს ლარში (დეპოზიტების დოლარიზაცია შემცირდა იანვარში);
ამჟამად, ლარის გამყარების ტრენდი შეიძლება შეიცვალოს სწრაფად, თუ კორონავირუსის გამო მთავრობა იძულებული გახდება ფრენები შეაჩეროს სხვა ქვეყნებიდანაც....“, - წერს ლაშა ქავთარაძე.

25 თებერვლის ოფიციალური კურსით, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.7946 ლარს შეადგენს, რაც უკანასკნელი შვიდი თვის განმავლობაში ყველაზე მყარ გაცვლით კურსს წარმოადგენს. 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა