29.აპრილი .2021 12:15

რა შემთხვევაში შეიძლება შემცირდეს საპენსიო სესხებზე პროცენტი? - სებ-ის პრეზიდენტის მოსაზრება

რა შემთხვევაში შეიძლება შემცირდეს საპენსიო სესხებზე პროცენტი? - სებ-ის პრეზიდენტის მოსაზრება
views 318
უკან

არ ვფიქრობ, რომ საპენსიო სესხზე პროცენტის დასაწევად ეროვნულ ბანკს კიდევ რაიმეს გაკეთება შეუძლია, - ასე უპასუხა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას იმის შესახებ, თუ რას გააკეთებს სებ-ი, რომ პროცენტი შემცირდეს.

„არ ვფიქრობ, რომ ეროვნულ ბანკს უფრო მეტის გაკეთება შეუძლია. ვფიქრობ, ამ შემთხვევაში ეს არის მაქსიმუმი“, - თქვა კობა გვენეტაძემ.

კითხვაზე, შემცირდება თუ არა პროცენტი უახლოეს მომავალში? - სებ-ის პრეზიდენტი პასუხობს, რომ ამის თქმა არ შეუძლია.

„ვერ გეტყვით. საპროცენტო განაკვეთი ბევრ რამეზეა დამოკიდებული, იმაზე, როგორი რისკებია ქვეყანაში, ასევე როგორი ეკონომიკური ზრდაა. მით უმეტეს ახლა განსაკუთრებული სიტუაციაა“, - აღნიშნა კობა გვენეტაძემ.

რაც შეეხება იმას, თუ რას ურჩევს სებ-ის პრეზიდენტი მთავრობას, რა უნდა გააკეთოს საკითხის დასარეგულირებლად, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ფიქრობს, რომ აქ შეიძლება კონკურენციის გაზრდა.

"თუ კონკურენცია გაიზრდება, ტენდერის საშუალებით მოხდება იმ ბანკების შერჩევა, რომელიც პენსიებს დაარიგებს, შესაძლებელია, აქ იყოს ზუსტად რესურსი, რომლითაც შესაძლებელი იქნება საპროცენტო განაკვეთის შემცირება“, - აღნიშნა მან.

კობა გვენეტაძემ საკითხზე საუბრისას გაიხსენა, რომ როცა სებ-ში მუშაობა დაიწყო, საპენსიო სესხებზე პროცენტი 120%-დან 200%-მდე იყო.

„როცა მე ეროვნულ ბანკში დავიწყე მუშაობა, საპროცენტო განაკვეთი იგივე პენსიონერების სესხებზე დაახლოებით 120%-დან 200%-მდე იყო, ხოლო დღეს 31%-ზე ვლაპარაკობთ. ანუ საკმაოდ ბევრი რამ გაკეთდა ამასთან დაკავშირებით. საკითხის განხილვა იყო პარლამენტში, საკმაოდ დიდი და სხვადასხვა ღონისძიებებია გასაკეთებელი, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ თუ პენსიონერების სესხებს შევადარებთ არაპენსიონერების სესხებთან, ეს დაახლოებით ერთიდაიგივეა. ანუ არ ნიშნავს, რომ დისკრიმინაციულ სიტუაციაში არიან“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ და განმარტა, რომ საუბარი აქვს შესადარის არაუზრუნველყოფილ სესხებზე, რასაც ბანკი ამატებს გარდაცვალების რისკს. საკითხზე მან "რუსთავი 2"-ის ეთერში ისაუბრა.