მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შემთხვევაში უნდა გადაიხედოს ბიუჯეტის ხარჯები - IMF-ის რეკომენდაცია

60745e4486bcb
შოთა ტყეშელაშვილი
12.04.21 19:05
902
საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, რომ ეპიდემური თვალსაზრისით ვითარების გამწვავების შემთხვევაში, ქვეყანამ ახალი სოციალური დახმარებების გაცემა ბიუჯეტის შიდა ეკონომიის მეშვეობით განახორციელოს და არა ახალი ვალების აღების გზით. 

"თუ პანდემიის ახალი ტალღის გამო მეტი ფისკალური დახმარება გახდება საჭირო, პირველ რიგში, ბიუჯეტით დაგეგმილი ხარჯების პრიორიტეტულობა უნდა გადაიხედოს," - ნათქვამია სავალუტო ფონდის მიერ დღეს გამოქვეყნებულ განცხადებაში. 

შესაბამისად, IMF მიიჩნევს, რომ არსებულ ვითარებაში საქართველოს ეკონომიკისთვის ახალი ვალის აღება განსაკუთრებულად პრობლემური იქნება, ამიტომაც მთავრობას აძლევს რეკომენდაციას კრიზისის გამწვავების შემთხვევაში ბიუჯეტის ხარჯების პრიორიტეტები უკეთ იყოს განსაზღვრული. IMF-ის ეკონომიკური ანგარიშის თანახმად, წელს საქართველოს სახელმწიფო ვალის ნიშნული მშპ-ის 63.8%-ს მიაღწევს. ფონდმა რამდენიმე დღის წინ ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.3%-დან 3.5%-მდე შეამცირა.

საქართველოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის არსებული 4-წლიანი პროგრამა დასრულდა. პროგრამის დასრულებასთან და მის მერვე მიმოხილვასთან დაკავშირებით ფონდმა დღეს განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, მიმოხილვის დასრულების შედეგად, საქართველოსთვის $111 მილიონი დოლარის რესურსი გახდა ხელმისაწვდომი. 

IMF აღნიშნავს, რომ "გაფართოებული დაფინანსების მექანიზმი" საქართველოს 2020 წლის ეკონომიკური შოკის გადალახვაში დაეხმარა. 

საერთაშორისო სავალუტო ფონდის განცხადება:

"საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ საქართველოს ეკონომიკური რეფორმის პროგრამის მერვე მიმოხილვა ფორმალური განხილვის გარეშე დაასრულა. ამ პროგრამას სსფ „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ ფარგლებში 4-წლიანი დაფინანსებით უჭერს მხარს. ეს არის ამ პროგრამის ბოლო მიმოხილვა და მისი დასრულებისას საქართველოსთვის ხელმისაწვდომი გახდება 78 მილიონი SDR (დაახლოებით $111 მილიონი აშშ დოლარი). ამ ტრანშის შემდეგ, საქართველოს მთლიანი ჩამორიცხვები 484 მილიონი SDR (დაახლოებით $687 მილიონი აშშ დოლარი) იქნება.

გადაადგილებისა და ეკონომიკური აქტივობის შეზღუდვებმა ეკონომიკური ზრდა შეაფერხა და 2020 წელს ეკონომიკა 6.2%-ით შემცირდა. ხელისუფლების მიერ გატარებულმა ზომებმა ხელი შეუწყო პანდემიით გამოწვეული ადამიანური დანაკარგის შემცირებას და მართებულად იყო მიმართული ყველაზე მოწყვლადი კატეგორიის დაცვისკენ. COVID-19-ის მეორე ტალღის წარმატებით გავლის და ვაქცინაციის დაწყების კვალდაკვალ, საქართველო პანდემიასთან ბრძოლაში, პოტენციურად, გარდამტეხ ეტაპზე დგას. შემდგომი ნაბიჯების შედეგად, COVID-19 საბოლოოდ კონტროლს უნდა დაექვემდებაროს, ეკონომიკა აღდგეს და მაკროეკონომიკური პოლიტიკის დისციპლინა რთულ გარემოშიც შენარჩუნდეს. საბაზო პროგნოზით, სწრაფი აღდგენა 2021 წლის მეორე კვარტალში დაიწყება და წლის განმავლობაში მთლიანი შიდა პროდუქტის 3.5%-იანი ზრდაა მოსალოდნელი.

2021 წლის ბიუჯეტი მართებულად აწვდის დამატებით მიზნობრივ დახმარებას მოწყვლად ოჯახებს და ბიზნესებს პანდემიის შედეგებთან გასამკლავებლად. თუ პანდემიის ახალი ტალღის გამო მეტი ფისკალური დახმარება გახდება საჭირო, პირველ რიგში, ბიუჯეტით დაგეგმილი ხარჯების პრიორიტეტულობა უნდა გადაიხედოს. გაზრდილი სახელმწიფო ვალი და მნიშვნელოვანი პირობითი ვალდებულებები, სანდოობის შესანარჩუნებლად ფისკალური წესის დაცვას განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს. ფისკალური რისკების პროაქტიული მონიტორინგი კვლავ არსებითია და სახელმწიფო საწარმოების რეფორმის გატარება ხელს შეუწყობს ამ რისკების კონტროლსა და შემცირებას.

ერთმანეთის მიყოლებით მომხდარი შოკების შედეგად, რომლებიც უკავშირდებოდა ჯერ 2019 წლის მეორე ნახევარში მოგზაურობაზე შეზღუდვის დაწესებას, შემდეგ კი, 2020 წლის დასაწყისიდან პანდემიის გამოვლენას და, ასევე, ბოლო პერიოდში სავაჭრო პარტნიორის ვალუტის მერყეობის გადმოცემას, ლარი განმეორებადი ზეწოლის ქვეშ მოექცა. საქართველოს ეროვნული ბანკი სათანადოდ არის კონცენტრირებული ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის მიღწევაზე, რაც საქართველოს მაკროეკონომიკური პოლიტიკის ჩარჩოს ქვაკუთხედს წარმოადგენს. პოლიტიკის განაკვეთის ბოლოდროინდელი ზრდა ინფლაციის მოლოდინების ზრდას უკავშირდება, იმ ფონზე, რომ ინფლაცია მის მიზნობრივ დონეს მეტნაკლებად ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე აღემატება. თუკი საგარეო სექტორიდან მომდინარე ზეწოლა შენარჩუნდება, შესაძლოა, პოლიტიკის განაკვეთის შემდგომი ზრდა გახდეს საჭირო. მთლიანობაში, ინფლაციის თარგეთირების ჩარჩო, მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმთან ერთად, საქართველოს კარგ სამსახურს უწევს და ბაზრის გაუმართავი მუშაობის თავიდან ასაცილებლად მიმართული სავალუტო ინტერვენციები უნდა გაგრძელდეს.

ფინანსურმა სექტორმა მომგებიანობა 2020 წელსაც შეინარჩუნა და საბანკო სისტემამ შეძლო ადეკვატური ბუფერების შენარჩუნება COVID-19-ის შოკთან გასამკლავებლად, რაც კრიზისამდე არსებული საზედამხედველო რეჟიმის ეფექტურობას ასახავს. სამომავლოდ საზედამხედველო პოლიტიკამ უნდა დააბალანსოს, ერთი მხრივ, აღდგენის მხარდაჭერა და, მეორე მხრივ, პროაქტიულად გაუმკლავდეს უმოქმედო სესხების ზრდას. ბანკების რეზოლუციის ახალი ჩარჩო ფინანსურ მდგრადობას კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს. გონივრულ მაკროეკონომიკურ პოლიტიკასთან ერთად, მდგრადი და ინკლუზიური აღდგენის პროცესისთვის აუცილებელია სტრუქტურული რეფორმების გაგრძელება. მოკლევადიან პრიორიტეტებში შედის გადახდისუუნარობის ჩარჩოს კანონმდებლობის ამუშავება COVID-19 შოკის შედეგებთან გასამკლავებლად და განათლების რეფორმა", - ნათქვამია IMF-ის განცხადებაში.