მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შემთხვევაში ხედავს კონკურენციის სააგენტო ჰოლდინგების დაშლის და ფასთწარმოქმნის რეგულირების საჭიროებას?

61dd65dd113a0
ელენე გოგბერაშვილი
11.01.22 23:12
617
საქართველოს კონკურენციის სააგენტომ ფარმაცევტული ბაზრის სამწლიანი მონიტორინგის საბოლოო დასკვნა გამოაქვეყნა. აღნიშნული ანგარიშის მიხედვით, კონკურენციის სააგენტო სახელმწიფოს 13 რეკომენდაციას აძლევს, მათ შორისაა აუცილებელი წესით ჯენერიკული მედიკამენტების სამედიცინო რეცეპტში მითითების წესების განსაზღვრა, ასევე GMP სტანდარტების და ელექტრონული რეცეპტის სისტემის დანერგვა. დოკუმენტი შეეხება თავად ფარმაცევტული კომპანიების სტრუქტურას და მათ ორგანიზაციულ მოწყობასაც.

კონკურენციის სააგენტო სახელმწიფოს მოუწოდებს, დაწესდეს შემზღუდავი ნორმები ბაზრის ჰოლდინგურ სტრუქტურასთან მიმართებით, თუმცა როგორც სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი ლექვინაძე bm.ge-სთან აცხადებს, ეს საკითხი დღის წესრიგში იმ შემთხვევაში უნდა დადგეს, თუ პირველი რიგის რეკომენდაციების აღსრულება ბაზარზე სურათს ვერ შეცვლის.

„ვფიქრობთ, ბაზარზე არის არაკეთილსინდისიერი მარკეტინგის ფაქტები, არიან რიგი მცირე იმპორტიორი კომპანიები, რომელთა მარჟები არის 200-300 და 1000%-ის ფარგლებშიც კი, რომელთაც აქვთ გარანტირებული მოთხოვნა კონკრეტულ წამლებზე. ეს ნიშნავს, რომ გარკვეული სუბიექტები შესაძლოა გარკვეული გარიგების საფასურად მოქალაქეებს უნიშნავენ იმ მედიკამენტებს, სადაც მათ გააჩნიათ ინტერესი. აი ამ სისტემის მოშლა უნდა უზრუნველყოს ელექტრონულმა ჯენერიკულმა რეცეპტმა.

ჩვენი რეკომენდაციები დაყოფილია პირველი რიგის და გადაუდებელი მნიშვნელობის რეკომენდაციებად, რაც გულისხმობს სწორედ ასეთი სისტემის შექმნას, ელექტრონული და ჯენერიკული რეცეპტი და მასთან დაკავშირებული აღსრულების და კონტროლის მექანიზმების ჩამოყალიბებას, მათ შორის სანქცირების მექანიზმების გაძლიერებას, მათ შორის როგორიც არის ფარმაცევტსა და მოქალაქეს შორის ურთიერთობების უზრუნველყოფა, კომპანიასა და ექიმს შორის ურთიერთობის გამჭვირვალობა და ხარისხობრივი სტანდარტის შემოღება.

ესაა პირველი რიგის რეკომენდაციები, რაც მნიშვნელოვანია განხორციელდეს. მეორე რიგის რეკომენდაციები მხოლოდ დაკვირვების და შეფასების შემდგომ შეიძლება იყოს განხორციელებული. ეს არის ორი რეკომენდაცია, ერთი გულისხმობს ჰოლდინგებთან დაკავშირებით მიდგომის ჩამოყალიბებას. ჩვენ ვამბობთ, რომ დღეს, როდესაც არ არსებობს ელექტრონული და ჯენერიკული რეცეპტი, ჰოლდინგური სტრუქტურები უფრო მეტად ატარებს კომერციულ ინტერესს, ვიდრე მოქალაქეზე ორიენტირებულს, თუმცა ამ სისტემის ცვლილების შემდეგ თუ პირობები იცვლება არანაირი პრობლემა ჰოლდინგურ სისტემასთან არ არის და ფასთწარმოქმნის გადახედვის საკითხიც დამოკიდებულია პირველადი თემების განხორციელების შემდეგ.

თუ მაინც ხდება დაუსაბუთებლად მაღალმარჟიანი მედიკამენტების სტიმულირება, ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია გამოყენებულ იქნას ეს მეთოდი“, - აცხადებს ლექვინაძე და დასძენს, რომ „ძირითად ნაწილში მათ რეკომენდაციებს აქვს მხარდაჭერა, მათ შორის კერძო სექტორიდანაც“.