მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შემთხვევაშია მისაღები 12 წელს ზემოთ ბავშვების covid-ზე აცრა? - თემურ მიქელაძის რეკომენდაცია

613874fd04677
ვიქტორია მღებრიშვილი
08.09.21 12:37
915
ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძე დღეს ვაქცინაციის საბჭოს დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ 12 წელს ზემოთ ბავშვების ვაქცინაციის რამდენიმე შემთხვევა საქართველოში უკვე იყო და საბჭომ ამ ასაკის ბავშვების აცრების საკითხზე დღესაც იმსჯელა.

თუმცა მიღებული იქნება თუ არა გადაწყვეტილება 12 წელს ზომოთ ბავშვების აცრის შესახებ, ამ კითხვაზე ჟურნალისტებს დეტალური პასუხი იმუნიზაციის ეროვნული საბჭოს წევრმა და პედიატრმა თემურ მიქელაძემ გასცა.

მისი განმარტებით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას საბჭო ალბათ მალე მიიღებს, თუმცა მანამდე 12 წელს ზემოთ ბავშვების ვაქცინაცია მხოლოდ მშობლის მიმართვის საფუძველზე შეიძლება, თუ ბავშვს მძიმე ქრონიკული დაავადება აქვთ.

„ვაქცინაციის გამონაკლისის დაშვება მოხდება მშობლების მომართვის საფუძველზე, რამეთუ არასრულწლოვნები მშობელთა ინფორმირებული თანხმობით იცრებიან. ვისაც აქვს სურვილი, დღესვე შეუძლია მიმართოს ოჯახის ექიმს, რომელიც ავსებს სპეციალურ ფორმა 100-ს. ის იგზავნება სამინისტროში და მყისიერი რეაგირებით მეორე-მესამე დღეს ეს ბავშვები აიცრებიან. ეს უნდა იყოს მშობლის ნება და ოჯახის ექიმმაც უნდა დაარწმუნოს, რომ ამ ბავშვს აქვს ისეთი ქრონიკული დაავადება, რომლისთვისაც კორონავირუსი შეიძლება მომაკვდინებელი იყოს და ერთი ასეთი შემთხვევა ჩვენ უკვე გვქონდა. აქ საუბარია 12-დან 15 წლამდე მოზარდებში მძიმე ნევროლოგიური, გენეტიკური პათოლოგია, ფილტვის ქრონიკული უკმარისობა, გულის თანდაყოლილი პათოლოგია თუ ა.შ. შემთხვევებზე“, - განმარტა თემურ მიქელაძემ.

მან საქართველოში 12 წელს ზემოთ ბავშვების ვაქცინაციის ერთეულ შემთხვევებზე ისაუბრა და მშობლებს ბავშვების კოვიდ საწინააღმდეგო ვაქცინით აცრისთვის რეკომენდაცია მისცა.

„ჩემი მიმართვით რამდენიმე ბავშვი უკვე აიცრა. ეს იყო ერთეული შემთხვევა, სადაც განსაკუთრებული ქრონიკული დაავადებები იყო და სწორედ ამ შემთხვევაში ვაქცინაცია აუცილებელი იყო. ჩვენ ვიყავით პირველები პოსტსაბჭოთა სივრცეში, ვინც დაახლოებით 1 თვის წინ 12 წელს ზემოთ ბავშვებში კოვიდ საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაატარა. კონკრეტულად ჩემი 3 პაციენტი იყო - 12, 12 და 15 წლის. მათ აცრა რეაქციის გარეშე გადაიტანეს, ერთი მათგანი დაინფიცირდა და მსუბუქი ფორმით გადაიტანა, შესაბამისად, ერთი თვე გავიდა და მეორე დოზასაც დავამატებთ.

მე ტექნიკური იმუნიზაციის ეროვნული საბჭოს წევრი ვარ და ჩემი რეკომენდაცია იქნება, რომ განსაკუთრებით რისკჯგუფის ბავშვებს ვაქცინაცია უნდა ჩაუტარდეთ. რაც შეეხება ბავშვებს, რომელთაც არანაირი პათოლოგია არ აქვთ, რამდენიმე ათასი პაციენტი გავატარე და აქედან გამომდინარე ჰოსპიტალიზაციის შემთხვევა თითზე ჩამოსათვლელი იყო, მათ კორონავირუსული ინფექციის პერიოდში განსაკუთრებული მძიმე მიმდინარეობა არ ჰქონიათ, ამიტომ რისკჯგუფის არმქონე ბავშვებთან აცრა აუცილებელი არ არის... ეს ვაქცინები მაქსიმალურად სჯობს იმ მოწყვლადი ჯგუფებისთვის გამოვიყენოთ, რომელთათვისაც კორონავირუსული ინფექცია შეიძლება ლეტალობით დასრულდეს“, - განმარტა პედიატრმა.