მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შენიშვნები აქვს აუდიტის სამსახურს 2021 წლის ბიუჯეტის კორექტირებაზე?

60f05475ba194
შოთა ტყეშელაშვილი
15.07.21 19:52
1059
მთავრობა 2021 წლის ბიუჯეტის კორექტირებას და მისი ხარჯების 1.1 მილიარდი ლარით გაზრდას გეგმავს. უკვე მეორე კვირაა პარლამენტში წარდგენილი ცვლილებები განიხილება. დღეს გამოქვეყნდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნა, რომელშიც უწყება ბიუჯეტის პროექტის მრავალ ნაკლოვანებაზე საუბრობს. აუდიტის სამსახური აცხადებს, რომ დოკუმენტიდან ვერ დგინდება, თუ როგორ იცვლება სსიპ-ებისა და აიპ-ების დაფინანსება, რადგანაც ისინი მთავრობამ ბიუჯეტის პროექტში არ შეიყვანა.

ხარჯვით ნაწილთან ერთად აუდიტის სამსახურს კითხვები და შენიშვნები აქვს ბიუჯეტში არსებულ მაკროეკონომიკურ პროგნოზებთან და ეკონომიკური შოკების ანალიზთან დაკავშირებითაც.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშში მოყვანილი შენიშვნები:

"საყურადღებოა, რომ წარმოდგენილი კანონპროექტის ფარგლებში არ მომხდარა კაპიტალური პროექტების დანართის განახლება. შესაბამისად, პროექტი არ იძლევა ინფორმაციას, თუ რა მასშტაბის ცვლილებები განიცადა საინვესტიციო პროექტებმა და რა ღონისძიებების განხორციელება იგეგმება მიმდინარე ფისკალურ წელს.

არ მომხდარა სსიპ/ა(ა)იპ-ების ბიუჯეტების შესახებ განახლებული ინფორმაციის წარმოდგენა, რაც შეუძლებელს ხდის იმის ანალიზს, თუ რა გავლენას ახდენს ცვლილების პაკეტი საბიუჯეტო ორგანიზაციებზე და რა მოცულობის რესურსის მობილიზება/განკარგვა იგეგმება მათ მიერ. აღნიშნული წარმოადგენს საჯარო ფინანსების მართვის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების კუთხით არსებულ ნაკლოვანებას, რაზეც ყურადღება იქნა გამახვილებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გასული წლების მოხსენებებში.

კანონპროექტს თან ახლავს პროგრამული ბიუჯეტის დანართი, პროგრამების/ქვეპროგრამების მიზნობრივი მაჩვენებლების ცვლილების შესახებ. მოცემულ დოკუმენტში არ მომხდარა ყველა იმ პროგრამის/ქვეპროგრამის მიზნობრივი მაჩვენებლის დაკორექტირება, რომელსაც შეეცვალა ასიგნებების მოცულობა.

საყურადღებოა, რომ წარმოდგენილი ეკონომიკური შოკების ანალიზი, ძირითად შემთხვევაში, არ იძლევა დეტალურ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რისკების სხვადასხვა ხარისხით მატერიალიზაცია რა მასშტაბით მოახდენს გავლენას ეკონომიკურ პარამეტრებზე.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ დოკუმენტში წარმოდგენილი რისკ-ფაქტორები და მათგან გამოწვეული ეფექტები ეფუძნებოდეს შესაბამის რაოდენობრივ ინდიკატორებს, რაც შესაძლებელს გახდის მოცემული შოკების რეალიზაციის შეფასებასა და ანალიზს. ასევე, მიზანშეწონილია, დოკუმენტი მოიცავდეს კონკრეტულ ინფორმაციას თითოეული სცენარის შემთხვევაში, რისკების მატერიალიზაციასთან დაკავშირებული დაშვებების შესახებ,"- ნათქვამია დოკუმენტში.

უფრო ვრცლად, თუ რა იცვლება 2021 წლის ბიუჯეტში გაიგეთ სტატიაში.