მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შენიშვნები აქვს აუდიტის სამსახურს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტზე?

616d590402862
დავით ჯალაღონია
18.10.21 15:19
900
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველად პროექტზე დასკვნა და შესაბამისი რეკომენდაციები მოამზადა, რაც ბიუჯეტის განხილვის პროცესში, პარლამენტის საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე
წარადგინა.

"პანდემიის განმეორებითი ტალღების პირობებში მნიშვნელოვანია ფისკალური დისციპლინის მდგრადობა და ფისკალური პოლიტიკის პასუხების სწორად განსაზღვრა. აქედან გამომდინარე, ბიუჯეტის კანონპროექტის შემდგომი განხილვის პროცესში, მიზანშეწონილია, გათვალისწინებულ იქნეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შემდეგი რეკომენდაციები:

ბიუჯეტის კანონპროექტზე თანდართული „ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების“ დოკუმენტში 2021 და 2022 წლებისთვის წარმოდგენილი ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებლები საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პროგნოზებთან შედარებით ოპტიმისტურია;

„მაკროეკონომიკური სცენარების ანალიზის“ დოკუმენტში წარმოდგენილი ეკონომიკური შოკები და მათგან გამოწვეული ეფექტები უნდა ეფუძნებოდეს შესაბამის რაოდენობრივ ინდიკატორებს, რაც შესაძლებელს გახდის მათი რეალიზაციის შეფასებას და ანალიზს;

საყურადღებია, რომ ბიუჯეტის პროექტს არ ახლავს ინფორმაცია პესიმისტური და ოპტიმისტური ეკონომიკური სცენარების რეალიზების შემთხვევაში ფისკალური პოლიტიკის შესაბამისი პასუხების შესახებ", – წერს აუდიტის სამსახური.

აქვე, უწყება აღნიშნავს, რომ მიზანშეწონილია, ბიუჯეტის კანონპროექტის გადამუშავებულ ვერსიაში გადაიხედოს "მაკროეკონომიკური სცენარების ანალიზის" დოკუმენტში ასახული რისკები.

"ფისკალური რისკების კუთხით, აღსანიშნავია, რომ კანონპროექტში წარმოდგენილი ანალიზი არ იძლევა საშუალებას ერთმანეთისგან გამიჯნულად იქნეს გაანალიზებული სახელმწიფო მმართველობის სექტორად და სახელმწიფო კორპორაციების სექტორად დაკლასიფიცირებული საწარმოების ფინანსური მაჩვენებლები. იმის გათვალისწინებით, რომ საწარმოთა აღნიშნული კატეგორიები ფისკალურ რისკებს წარმოქმნის განსხვავებული ფორმით, მიზანშეწონილია, პროექტის გადამუშავებულ ვერსიაში ისინი გამიჯნულად იქნეს წარმოდგენილი;

სახელმწიფო საწარმოთა უარყოფითი ფინანსური შედეგების პირობებში, მათი აქტივების მნიშვნელოვანი ნაწილი ვალდებულებებით ფინანსდება, რაც სახელმწიფოს წინაშე არსებული ფისკალური რისკების ერთ-ერთ მნიშვნელოვან წყაროს ქმნის;

საყურადღებოა ასევე, ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვისა (PPA) და საჯარო კერძო თანამშრომლობის (PPP) პროექტები, რომლებიც ფისკალური რისკების მნიშვნელოვანი წყაროა. „ფისკალური რისკების ანალიზის“ დოკუმენტში მოცემული ანალიზით, PPA პროექტებიდან მოსალოდნელი პირობითი ვალდებულებების პოტენციური მოცულობა 300 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. აქედან 30%-ის რეალიზების ალბათობა მაღალია;

საჯარო ფინანსების სტატისტიკის წარმოების მიზნებისათვის საქართველოს კანონმდებლობაში პირობითი ვალდებულებების ცნება განმარტებული არ არის. საჯარო ფინანსების სტატისტიკის წარმოების მიზნებისთვის, მნიშვნელოვანია, ფინანსთა სამინისტრომ უზრუნველყოს საკანონმდებლო დონეზე პირობითი ვალდებულებების განმარტება, მათი მოცულობის შეფასება და შესაბამის საბიუჯეტო დოკუმენტებში წარმოდგენა;

2022 წლის ერთიანი ბიუჯეტის დეფიციტი „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ ორგანული კანონით განსაზღვრული 3.0%-იანი ნიშნულის მიღმაა დაგეგმილი და 4.3%-ს შეადგენს. საშუალოვადიანი პროგნოზით, ბიუჯეტის დეფიციტი დადგენილი ზღვარის ფარგლებში 2023 წელს ბრუნდება (პროგნოზირებულია 2.8%-ის დონეზე);

ორგანული კანონით განსაზღვრული ვალის წესის საპროგნოზო მაჩვენებელი, რომელიც მთავრობის ვალთან ერთად PPP პროექტების ფარგლებში აღებული ვალდებულებების მიმდინარე ღირებულებასაც მოიცავს, 52.7%-ს უტოლდება და 60%-იანი ნიშნულის ფარგლებშია. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული მაჩვენებელი არ მოიცავს სამთავრობო სექტორად დაკლასიფიცირებული სახელმწიფო საწარმოების ვალდებულებებს. ამ კომპონენტის გათვალისწინებით, ვალის წესის საპროგნოზო მაჩვენებელი 53.2%-მდე იზრდება;

კანონპროექტზე თანდართულ „ვალის მდგრადობის ანალიზში“ გამოყენებული მოდელი არ ითვალისწინებს სამთავრობო სექტორად დაკლასიფიცირებული სახელმწიფო საწარმოების ვალდებულებებს, PPP პროექტების ფარგლებში აღებულ ვალდებულებებსა და მოკლევადიანი ვალის კომპონენტს. გარდა ამისა, მიზანშეწონილია, ვალის მდგრადობის ანალიზი ჩასატარებლად ფინანსთა სამინისტრომ გამოიყენოს განახლებული მეთოდოლოგია;

საყურადღებოა, რომ მთავრობის ვალის მართვის მოქმედი სტრატეგია მოიცავს 2019-2021 წლების პერიოდს და მისი განახლება ამ დრომდე არ მომხდარა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, მნიშვნელოვანია, 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის დამტკიცებამდე ფინანსთა სამინისტომ წარმოადგინოს ახალი სტრატეგია, რომელშიც ასახული იქნება მთავრობის ხედვა ვალის მართვის საკითხებთან დაკავშირებით საშუალოვადიანი პერიოდისთვის;

მიუხედავად პროგრესისა, პროგრამული ბიუჯეტი ჯერ კიდევ არ წარმოადგენს ბიუჯეტის კანონის ნაწილს და სისტემური ხარვეზებით ხასიათდება. მიზანშეწონილია, გაგრძელდეს მუშაობა პროგრამების მოსალოდნელი შედეგებისა და შეფასების ინდიკატორების შემდგომ სრულყოფასა და გაუმჯობესებაზე. ასევე, მნიშვნელოვანია, შემუშავდეს სამოქმედო გეგმა, სადაც გაწერილი იქნება პროგრამული ბიუჯეტის გაუმჯობესებისთვის განსახორციელებელი კონკრეტული აქტივობები შესაბამისი ვადებითა და პასუხისმგებელი უწყებებით", – ნათქვამია აუდიტის სამსახურის დასკვნაში.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, გარდა დასკვნაში მოცემული შენიშვნებისა, „2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი "სათანადოდ არის მომზადებული არსებული დაშვებების საფუძველზე, შესაძლებელია შეფასდეს საფუძვლიანად და კანონიერად მოქმედი ნორმატიული ბაზის გათვალისწინებით".