22.ნოემბერი .2019 20:20

რა შენიშვნები აქვს აუდიტის სამსახურს სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის სამინისტროსთან

views 395
უკან

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2018 წლის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, სამინისტროს მიერ აუდიტის სამსახურისთვის მიწოდებული ბალანსის უწყისი მთელ რიგ ნაკლოვანებებს შეიცავს, რაც სამინისტროს სისტემაში აქტივების აღრიცხვიანობაში არსებულ ხარვეზებზე მიანიშნებს. ამასთანავე, ანგარიშიდან ირკვევა, რომ სამინისტროს ბალანსში აქვს მითითებული ისეთი ობიექტებიც, რომელთა იდენტიფიცირებას თავადაც ვერ ახდენს.

დოკუმენტის მიხედვით, როგორც ძირითადი აქტივების მიმართულებით, ასევე სამინისტროს ვალდებულებების მიმართულებით გარკვეული აცდენებია, მათ შორის აუდიტის ანგარიშში წერია, რომ:

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში „ძირითადი აქტივების“ მუხლში ასახული 6,717,058 ლარის ნაშთის შესახებ ვერ მოვიპოვეთ საკმარისი და შესაფერისი აუდიტორული მტკიცებულებები:

სსიპ − გარემოს ეროვნული სააგენტოს ბალანსზე ასახულია 1,816,078 ლარის დაუმთავრებელი მშენებლობა, რომელზეც სააგენტომ ვერ წარმოადგინა შესაბამისი პირველადი დოკუმენტაცია. ასევე, სააგენტოს არ აქვს ინფორმაცია, თუ სად მდებარეობს აღნიშნული აქტივი.

სსიპ − სურსათის ეროვნულ სააგენტოს ბალანსში სხვა მანქანა დანადგარების და ინვენტარის ანგარიშზე აღრიცხულია ეზოს კეთილმოწყობასთან დაკავშირებული სამუშაოები ჯამური ღირებულებით − 51,449 ლარი. სააგენტოს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით ვერ დასტურდება, რა სამუშაოები იყო ჩატარებული.

სურსათის სააგენტოს 2018 წელს სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან უსასყიდლოდ გადმოეცა საოფისე ფართები და მიწის ნაკვეთი ნულოვანი ღირებულებით. სააგენტომ არ შეაფასა აღნიშნული აქტივები და 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, მომზადებული ფინანსური ანგარიშგების ფორმა N1-ში წარდგენილია მხოლოდ შენობაზე გაწეული კაპიტალიზებული ხარჯი, ღირებულებით − 53,645 ლარი. შესაბამისად, აღნიშნული თანხა სამართლიანად ვერ ასახავს შენობა-ნაგებობისა და მიწის ღირებულებას.

სსიპ − დაცული ტერიტორიების სააგენტოს ფინანსურ ანგარიშგებაში გაორმაგებულად არის ასახული „გფა კონსალტინგ გრუპის“ მიერ 2018 წელს გადმოცემული ავტომობილების ღირებულება, რის გამოც 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით მომზადებული ფინანსური ანგარიშგების ფორმა N1-ის „ძირითადი აქტივების“ მუხლი არასწორად არის გაზრდილი 261,149 ლარით. ასევე არასწორად არის გაზრდილი ფორმა N2-ის „ძირითადი კაპიტალის მოხმარების“ მუხლი 32,938 ლარით.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ფინანსურ ანგარიშგებაში ასახული 1,815,139 ლარის ძირითადი აქტივების მიღების პირველადი დოკუმენტაცია სააგენტოს მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი. 2,719,598 ლარის ძირითად აქტივებზე კი წარმოდგენილ პირველად დოკუმენტაციაში მითითებულ ღირებულებებსა და ძირითადი საშუალებების რეესტრში ასახულ ისტორიულ ღირებულებებს შორის გამოვლინდა 543,418 ლარის სხვაობა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვერ მივიღეთ საკმარისი მტკიცებულებები 4,534,737 ლარის ძირითადიაქტივების ღირებულების სისწორეზე. 

სამინისტროს ბალანსზე ასახულია 2,831,291 ლარის ღირებულების მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე არსებული აქტივები, რომელთა განკარგვის უფლებამოსილება ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით მიკუთვნებული აქვს მუნიციპალიტეტებს.

გარემოს სააგენტოს ბალანსზე ასახულია 1,818,045 ლარის ღირებულების ნაპირსამაგრი ნაგებობები, საიდანაც 248,740 ლარის ღირებულების აქტივების იდენტიფიცირებას სააგენტო ვერ ახდენს. 

აღსანიშნავია, რომ 2019 წლის მარტში ქობულეთის მუნიციპალიტეტს გადაეცა 21,397 ლარის ღირებულების ნაპირსამაგრი ნაგებობები. დანარჩენი ნაპირსამაგრი ნაგებობების გადაცემის მოთხოვნით, გარემოს სააგენტოს შესაბამისი მუნიციპალიტეტებისათვის გაგზავნილი აქვს წერილები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკება აქტივების გადაცემასთან დაკავშირებით;

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ბალანსზე ასახულია 1,013,246 ლარის ღირებულების სხვა ნაგებობა − ჯავახეთის დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრის წყალსადენი სისტემა, რომელზეც სამუშაოები შესრულებულია 2014-2015 წლებში.  

სამინისტროს 2018 წლის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების ფორმა N1-ის „ძირითადი აქტივების“ მუხლთან დაკავშირებით ასევე გამოვლინდა შემდეგი გარემოებები:სურსათის სააგენტოს ბალანსზე აღრიცხული არ აქვს საერთაშორისო ორგანიზაცია USAID/Georgia-სგან 2018 წელს უსასყიდლოდ გადაცემული ძირითადი საშუალებები, რომელთა ჯამური ღირებულება შეადგენს 489,977 ლარს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააგენტოს 2018 წლის ფინანსურ ანგარიშგებაში ძირითადი აქტივები და შემოსავალი არასწორად არის შემცირებული 489,977 ლარის ოდენობით. სააგენტოს განმარტებით, ხარვეზი გასწორებულია და ასახულია 2019 წლის კვარტალურ ფინანსურ ანგარიშგებაში.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით მომზადებული ფინანსური ანგარიშგების ფორმა N1-ში ასახულია 498,889 ლარის ღირებულების მიწა და 323,883 ლარის ღირებულების სხვა დანარჩენი ბუნებრივი აქტივები. 498,889 ლარის ღირებულების მიწიდან, ასეთი აქტივის სახით აღიარებას ექვემდებარება მხოლოდ ქობულეთში მდებარე 55,196 ლარის ღირებულების აქტივები. მიწის სახით აღრიცხული დანარჩენი 443,693 ლარის აქტივები წარმოადგენს სააგენტოს მართვაში არსებულ დაცულ ტერიტორიებზე განხორციელებულ სადემარკაციო და სხვა სახის სამუშაოებს, რაც, თავის მხრივ, წარმოადგენს ხარჯებს და არ აკმაყოფილებს აქტივად აღიარების კრიტერიუმებს. აგრეთვე, სააგენტოს მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით ვერ დასტურდება 323,883 ლარის აქტივები აკმაყოფილებს თუ არა „დანარჩენი ბუნებრივი აქტივების მუხლში“ აღიარების კრიტერიუმებს.

ასევე აღსანიშნავია, რომ დაცული ტერიტორიების სააგენტოს 2018 წლის 31 დეკემბრის
მდგომარეობით მომზადებულ ფინანსურ ანგარიშგებაში ასახული არ არის მიწის ნაკვეთები, საერთო ფართით − 166,222 კვ.მ, რაც საჯარო რეესტრის მონაცემებით სააგენტოს სარგებლობაშია და აღრიცხვის ინსტრუქციის მოთხოვნების შესაბამისად, ექვემდებარება სააგენტოს ფინანსურ ანგარიშგებაში ასახვას.

გარემოს სააგენტოს ბალანსზე ასახულია 431,156 ლარის შენობა-ნაგებობები, რომლებიც საჯარო რეესტრის ამონაწერების მიხედვით, ეკუთვნის სხვადასხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, ხოლო ქ. ბათუმში მდებარე 30,380 ლარის ღირებულების შენობა, ფიზიკურად აღარ არსებობს. შესაბამისად, სააგენტოს ბალანსზე ასახული 461,536 ლარის შენობა-ნაგებობები არ აკმაყოფილებს აქტივად აღიარების კრიტერიუმებს და არასწორად არის გაზრდილი 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით მომზადებული ფინანსური ანგარიშგების ფორმა N1-ის „ძირითადი აქტივების“ მუხლი.  

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა