მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შენიშვნები აქვს სებ-ს ბიუჯეტის კორექტირებაზე

60f0244c34707
შოთა ტყეშელაშვილი
15.07.21 18:40
734
ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა პარლამენტს 2021 წლის ბიუჯეტის კორექტირების შესახებ სებ-ის ანგარიში წარუდგინა. მესტვირიშვილის განმარტებით, ეროვნული ბანკი ბიუჯეტის პროექტის შეფასების დროს ძირითადად ვალის და დეფიციტის მაჩვენებლებზე ფოკუსირდება. მისი თქმით, სებ-ის შენიშვნაც სწორედ ამ საკითხს ეხება.

"ორი ძირითადი შენიშვნა გქვონდა დაფინანსების თემაზე და შიდა ვალზე. ორივე საკითხი მოხსენიებული ჰქონდა აუდიტის სამსახურსაც. ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია გაიზარდოს შიდა ვალის წილი სახელმწიფო ვალში, რადანაც ზოგადად მას არ გააჩნია სავალუტო რისკები. მეორე საკითხია ის, რომ თუკი წლის განმავლობაში ეკონომიკა განვითარდება უფრო პოზიტიურად აღარ მოხდეს ბიუჯეტის ხარჯების დამატებითი ზრდა და ბიუჯეტის მიღებული შემოსავლები მოხმარდეს ბიუჯეტის დეფიციტის შემცირებას. მნიშვნელოვანია, რომ 2023 წელს ბიუჯეტის დეფიციტი ჩამოვიდეს 3%-მდე,"- აცხადებს არჩილ მესტვირიშვილი. 

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა დღეს 2021 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები განიხილა. მთავრობა ბიუჯეტის ხარჯებს, რომელიც 18.4 მილიარდ ლარს შეადგენდა, დამატებით 1.1 მილიარდით იზრდება და ის 19.5 მილიარდ ლარს მიაღწევს. მთავრობის განცხადებით, ბიუჯეტის კორექტირების საჭიროება ქვეყანაში მოსალოდნელზე მაღალი ეკონომიკური აქტივობის გამო დადგა. თუკი პირველადი პროგნოზით, წელს საქართველოს ეკონომიკა 4.3%-ით უნდა გაზრდილიყო, განახლებული პროგნოზით ეკონომიკური ზრდა 7.7% იქნება. ამ გარემოების გათვალისწინებით, მთავრობა საგადასახადო შემოსავლების პროგნოზს 720 მილიონი ლარით ზრდის. მატება შეეხება საშემოსავლო, აქციზის, დღგ-ისა და იმპორტის გადასახადებს.

მოსალოდნელზე მაღალი ეკონომიკური ზრდის გამო საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ზომა, სავარაუდოდ, 57.2 მილიარდ ლარს მიაღწევს. ამის გათვალისწინებით, სახელმწიფო ვალის მოცულობა, რაც კრიტიკულ 60%-იან ზღვარს აჭარბებდა და 61% იყო, მშპ-ის 54%-მდე მცირდება, ხოლო ბიუჯეტის დეფიციტი კი 6.9%-მდე დაიკლებს.