მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შესაძლებლობას აჩენს რუსეთის სანქცირება საქართველოს პორტებისთვის? - PACE Group

6220b773aaa52
თელარა გელანტია
03.03.22 16:41
1485
კომპანია PACE Group-ში, რომელიც ფოთის პორტის რვა ნავმისადგომს და ფოთის ახალ საზღვაო ნავსადგურს მართავს, აცხადებენ, რომ მიმდინარე ეტაპზე, უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს, პორტში გემების რაოდენობაზე მკვეთრი გავლენა არ მოუხდენია.

როგორც bm.ge-ს PACE Group-ში შემავალი ერთ-ერთი შვილობილი კომპანიის - „ტრანსფორდის“ დირექტორმა ვასილ მაზიაშვილმა განუცხადა, პორტში რუსული ტვირთები, ფაქტობრივად, არ შემოდიოდა. რაც შეეხება უკრაინას, მისი თქმით, ძირითადად, საქართველოდან ხდებოდა ტვირთის გაგზავნა უკრაინაში, რაც შემცირებულია.

„რამდენად შემცირდა უკრაინული პორტების მიმართულებით ტვირთების გადაგზავნა, რიცხვებით ამაზე, ჯერჯერობით, ვერ ვისაუბრებ, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ PACE Group-ი დაკავებულია აზერბაიჯანიდან და შუა აზიიდან ტვირთების გადაზიდვით შავ ზღვაზე და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, ძირითადად, ხდებოდა საქართველოდან უკრაინაში ტვირთის გაგზავნა (დამკვეთის მოთხოვნით), რაც შემცირებულია, მაგრამ დამკვეთი ახორციელებს ტვირთის გაყიდვას სხვა ქვეყნებში, აქედან გამომდინარე, ტვირთების ბრუნვა ჯერ არ შემცირებულა“, - განმარტავს „ტრანსფორდის“ დირექტორი.

ამასთან, bm.ge-სთან საუბარში PACE Group-ის წარმომადგენელი ამბობს, რომ ფინანსური და ეკონომიკური სანქციები, რომელსაც მსოფლიო რუსეთს უწესებს, საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის მეტად დატვირთვის შესაძლებლობას წარმოადგენს.

„პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ განვითარებულმა მოვლენებმა და პანიკამ მსოფლიოში ბიზნესპროცესები უკვე შეაფერხა, რისი ასახვაც მოხდება გადაზიდვებზეც. SWIFT-იდან რუსეთის გათიშვა და სხვა ეკონომიკური სანქციები, უკვე პირდაპირი ხელშემშლელი ფაქტორებია და, რა თქმა უნდა, ნეგატიური მოლოდინები ჩნდება, თუმცა კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ „პეის ჯგუფის“ ძირითადი საქმიანობა აზერბაიჯანიდან და შუა აზიიდან ტვირთების გადაზიდვაა, ამიტომ ჩვენი პორტის დატვირთვაზე მიმდინარე პროცესებს, ჯერჯერობით, გავლენა არ ჰქონია.

აქვე აღსანიშნავია, რომ შეზღუდვებს, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ ამოქმედდა და კიდევ ამოქმედდება, შესაძლოა, შევხედოთ როგორც შესაძლებლობას, რათა ჩვენი სატრანსპორტო დერეფნის გავლით მოხდეს კიდევ უფრო მეტი ტვირთის მოზიდვა, რომელიც აქამდე მიდიოდა ვოლგა-დონის არხით და თავს იყრიდა რუსულ პორტში“, - განაცხადა PACE Group-ში შემავალი ერთ-ერთი შვილობილი კომპანიის „ტრანსფორდის“ დირექტორმა და ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ „პეის ჯგუფისა“ და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების ფინანსური კორპორაციის (DFC) ერთობლივი პროექტი - ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის გახსნა ქვეყნის სატრანზიტო დერეფნის პოტენციალის რეალიზაციის გარანტია.

„რუსეთის სანქცირების შედეგად, ჩვენი სატრანზიტო კორიდორის დატვირთვა გარდაუვალია და კარგია, რომ ამ მხრივ, გარკვეულწილად მომზადებული ვართ, რადგან უკვე გვაქვს ფოთის ღრმაწყლოვანი ნავსადგომი, რომლის სიგრძე 260 მეტრია და დიდი გემების მიღებას თავისუფლად შევძლებთ. კონკრეტულად რამდენად გაიზრდება ტვირთბრუნვა და ა.შ. დღეს რიცხვებით საუბარი ადრეა, მაგრამ PACE Group-ში პროგნოზების გაკეთება დაწყებული გვაქვს“, - აცხადებს ვასილ მაზიაშვილი.

ფოთის პორტის ქართულმა ოპერატორმა Pace Group-მა 2020 წელს 97 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო