მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შესაძლებლობას აძლევს ვაშლის სუბსიდირება ფერმერს და ბიზნესს - „კულას“ დირექტორის შეფასება

5f35322e53a8c
ვიქტორია მღებრიშვილი
13.08.20 19:45
2018
გორის საკონსერვო ქარხნის „კულას“ დირექტორი ივანე გოგლიძე მთავრობის მიერ ვაშლის სუბსიდირების დღეს მიღებულ  გადაწყვეტილებას აფასებს და ამბობს, რომ მსოფლიოში ვაშლის უხვმოსავლიანობის გამო პროდუქტზე დაცემული ფასის გათვალისწინებით, ვაშლის ჩაბარების პროცესის ხელშეწყობის გადაწყვეტილება დროული იყო.

მისი თქმით, 2019 წელს საკმაოდ მცირე მოსავალი იყო, საიდანაც კომპანიამ 3 000 ტონა სტანდარტული ვაშლი გადაამუშავა, წელს კი ეს მაჩვენებელი 7-ჯერ მეტი იქნება.

„წელს მოსავლიანობის მხრივ უხვი წელია, შარშანდელთან შედარებით 7-ჯერ მეტ ვაშლის მოსავალს ველოდებით. 2019 წელს თუ ჯამში 5 000 – 6 000 ტონა ვაშლი იყო, წელს ველოდებით რომ გადამუშავდება 30 000 ტონა ვაშლი. მით უმეტეს ვაშლის ფასი ევროპაში, ბელარუსსა და უკრაინაში დავარდნილია, რადგან იქაც დიდი მოსავალია, აქედან გამომდინარე მთავრობის მხრიდან გლეხების მხარდაჭერა დროული იყო. აქ საუბარია არასტანდარტულ ვაშლზე, თუმცა მისი გაყიდვა გლეხს იმ დანახარჯებს უფარავს, რაც გლეხმა ვაშლის მოვლაზე გასწია“, - აღნიშნავს ივანე გოგლიძე.

კომპანიის დირექტორი შეღავათიან აგროკრედიტში შეტანილ ცვლილებებსაც ეხმაურება და ამბობს, რომ ბიზნესს ფინანსებზე ხელმისაწვდომობა აღნიშნული კუთხით არასდროს ჰქონია და რომ ეს გადაწყვეტილება ბიზნესს წარმოებისა და რეალიზაციის პროცესში არსებულ რისკებს დაუზღვევს.

„კომპანიებს ასეთი ხელმისაწვდომობის შესაძლებლობა საბრუნავ საშუალებებზე აქამდე არ ჰქონიათ. იყო პროგრამები გადაიარაღებაზე, ახალ საწარმოებზე, თუმცა ამჯერად შეღავათიანი სესხის თანამონაწილებაში შედიან უკვე საბრუნავ საშუალებებზე. ეს მოგვცემს იმის სტაბილურობას, რომ პროდუქციის წარმოებისას მინიმუმამდე დავიყვანოთ ჩვენი რისკები, მსოფლიო ბაზარზე ფასის კიდევ უფრო დავარდნის შემთხვევაში ჩვენ შევძლებთ, რომ გვქონდეს შეღავათიანი სესხი და საშეღავათო პერიოდი. ამით კომპანიებს ეძლევათ იმის საშუალება, რომ საერთაშორისო ბაზრების ანალიზი გააკეთონ და მინიმუმამდე დაიყვანონ რისკები“, - განმარტა „კულას“ დირექტორმა.

ივანე გოგლიძე იმასაც აღნიშნავს, რომ უხმოსავლიანობის ფონზე 22 თეთრი არასტანდარტულ ვაშლზე მაღალი ფასია.

„გასულ წელს საერთოდ არ იყო ვაშლის მოსავალი და შარშანდელი არასტანდარტული ვაშლის ფასი იყო 25-26 თეთრი, ხოლო 2018 წელს როდესაც დიდი მოსავალი იყო, ამ ტიპის ვაშლის ჩაბარების ღირებულება 8-დან 12 თეთრამდე მერყეობდა.

გასულ წელთან შედარებით ეს არ არის მაღალი ფასი, 2018 წელთან შედარებით კი უხვმოსავლიანობის გათვალისწინებით, ცოტა მაღალი ფასია, თუმცა ეს სახელმწიფომ თვითონ დაადგინა, რა შემთხვევაში მოახდენს სუბსდირებას“, - აღნიშნა ივანე გოგლიძემ და დასძინა, რომ თუ წარმოებას ობიექტური ფაქტორები, როგორიც არის ახალი კორონავირუსის მეორე ტალღა ხელს არ შეუშლის, კომპანია ნებისმიერი მოცულობის ვაშლის გადამუშავებისთვის მზად არის.

მისივე თქმით, „კულა“ ვაშლიდან აწარმოებს როგორც წვენებს, ასევე ჯემებსა და ხილფაფებს, თუმცა წელს შესაძლოა, კომპოტებიც აწარმოოს. ვაშლის ნაწარმის მთავარი საექსპორტო ბაზრები კი გერმანია, პოლონეთი, უკრაინა და რუსეთია.