მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შესაძლებლობებს გვაძლევს ღია ბანკინგი?

604f39443da84
ლიკა გურაბანიძე
20.03.21 11:20
776
31 მარტიდან საქართველოში ღია ბანკინგი ამოქმედდება; თავდაპირველად ფიზიკურ პირებსა და ინდმეწარმეებს შეეძლებათ თავიანთი საბანკო პირადი ინფორმაცია სასურველი ბანკის ციფრულ არხებში გახადონ ხელმისაწვდომი.

"აღნიშნული ცვლილება შეცვლის ბანკებზე არსებულ ხედვას და ის გახდება გაცილებით დიდი ინფორმაციული აქტივების სათავსო, ფინტექკომპანიები კი საბანკო და სხვა სექტორებს შორის დამაკავშირებლის ფუნქციას აითვისებენ",  - განაცხადა “საქმიან დილაში” სებ-ის ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ოთარ გორგოძემ ღია ბანკინგის თემის კომენტირებისას.

როგორც მან აღნიშნა, ეს ტექნოლოგია ძალიან ბევრ შესაძლებლობას იძლევა.

“ღია ბანკინგის მთავარი აზრი არის ის, რომ როგორც ახლა თქვენ თანხების განკარგვა შეგიძლიათ, ზუსტად ასე შეძლებთ ყველაფრის, მათ შორის თქვენ მიერ შენახული ინფორმაციის განკარგვას. ასევე ბანკებს უჩნდებათ შესაძლებლობა, რომ მეტ პოტენციურ მომხმარებელთან ჰქონდეთ კომუნიკაცია, შეისწავლონ კონკრეტული ადამიანების მოთხოვნები შესაბამისი პერსონიფიცირებული შეთავაზებების განსახორციელებლად, ფილიალში ვიზიტის გარეშე გაყიდონ საბანკო პროდუქტები თუ მომსახურება, ასევე ფინანსური მომსახურება შეასრულონ მოთხოვნის წარმოქმნისთანავე.

ღია ბანკინგი ახალი ფენომენია და ის სულ რამდენიმე წელია განვითარებულ ქვეყნებში დაინერგა. სებ-მა გადაწყვეტილება მიიღო, რომ ქვეყანაში ამის დანერგვა ეტაპობრივად მოხდება. საბანკო ასოციაციამ კონკრეტული სტანდარტი უნდა დაადგინოს და განავითაროს. ამ სტანდარტების დადგენის შემდგომ, 31 მარტიდან ბანკებს შორის ინფორმაციის გაცვლა დაიწყება, ხოლო აგვისტოში კომპანიებს მასში ჩართვის საშუალება ექნებათ", - განმარტა გორგოძემ.

ცნობისთვის: ქვეყანაში ღია ბანკინგი ტრადიციული საბანკო მოდელის შემცვლელია და მისი ამოქმედება მარტის ბოლოს იგეგმება. ის ცვლის არამხოლოდ - ბანკის, არამედ მომხმარებლის ქცევასაც, აჩენს შესაძლებლობას, რომ ერთი აპლიკაციის საშუალებით დისტანციურად, ფიზიკური კონტაქტის გარეშე, მივიღოთ სხვადასხვა ბანკის პროდუქტთა შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია, შევადაროთ და შევიძინოთ ის, მიმდინარე პანდემიისას დისტანციურმა მომსახურებამ განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა, ღია ბანკინგი კი დისტანციური საბანკო მომსახურების კრებულად შეგვიძლია ჩავთვალოთ. ღია ბანკინგი ბანკებისთვის მომხმარებელთან წვდომის და მისთვის ახალი სერვისების მიწოდების საშუალებას აფართოებს, ასევე ზრდის ბაზარზე კონკურენციას.