მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შეზღუდვები იხსნება და რა რჩება ხვალიდან საქართველოში

5ec7fe4154dc3
თამთა ჯიჯავაძე
22.05.20 20:22
4537
რა შეზღუდვები იხსნება და რა რჩება 23 მაისიდან საქართველოში, – ამ საკითხზე პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა ცოტა ხნის წინ ბრიფინგზე ისაუბრა.

მისი თქმით, კარანტინი გაუქმებულია ბოლნისის მუნიციპალიტეტში. საკარანტინე ზონებად რჩება მხოლოდ სოფელი მუშევანი და გეტა, სადაც მიმდინარეობს აქტიური პრევენციული ეპიდემიოლოგიურ ღონისძიებები. საკარანტინე ზონად რჩება ასევე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტიც.

23 მაისიდან ქვეყანაში ცალკეული შეზღუდვები უქმდება საგანგებო მდგომაროების გაუქმების პარალელურად, კერძოდ:

„საგანგებო მდგომარეობასთან ერთად იხსნება შეზღუდვა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ შეკრებასა და მანიფესტაციაზე;

უქმდება სამკაციანი შეზღუდვა ავტომობილებში და ეს შეზღუდვა იმოქმედებს მხოლოდ ტაქსით მომსახურების დროს და ასევე ყველა ტაქსის მძღოლი ვალდებული იქნება გამოიყენოს პირბადე.

უქმდება შეზღუდვა სახლიდან გასვლის შესახებ 70 წელზე მეტი ასაკის ადამიანებისთვის, მაგრამ ვინაიდან ეს ადამიანები წარმოადგენენ მაღალი რისკს ჯგუფს, ჩვენ მივმართავთ მათ რეკომენდაციით, რომ უკიდურესი აუცილებლობის გარდა არ გავიდნენ სახლიდან და დარჩნენ შინ“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
 
რაც შეეხება იმ შეზღუდვებს, რომლებიც 23 მაისის შემდეგაც ძალაში რჩება, ესენია:

ქვეყანაში შეზღუდული რჩება სამედიცინო პროდუქციის ექსპორტი, იმ პროდუქციის, რომელიც აუცილებელია კოვიდ-19-თან ბრძოლაში;

დახურულ საჯარო სივრცეებში სავალდებულო იქნება პირბადეების ტარება, მათ შორის სავაჭრო ობიექტებში და ასევე სავალდებულო იქნება სოციალური დისტანცირების დაცვაც;

რესტორანში, ბარებსა და კაფეში მოხმარებებისთვის ადგილზე მომსახურება შეზღუდული რჩება;

ამ ეტაპზე სასტუმროების ფუნქციონირება არის შეზღუდული, გარდა საკარანტინე ზონებისა;

ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით ვაჭრობა არის შეზღუდული, გარდა ონლაინ ვაჭრობისა;

შეზღუდული რჩება ე.წ მოლებისა და ბაზრობების ფუნქციონირება, გარდა იმ აგრარული ბაზრებისა, რომელიც უკვე ფუნქციონირებს;

შეზღუდულია სპორტული და კულტურული ობიექტების ფუნქციონირება და ამ ხასიათის ღონისძიებების ჩატარება;

ძალაში რჩება 10-ზე მეტი ფიზიკური პირის ისეთი თავშეყრის შეზღუდვა, რომელიც დაკავშირებულია საზოგადოებაში დამკვიდრებულ სოციალურ ღონისძიებებთან, როგორიცაა - ქორწილი, დაბადების დღე, ქელეხი და ა.შ;

აზარტული და მომგებიანი თამაშების წარმოება შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ელექტრონული ფორმით;

შეზღუდვები შენარჩუნდება ასევე საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, მათ შორის საზოგადოებრივი ტრანსპორტით საქალაქთაშორისო გადაადგილებაზე.

ირაკლი ჩიქოვანმა ასევე განაცხადა, რომ სახელმწიფო სერვისების ნაწილი კვლავაც დისტანციურად განხორციელდება.

ხოლო ყველა ის ბიზნეს სუბიექტი, რომელიც აგრძელებს საქმიანობას, ვალდებულია დაიცვას ის მოთხოვნები, რომელიც არის წარმოდგენილი საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან, ხოლო თუ ისინი დაკავებული არიან სურსათის წარმოებით, სურსათის უვნებლობის სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულება არის სავალდებულო.

„ყველა აღნიშნული შეზღუდვის ეტაპობრივად მოხსნაზე იმსჯელებს უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭო და გადაწყვეტილებებს მიიღებს იმ ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, რომელიც იქნება ქვეყანაში იმ მომენტისთვის“, – განაცხადა ჩიქოვანმა.