მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა სურს ბიზნესს ხელისუფლებისგან - სოსო ფხაკაძის პასუხი

5e51230198e33
ანნა ლაპიაშვილი
22.02.20 18:30
1094
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი ხელისუფლებისგან ყველა თემაზე მეტ კომუნიკაციას ითხოვს. სოსო ფხაკაე BMG-ისთან ინტერვიუში ამბობს, რომ მთავრობის არც ერთი შტოს წარმომადგენლებთან კომუნიკაციის პრობლემა არ აქვთ, თუმცა აღნიშნავს, რომ აუცილებელია, ყველა ის სიახლე რაც ბიზნესს ეხება, მის ძალაში შესვლამდე კერძო სექტორს წინმსწრებად გააცნონ.

“ჩვენ გვინდა, რომ ის გადაწყვეტილება, განურჩევლად იმისა, საკანონმდებლო ორგანოს მიერ მზადდება თუ - არა, რომელიც ეხება ბიზნესს და ეკონომიკას, კონსულტაციები ბიზნესთან ყოველთვის იყოს გავლილი. შარშანაც იყო შემთხვევა, როდესაც ჩვენ რაღაც პოსტ ფაქტუმ გავიგეთ. საბოლო ჯამში, ხელისუფლებამაც აღიარა, რომ ეს ასე არ უნდა ყოფილიყო. უბრალოდ ტყულად ვიწყებთ ლაპარაკს ნეგატივზე, რომელიც შეიძლება არ ყოფილიყო. ძალიან მარტივია, დაუძახებ ბიზნესს, თუ გადაწყვეტილებაა, რომელმაც ჩვენი საქმიანობა უნდა დაარეგულიროს და ჩვენ გვეხება, თუ წინასწარ შეათანხმებ, მინიმუმ გეცოდინება რა ნეგატივი შეიძლება მოჰყვეს“, - ამბობს სოსო ფხაკაძე.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტის განცხადებით, მუშავდება რამდენიმე საკანონმდებლო აქტი და ყველა იმ პროექტის განხილვაში რაც ბიზნესსა და ეკონომიკას უკავშირდება, გაერთიანება ჩართულია.

“გვაქვს ჯანსაღი ამბიცია, რომ BAG-ის ჰქონდეს გამორჩეული კომუნიკაცია ერთი მხრივ წევრებთან და მეორე მხრივ - სახელმწიფოსთან, რამეთუ ჩვენ ვართ ხიდი სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის და მაქსიმალურად შევეცდებით ჩვენი სამართლიანი და ობიექტური შენიშვნები გათვალისწინებული იყოს. ამ ტიპის ორგანიზაცია არ შეიძლება იყოს არაკომფორტული ნებისმერი ხელისუფლებისთვის. კომუნიკაციის პრობლემა ხელისუფლებასთან არ დგას, უფრო მეტიც ჩვენ ვცდილობთ და მე მგონი ვახერხებთ, რომ კომუნიკაციის ხარისხი სხვა ეტაპზე აგვყავს. კომუნიკაცია არის კარგი, მაგრამ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მისი ხარისხიც. რას ნიშნავს ეს ჩვენი პრიზმიდან, ეს ნიშნავს, რომ მაქსიმალურად იყოს გაგებული და მოსმენილი ის მოსაზრებები, რომელსაც ჩვენ გამოვთქვამთ. გვაქვს მხოლოდ და მხოლოდ ერთი დღის წესრიგი და ერთი ხელწერა, ეს არის კონსტრუქციული, პროფესიული საუბარი და სამართლიანი, ობიექტური ინტერესების დაცვა“, - აცხადებს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი.