მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა თანხას დახარჯავს GWP 3 წლის განმავლობაში? - კომპანია სემეკთან საინვესტიციო გეგმას ათანხმებს

6481e048234c6
ვიქტორია მღებრიშვილი
08.06.23 23:35
750
საქართველოში წყალმომარაგების სექტორში მოქმედი ერთ-ერთი მსხვილი კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ 2024-2026 წლებისთვის განსახორციელებელი ინვესტიციების გეგმას "სემეკთან" ათანხმებს.

როგორც მარეგულირებელი ორგანოს წყალმომარაგების დეპარტამენტის დირექტორი გიგა ნადირაძე გადაცემა #რედაქტ2-ში აცხადებს, კომპანიამ "სემეკში" საინვესტიციო გეგმა წარადგინა, რომელიც მომდევნო სამი წლის განმავლობაში 600 მლნ ლარზე მეტის ინვესტირებას გულისხმობს.

„ჩვენ 3 წლის განმავლობაში განსახორციელებელ ინვესტიციებს ვითანხმებთ. ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ ჩვენ წყალმომარაგების სექტორში ტარიფებს 3 წლის ვადით ვადგენთ.

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ გასულ კვირას საინვესტიციო გეგმა წარმოადგინა, რომელიც შემდეგი სამი წლის განმავლობაში - 2024-2025-2026 წლებში უნდა განახორციელოს. ეს არ იქნება საბოლოო რიცხვი, რადგან ჩვენ ამაზე ვმუშაობთ და საინვესტიციო გეგმის შესწავლა მიმდინარეობს. გვექნება ჩვენი მოსაზრებები და კომენტარები, ამ ყველაფერმა შესაძლოა კორექტირება და ფორმირება განიცადოს, თუმცა კომპანიის პირველადი პოზიცია, რაც კომისიაში შეთანხმების მიზნითაა წარმოდგენილი, შემდეგი სამი წლის განმავლობაში 600 მლნ ლარს აჭარბებს. ეს ინვესტიცია სამჯერ აღემატება იმ რიცხვს, რაც კომისიას გასული რეგულირების პერიოდში ჰქონდა შეთანხმებული“, - ამბობს გიგა ნადირაძე.

"სემეკის" წყალმომარაგების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ჯერჯერობით ვერ ამბობს გაიზრდება თუ არა წყლის ტარიფი მომხმარებლებისთვის, რადგან ტარიფის გაანგარიშებისას ინვესტიციების კომპონენტთან ერთად სხვა ფაქტორების გათვალისწინებაც ხდება.