მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა თანხას ხარჯავენ ირანელი ვიზიტორები საქართველოში და რა ეფექტი ექნება ავიამიმოსვლის დახურვას

5e53c6c440efb
შოთა ტყეშელაშვილი
24.02.20 17:24
1347
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ირანიდან საქართველოში და პირიქით საჰაერო გზით, ფიზიკური პირების გადაადგილება შეიზღუდა, რისი მიზეზიც ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების მაღალი რისკის დასახელდა. 

"შეჩერდება მგზავრების შემოყვანა ირანიდან საქართველოში. ავიაკომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ ცარიელი თვითმფრინავებით შემოვიდნენ საქართველოს სივრცეში, რათა ტურისტად მყოფმა ირანის მოქალაქეებმა შეძლონ ირანში დაბრუნება. ამ ეტაპზე, გადაადგილებისთვის დარჩება სახმელეთო საზღვარი, თუმცა დაწესდება მკაცრი შეზღუდვები და აღნიშნული მიმართულებით," - ნათქვამია საქართველოს მთავრობის განცხადებაში. 

საქართველოში ირანელი ვიზიტორების რაოდენობამ პიკს, 2018 წელს მიაღწია, როდესაც ქვეყანაში ირანის 291,070 მოქალაქის ვიზიტი განხორციელდა. ეს მაჩვენებელი 2019 წელს 51.5%-ით შემცირდა, რისი მიზეზიც, სავარაუდოდ, ირანში ეკონომიკური ვითარების მკვეთრი გაუარესება და ასევე ის პრობლემები იყო, რაც ბოლო 2 წლის განმავლობაში საქართველოში ჩამოსულ ირანის მოქალაქეებს საზღვარზე ექმნებოდათ, როცა ქართველი მესაზღვრეები კონკრეტული განმარტებების გარეშე ვიზიტორებს უკან აბრუნებდნენ.  

2019 წელს საქართველოში ირანის 141,997 მოქალაქე იმყოფებოდა, რითიც საქარათველოს  ტურიზმის სტატისტიკაში ირანმა მერვე ადგილი დაიკავა. 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2019 წლის განმავლობაში ერთი ირანელი ვიზიტორის მიერ დახარჯული თანხა საშუალოდ 2,287 ლარს შეადგენდა, რითიც ირანელები ყველაზე მაღალმხარჯველი ვიზიტორების ტოპ ათეულში მეექვსე ადგილს იკავებენ. 

2020 წლის იანვარში საქართველოში ირანიდან 9,467 ვიზიტორი იმყოფებოდა, რაც 2018 წელთან შედარებით 12.4%-ით მეტია. თუმცა, ავიამიმოსვლის შეჩერების გამო, სავარაუდოდ, ვიზიტორთა ნაკადი მნიშვნელოვნად შემცირდა.