29.დეკემბერი .2021 00:41

რა ტიპის შეზღუდვები წესდება სამთხო-სათხილამურო კურორტებზე ევროპაში?

რა ტიპის შეზღუდვები წესდება სამთხო-სათხილამურო კურორტებზე ევროპაში?
views 381
უკან

ომიკრონის შტამის გავრცელების მიუხედავად, სამთო-სათხილამურო სეზონი ავსტრიის ალპებში მაინც დაიწყო, თუმცა გარკვეული შეზღუდვების დაცვით, რომლებიც ადგილობრივმა მთავრობამ დააწესა, იმ ოთხი ქვეყნის მოქალაქეებისთვის, სადაც ეპიდ-ვითარება გართულებულია. შედეგად ტურისტებს დიდი ბრიტანეთიდან, ნორვეგიიდან, ნიდერლანდებიდან და ასევე დანიიდან, ზალსბურგის კურორტზე მოსახვედრად, ათდღიანი კარანტინის გავლა უწევთ.

ამის შესახებ ინფორმაციას Euronews ავრცელებს, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ შეზღუდვა 25 დეკემბერს შევიდა ძალაში და მთელი ზამთრის განმავლობაში დარჩება, თუმცა ეს არ ეხება ბუსტერ დოზით აცრილ ადამიანებს, რომლებიც პარალელურად წარადგენენ PCR-ტესტის უარყოფით პასუხს. სტატისტიკურად კი, აღნიშნულ კურორტზე ბრიტანელი და ჰოლანდიელი ტურისტების წილი ზალსბურგში დამსვენებელთა მეოთხედია.

როგორც ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლები ამბობენ, ტურისტების უმრავლესობა ჯავშნებს აუქმებენ, განსაკუთრებით გერმანიიდან. ამის მიზეზი ომიკრონი და საკარანტინე პერიოდის გავლაა, რომელიც სამშობლოში დაბრუნებისას უწევთ.

ზამთრის სეზონი ასევე ოფიციალურად გაიხსნა ბულგარეთის მთებში. ავსტრიისგან განსხვავებით, აქ წელს ბანსკოში ორჯერ მეტი ტურისტია, ვიდრე გასულ წელს. შესაბამისად, სამთო-სათხილამურო კურორტის სასტუმროები, ფაქტობრივად, სრულად დაჯავშნილია. კურორტზე 40% ბრიტანელები არიან, ხოლო სტატისტიკურად მას ადგილობრივები, ანუ ბულგარელები მოსდევს. რაც შეეხება უსაფრთხოების ზომებს, ტერიტორიაზე კოვიდ პასპორტი მხოლოდ შიდა სივრცეში შესასვლელად გამოიყენება, ხოლო პირბადე ლიფტებში.