მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა უჯდება საქართველოს აზერბაიჯანული, რუსული და თურქული ელექტროენერგიის შეძენა

60251f1090e6d
შოთა ტყეშელაშვილი
12.02.21 10:15
4414
2020 წლის განმავლობაში საქართველომ უცხოეთიდან 1.6 მილიარდი კილოვატ საათი ელექტროენერგია შეიძინა. ქვეყანაში დენის მოხმარების 5%-ით შემცირების მიუხედავად, იმპორტის მოცულობა ფაქტობრივად უცვლელი დარჩა, შესაბამისად, გაიზარდა დამოკიდებულება იმპორტულ ელექტროენერგიაზე. 2020 წელს იმპორტზე მთლიანი მოხმარების 13% მოდიოდა და მასში საქართველომ $64.5 მლნ გადაიხადა.

საქართველომ 2020 წელს ელექტროენერგია სამი ქვეყნიდან, - რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან შეიძინა. მათ შორის ელექტროენერგიის მიღების მთავარი წყარო აზერბაიჯანი იყო, საიდანაც ქვეყანაში 726 მილიონი კილოვატ საათი ელექტროენერგია შემოვიდა, რაც მთლიანი იმპორტის 45% იყო.

როგორც ესკოს სტატისტიკიდან ჩანს, ყველაზე ძვირადღირებული სწორედ აზერბაიჯანული ელექტროენერგიაა, რომლის ტარიფიც კილოვატ საათზე 5 ცენტს შეადგენდა. შედარებისთვის, თურქული ელექტროენერგიის ტარიფი შარშან 4 ცენტი, რუსულის კი 3 ცენტი იყო.

ქვეყნების მიხედვით, ელექტროენერგიის მოცულობები და ტარიფები ასე ნაწილდება:

აზერბაიჯანი - 726,300,000 კილოვატ საათი, ფასი $36,397,260 ტარიფი 5 ცენტი; 
რუსეთი - 570,600,000 კილოვატ საათი, ფასი $14,553,200 ტარიფი 3 ცენტი (მათ შორის იმპორტის ნაწილი აფხაზეთისთვის არის განკუთვნილი); 
თურქეთი - 313,100,000 კილოვატ საათი, ფასი $13,564,140 ტარიფი 4 ცენტი; 
სულ - 1,610,000,000 კილოვატ საათი, ფასი $64,514,600 ტარიფი 4 ცენტი. 

ელექტროენერგიის მაღალი იმპორტი 2021 წელსაც გაგრძელდება, რადგან იანვრიდან 3 თვის ვადით ენგურჰესი სარეაბილიტაციოდ გაჩერდა. 

რაც შეეხება ელექტროენერგიის ექსპორტს, მისი მოცულობა გასულ წელს 36%-ით შემცირდა და 154 მილიონი კილოვატ საათი შეადგინა. საქართველოდან ექსპორტირებული ელექტროენერგიის ტარიფი 3.8 ცენტი იყო, შესაბამისად, ქვეყანამ ექსპორტიდან $5.8 მილიონი დოლარი მიიღო, რაც იმპორტთან შედარებით 11-ჯერ ნაკლები იყო.

2020 წელს საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ელექტროენერგიის მოხმარება ჯამურად 10%-ით შემცირდა, ოკუპირებულ აფხაზეთში კი ელექტროენერგიის მოხმარების უკონტროლო ზრდა გაგრძელდა, სადაც მატება 24%-ს შეადგენდა. შედეგად, აფხაზეთმა თითქმის იმდენივე ელექტროენერგია მოიხმარა, რამდენიც 1,1 მილიონიანმა თბილისმა.

ამ ელექტროენერგიას აფხაზეთი საქართველოდან უსასყიდლოდ იღებს, გასულ წელს რეგიონის მიერ მოხმარებული 2.55 მილიარდი კილოვატ საათის საბაზრო ღირებულება $80 მილიონზე მეტი იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები