მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა უჯდება სახელმწიფოს ერთი კოვიდ-ინფიცირებულის მკურნალობა?

5fc8a96f3c9d3
ვიქტორია მღებრიშვილი
03.12.20 13:10
1345
ჯანდაცვის მინისტრისგან განსხვავებით, მისი მოადგილე თამარ გაბუნია საქმის კურსშია და აკონკრეტებს, რა უჯდება ჯანდაცვის სისტემას ერთი კოვიდ-ინფიცირებულის ჰოსპიტალში მკურნალობა. მისი ინფორმაციით, საშუალოდ საუბარია 2 000 ლარზე. ამის შესახებ მან BM.GE-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მინისტრის მოადგილის თქმით, ეს თანხა არ მოიცავს იმ დამატებით ხარჯებს, რომელიც ჰოსპიტარლური სექტორის მომზადებისა და სამედიცინო პერსონალის ტრენინგებისთვისაა საჭირო.

„სახელმწიფოს ინფიცირების ერთი შემთხვევის მართვა, რაშიც ჰოსპიტალურ მართვას ვგულისხმობ, დაახლოებით 2 000 ლარი უჯდება, მაგრამ ეს არის ძალინ უხეში გათვლა, რადგან რიგ შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს 1 000 ლარი და მეტი და რიგ შემთხვევაში შეიძლება იყოს 500 ლარი.

საშუალო შეფასებისთვის ვიყენებთ 2 000-ლარიან ნიშნულს. ეს არ ითვალისწინებს იმ ინვესტიციას, რომელიც გაწეულ იქნა და კიდევ უნდა იქნას გაწეული ჟანგბადის უზრუნველყოფისთვის, სუნთქვის აპარატების მობილიზებისთვის, პერსონალის ტრენინგისთვის, ანუ სისტემის მომზადებისთვის საინვესტიციო ხარჯი - ეს ცალკეა“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ და დასძინა რომ დეტალური დაინტერესების შემთხვევაში მას საინვესტიციო ხარჯების შესახებ ინფორმაციის გაზიარებაც შეუძლია.

აღსანიშნავია, რომ კოვიდ-პაციენტების მკურნალობის ხარჯებს ერთი თვის წინ ვერ აკონკრეტებდა ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და აცხადებდა, რომ თითოეული პაციენტის მკურნალობა არის ინდივიდუალური და ერთი კონკრეტული თანხა არ არსებობს.