მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა უნდა დაუპირისპიროს მთავრობამ ჰესების საწინააღმდეგო განწყობებს? - არჩილ მამათელაშვილის რჩევა

600d2221a0c37
თელარა გელანტია
25.01.21 09:00
2110
საქართველოში ჰიდროელექტროსადგურების აშენებას რომ უფრო ხშირად მოწინააღმდეგეები ჰყავს, ვიდრე - მომხრეები, ახალი არაა. არც ის არის ახალი, რომ ნეგატიური განწყობების გამო, ქვეყანაში ჰესების აშენება ან ჩერდება ან პაუზდება. ერთ-ერთი ყველაზე ახალი ისტორია „ნამახვანი ჰესის“ პროექტია. გასული წლის შემოდგომაზე ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობა მოქალაქეების გარკვეულმა ჯგუფმა ჯვრის აღმართვით გააპროტესტა. 29 ოქტომბერს ჯვარი იმ ტერიტორიაზე აღმართეს, სადაც ამჟამად მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

რა უნდა დაუპირისპიროს მთავრობამ ჰესების საწინააღმდეგო განწყობებს? - ეკონომისტი არჩილ მამათელაშვილი bm.ge-ის კითხვაზე პასუხად ამბობს, რომ სახელმწიფო ძალიან პრინციპული უნდა იყოს. ის ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ხშირია შემთხვევები, როდესც ჰიდროელექტროსადგურს დიდი ეკოლოგიური თუ სოციალური პრობლემები არ მოჰყვება, არც სოფლები იტბორება, მაგრამ მოსახლეობა მაინც წინააღმდეგია, რაშიც გარკვეული არასამთავრობო ორგანიზაციები აქეზებენ.

„მე პირადად არ ვემხრობი ისეთი ჰესების აშენებას, რომელმაც შეიძლება რეგიონის დიდი ნაწილი დატბოროს და ეკოლოგიას დიდი ზიანი მიაყენოს, მაგრამ არის ფაქტები, როცა უწყინარ ჰესებზე კი ნეგატიური განწყობებია. ის ორგანიზაციები, რომლებიც ცდილობენ მოახდინონ გავლენა ქვეყნის ენერგეტიკულ პოლიტიკაზე და ლობირებენ განახლებადი ენერგიების სადგურების აშენების შეზღუდვას, მოზიდულ რესურსების დიდ ნაწილს, განახლებადი ენერგიის წყაროების წინააღმდეგ პროპაგანდისათვის იყენებენ, როგორც მოსახლეობის, ასევე პოტენციური ინვესტორების უარყოფითი განწყობის შესაქმნელად. შედეგად, საქართველოს ეკონომიკა ზარალდება. ამდენად, ვფიქრობ, სახელმწიფო ძალიან პრინციპული უნდა იყოს ამ საკითხში და როდესაც ჰიდროელექტროსადგურის პროექტი არის სრულყოფილი და არ ტოვებს კითხვის ნიშნებს, ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ამაში მოსახლეობაც დაარწმუნოს და ნდობა გამოიწვიოს. მეტიც, იმ არასამთავრობოებთანაც უნდა გამონახოს საერთო ენა, ვინც ჰესების წინააღმდეგია“, - აცხადებს არჩილ მამათელაშვილი.

ცნობისთვის: რამდენიმე დღის წინ, 13 იანვარს სემეკის თავმჯდომარემ Facebook-ის პირად გვერდზე საჯარო პოსტი გამოაქვეყნა, რომლითაც ქვეყანაში ახალი ჰიდროელექტროსადგურების აშენების მოწინააღმდეგე გარემოსდამცველებს საჯარო დისკუსიაში მონაწილეობის მიღებისკენ მოუწოდა. როგორც დავით ნარმანია აღნიშნავს, მათ არაერთხელ შესთავაზეს გარემოსდამცველებს ღია ფორმატის დისკუსიაში მონაწილეობის მიღება, თუმცა მათგან უარი მიიღეს.

“ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გახშირებულია ზოგიერთი პირის მხრიდან გარემოსდამცველის სტატუსით ყველა იმ ადამიანის შეურაცხყოფა, ვინც ენერგეტიკაში ადგილობრივი წარმოების განვითარებას, ჰიდროგენერაციას ემხრობა და საუბრობს. მათ არაერთხელ შევთავაზეთ დისკუსიაში, გადაცემაში ჩვენთან ერთად მონაწილეობა, თუმცა ყოველ შეთავაზებაზე უარი მივიღეთ. კიდევ ერთხელ ვთავაზობ გარემოსდამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, დამოუკიდებელ ექსპერტებს, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ ფორმატში გავმართოთ დისკუსია და ვიმსჯელოთ, ვიკამათოთ ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით“, - აცხადებს სემეკის თავმჯდომარე.