მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა უნდა გაითვალისწინონ მსესხებლებმა ბანკებთან ურთიერთობაში COVID-19-ით გამოწვეული კრიზისის დროს

5fa9765545147
გიგი ღლონტი
09.11.20 21:45
1653
COVID-19-ით გამოწვეული ეკონომიკური შოკი ანელებს და ხშირ შემთხვევებში აჩერებს კომერციულ საქმიანობას. შედეგად, მკვეთრად მცირდება მოთხოვნა პროდუქტებსა და მომსახურებაზე, რაც დრამატულად ამცირებს კომპანიების ფულად რესურსს, ხოლო შემცირებული ფულადი ნაკადების გამო, კომპანიები ფიზიკურად ვეღარ ახერხებენ სესხების მომსახურებას. ყველაზე მეტად ეს პრობლემა შეეხო ისეთ სეგმენტებს, როგორიცაა ტურიზმი, სასტუმრო, სარესტორნო და გასართობი ბიზნესი, აგრეთვე საცალო ვაჭრობა, მათ შორის ნავთობი და გაზი.

კრიზისის ეფექტის შემსუბუქება, უფრო ვიტყოდი გადავადება, მოხდა სახელმწიფო დახმარებებისა და საბანკო რეგულაციების შემსუბუქების მეშვეობით. ბანკებმა ასევე მოახდინეს კომპანიებისთვის ვალდებულების გადავადება, რაც უფრო მეტი სიცხადის მოლოდინში დროის მოგება იყო, ვიდრე რეალურად გამოსავალი, თუმცა ამ პერიოდში ბანკებსაც და მსესხებლებსაც მიეცათ შესაძლებლობა სხვადასხვა გამოსავალზე ეფიქრათ და შეეფასებინათ პერსპექტივები. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი პროგრამა, როგორიც იყო ახალაშენებული ბინების იპოთეკურ დაკრედიტებაში სახელმწიფოს თანამონაწილეობა, დაეხმარა სექტორს მიეღო მცირე ფულადი ნაკადები, არცერთი დახმარება თუ შეღავათი არ გადაწყვეტს მთავარს - შემცირებული შემოსავლების პრობლემას.

როგორც ჩანს, პანდემიის ეფექტი ეკონომიკის შესუსტებაზე გაგრძელდება მანამ, სანამ ახალი ვაქცინა არ იქნება შექმნილი და ფართოდ გავრცელებული, რაც როგორც იმედოვნებენ მომავალ წელს უნდა მოესწროს. მანამდე, ბანკები და საკრედიტო ორგანიზაციები მაქსიმალურად შეეცდებიან გაიმყარონ თავიანთი პოზიციები მსესხებლებთან მიმართებაში. ამ პროცესში მსესხებლებს მოუწევთ ჩართული იყვნენ იმ მოლაპარაკებების პროცესში, რომელსაც ბანკები მათ შესთავაზებენ, რის შედეგადაც შესაძლებელი იქნება მოიძებნოს ორივე მხარისთვის სესხის საბოლოოდ გადახდის გამოსავალი. 

მოლაპარაკებები შესაძლოა შედგეს მრავალი სახის, მათ შორის რესტრუქტურიზაცია არსებულ ბანკთან, რეფინანსირება სხვა წყაროდან, ან სულაც ლიკვიდაცია, კომპანიის გაყიდვა ან გაკოტრება.

ყველა ამ შემთხვევაში და პროცესში, კომპანიებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ მათთვის მნიშვნელოვნად გაადვილდება მოლაპარაკების პროცესი, თუ ბანკი ან სხვა საკრედიტო ორგანიზაცია დაინახავს მსესხებლის მხრიდან აქტიური კომუნიკაციის მზაობას, პრობლემების რეალისტურ შეფასებებს და რეალისტურ გეგმებს პრობლემების გადასალახად. 

რა თქმა უნდა, ყველას ესმის, რომ მსგავს სიტუაციაში გეგმები ვერ იქნება ზუსტი, თუმცა უნდა იყოს დასაბუთებული და გამჭვირვალე. 

კომუნიკაცია საკრედიტო ორგანიზაციასთან მნიშვნელოვანია იყოს დროული და გახსნილი, რათა ნდობის მომენტი იყოს შენარჩუნებული, რაც კრიტიკულია მსგავს შემთხვევებში. გარდა ამისა, დროული კომუნიკაცია და რესურსების გადალაგება, დაეხმარება კომპანიას დროულად და სწორად შეაფასოს თავისი საოპერაციო შესაძლებლობები და მოახდინოს შესაბამისი კორექტირებები მის საქმიანობაში. 

საკუთარი შესაძლებლობების სწორად შეფასება, იქნება ასევე გადამწყვეტი მსგავს სიტუაციაში. ბანკები, მათი გამოცდილების და ხელთ არსებული ინფორმაციის მეშვეობით ადვილად დაინახავენ რეალობის „შელამაზებას“, თუ ასეთს ადგილი ექნება. ხოლო საკუთარი პრობლემების ანალიზით დაწყებული მოლაპარაკება, ყოველთვის მეტყველებს სერიოზულ და პროფესიონალურ მიდგომაზე, რაც მეტ ნდობას და პატივისცემას იწვევს. 

სამოქმედო გეგმა, ან ალტერნატიული წინანდადება, იქნება მნიშვნელოვანი ბანკთან მოლაპარაკებისას. ბანკისთვის გაცილებით ადვილია ბიზნესში გამოცდილი პირის მიერ უკვე ნაფიქრ და დალაგებულ გეგმაზე მსჯელობა, ვიდრე გამოსავლის ძიების ახლიდან დაწყება. თავისთავად, გეგმა, გარდა ანალიტიკური ნაწილისა, უნდა იყოს ნაჩვენები ციფრებში; 

გეგმა უნდა იწყებოდეს პრობლემის შეძლებისდაგვარად სიღრმისეული ანალიზით, რაც აადვილებს ბანკთან საუბარს და მიუთითებს მსესხებლის მიერ საკითხისადმი პროფესიონალურ მიდგომაზე: 

• პრობლემის აღწერა და შედეგები; 
• ის რეაგირება, რაც უკვე მოახდინა კომპანიამ უარყოფითი შედეგების გასანეიტრალებლად; 
• არსებული უზრუნველყოფის მდგომარეობა და დაკორექტირებული ღირებულება. 
ბანკისთვის გაცილებით ადვილია საუბარი მსესხებელთან, თუკი ის ხედავს მომავლის რეალისტურ შეფასებას და შესაბამის გათვლებს;
• მეტი ყურადღება ენიჭება მოქმედებებს მოკლე ვადაში, 3-6 თვიან პერიოდში, რამაც ძირეულად უნდა შეცვალოს არსებული პრობლემა, თუმცა გრძელვადიანი გეგმაც მნიშვნელოვანია; 
• მსგავს კრიზისულ სიტუაციებში ბანკები გადამწყვეტ მნიშვნელობას ანიჭებენ შეძლებისდაგვარად დამატებითი კაპიტალის მობილიზების შესაძლებლობას; 
• ყველა გაანგარიშება მაქსიმალურად უნდა იყოს ორიენტირებული ფულად ნაკადებზე; 
•  ნაჩვენები უნდა იყოს ყველა ის მნიშვნელოვანი ფინანსური მაჩვენებელი, რომელიც დაეხმარება ბანკს გაიგოს განვითარების გზები და დაინახოს პროცესის შეფასების შესაძლებლობა. 

თავისთავად, თუ კომპანია მიიჩნევს, რომ მას სჭირდება პროფესიული დახმარება, მსგავსი სიტუაცია ზუსტად ის დროა, როდესაც ეს დახმარება გამოსაყენებელია. 

რამდენადაც რთული არ უნდა იყოს, მსესხებლებს მოუწევთ მუშაობა ბანკებთან და საკრედიტო ორგანიზაციებთან, რათა პრობლემები იქნას გადალახული. ყველა, მათ შორის ბანკები და საკრედიტო ორგანიზაციები, დაინტერესებულნი არიან, რომ მაქსიმალურად ყველა კომპანია გადარჩეს და გააგრძელოს ფუნქციონირება.