მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა უნდა გაკეთდეს ქართული სოფლების UNWTO-ს $100-მილიონიან პროექტში მოსახვედრად? - მოსაზრება

5f6a0306c55e6
ვიქტორია მღებრიშვილი
22.09.20 19:45
1155

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა თბილისში გამართულ UNWTO-ს საბჭოს 122-ე სხდომაზე განაცხადა, რომ ორგანიზაცია მუშაობს ახალ პროექტზე, რომელიც მსოფლიოში 100-ზე მეტი სოფლის ტურისტული მიზიდულობის ცენტრად გარდაქმნას გულისხმობს. პოლოლიკაშვილის ინფორმაციით, სოფლებმა აღნიშნულ პროექტში ჩასართავად კონკრეტული მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილონ, რისთვისაც UNWTO მზა რეცეპტებს შექმნის. "ამ პროექტისთვის იქმნება დამოუკიდებელი საინვესტიციო ფონდი, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით სოფლების განვითარებას შეუწყობს ხელს. დასაწყისში საუბარია, დაახლოებით, $100-მილიონიან ფონდზე“, - განაცხადა მან მოგვიანებით "Forbes კვირასთან" ინტერვიუში.

საქართველოს რომელ სოფლებს აქვს პროექტში მონაწილების პოტენციალი, რა პრობლემებია რეგიონში და რაში დაეხმარება ქართულ სოფლებს UNWTO-ს სოფლის ტურიზმის განვითარების პროექტი - ამ და სხვა კითხვებით BM.GE-მ აგროტურისტული ობიექტის Lost Ridge Inn, Brewery & Ranch-ის დამფუძნებელ ია თაბაგარს მიმართა.

„რთულია იმის თქმა, კონკრეტულად რომელი სოფლები უნდა ჩაერთონ ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის სოფლების განვითარების პროექტში, თუმცა აუცილებლად უნდა მოხდეს “პროექტის დეცენტრალიზაცია”. შეზღუდვა არ უნდა მოხდეს რეგიონების მიხედვით. შესაძლოა, ყველა სოფელს ვერ შეეხოს, თუმცა ყველა რეგიონში, ერთი სოფელი მაინც თუ ჩაერთვება აგრო-ტურიზმში, ეს უკვე კარგი იქნება“, - აღნიშნა ია თაბაგარმა.

მისი თქმით, პროექტში მონაწილეობის უპირველესი ამოცანა სოფლად სამუშაო ადგილების შექმნა და მოსახლეობის ეკონომიკური გააქტიურება უნდა იყოს, შესაბამისად, სახელმწიფომ ამ მიმართულებით უნდა იმუშაოს, რათა ადგილობრივი პრობლემები გადაიჭრას.

„ვფიქრობ, სოფლის განვითარების მიმართულებით უმთავრეს ამოცანას, სოფლად რაც შეიძლება მეტი სამუშაო ადგილის შექმნა წარმოადგენს, რაც საქართველოს მოქალაქეებისთვის მომგებიანი იქნება. ეს უნდა იყოს ამოსავალი წერტილი და არა მხოლოდ ჩვენი კულტურის გარეთ გატანა და ტურისტების მოზიდვა. ქვეყანა ჯერ უნდა მოვამზადოთ იმისთვის, რომ მოვიზიდოთ ტურისტები, ჩვენ კი ამას პირიქით ვაკეთებთ. მომეჩვენა, რომ UNWTO-ს პროექტი მოიაზრებს მარკეტინგის მიმართულებას - რომ ჩვენ გავიტანთ, ლამაზად შევფუთავთ და დავანახებთ მსოფლიოს ჩვენს სოფლებს... და რას ვფუთავთ, თუ ჯერ სოფელი არ განვითარდა, ახალი ტურისტული პროდუქტი არ შეიქმნა, ხალხი არ დასაქმდა და თუ ეს განვითარება მდგრადი არ იქნება?!“, - კითხვას სვამს აგროტურიზმის წარმომადგენელი.

ია თაბაგარი სოფლებში არსებულ პრობლემებზე საუბრობს და მიიჩნევს, რომ აგრო-ტურიზმის განვითარების დასაწყებად ნიადაგის მომზადებაა საჭირო, რაც გულისხმობს სოფლების წყალმომარაგებას, ინფრასტრუქტურულ გამართულობას, ელექტრომომარაგებას და მიწათსაკუთრების დროულ განსაზღვრას. ის ამბობს, რომ თუ იქნება სწორი მიმართულება, დანარჩენს კერძო სექტორი თვითონაც მიხედავს.

„ვფიქრობ, ჩვენი ახალი სათქმელია, პირველ რიგში, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის შენარჩუნება, განსაკუთრებით ახალგაზრდების. მეორე - განსახორციელებელია მცირე ინვესტიციები, იმისთვის რომ ხალხი დაბრუნდეს; მესამე - სოფლის განვითარების პროექტები უნდა იყოს მდგრადი და სიცოცხლისუნარიანი; მეოთხე - ორიენტირი უნდა გავაკეთოთ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებზე და გარემოსდაცვით საკითხებზე; ზუსტად ამას ელოდება ჩვენგან ცივილური სამყარო“, - უთხრა BM.GE-ის ია თაბაგარი.