მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა უნდა იცოდეთ 500 Georgia-ს აქსელერაციის პროგრამის მონაწილის Finmap -ის შესახებ

5f3a7e2fdd237
BM.GE
17.08.20 18:00
981
რა ხდის კომპანიას წარმატებულს? ამას შეიძლება სხვადასხვა ახსნა მოვუძებნოთ, მაგრამ ერთ-ერთი პასუხი ამ კითხვაზე ნამდვილად არის თანამშრომლები. ტექნოლოგიურ ერაში, პროფესიონალს, საქმის მაღალ დონეზე ცოდნასთან ერთად, ხშირად მოეთხოვება სხვადასხვა ტიპის კომპიუტერული პროგრამის კარგად ცოდნაც.

მარკეტინგში, ფინანსებში, ლოჯისტიკისა თუ სხვა დეპარტამენტში დასაქმებული ადამიანები, შრომის ოპტიმიზაციის მიზნით, ყოველდღიურად სხვადასხვა დამხმარე პროგრამას იყენებენ. მაგალითად, მსხვილ კომპანიებში ფინანსისტები და ბუღალტრები იყენებენ ERP სისტემებს, რომელიც მათ, ნებისმიერ ფინანსურ მონაცემებზე, დეტალურ ანალიტიკურ ინფორმაციას აწვდის. მაგრამ ამ პროგრამის შესყიდვა საკმაოდ დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული და ამავდროულად სიღრმისეული ფინანსური ცოდნაა საჭირო ამ სისტემიდან ამოღებული რეპორტების გასააზრებლად.

აქვე გეტყვით, რომ დამწყებ სტარტაპებს და საშუალო ზომის ბიზნესებს ხშირად არ აქვთ არც ფინანსური და არც ადამიანური რესურსი, რომ ძვირადღირებული ანალიტიკური სისტემებით ისარგებლონ. პრაქტიკულად, ეს ბაზარზე არსებული ე.წ. „გეფია“, რომელიც დაინახეს Finmap-ის დამფუძნებლებმა და შექმნეს ონლაინ პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც სწორედ ამ ტიპის ბიზნესებისთვისაა განკუთვნილი.

„სანამ Finmap-ს დავაარსებდი, მანამდე დაახლოებით ათ წელზე მეტი მცირე ავეჯის საწარმო მქონდა, რომლის მართვის დროსაც ფინანსურ აღრიცხვასთან დაკავშირებულ სხვადასხვა გამოწვევასთან მომიწია გამკლავება. ჩემი პარტნიორი, ივანი კი, იმ პერიოდში სხვადასხვა კომპანიისთვის მათზე მორგებულ პროგრამულ უზრუნველყოფებს წერდა. სიღმისეული კვლევისა და ანალიზის შემდეგ მივხვდით, რომ მცირე და საშუალო ტიპის ბიზნესის მთავარი პრობლემა, უმეტეს შემთხვევაში, ფინანსურ აღრიცხვასთან იყო დაკავშირებული. ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ შეგვექმნა ისეთი უნივერსალური პლატფორმა, რომელიც ამ ზომის ბიზნესებს მისცემდა კომპანიის ფინანსების მართვის შესაძლებლობას და რაც მთავარია ეს სისტემა იმდენად მარტივი უნდა ყოფილიყო, რომ ნებისმიერ ანტრეპრენიორს შესძლებოდა სიღრმისეული ფინანსური ცოდნის გარეშე მისი გამოყენება“, - ამბობს კომპანის ერთ-ერთი დამფუძნებელი ალექს სოლოვეი.

Finmap-ის სისტემით უკვე 400-ზე მეტი ბიზნესი სარგებლობს და ძირითადად, სტარტაპი „დსთ“-ს ქვეყნებშია წარმოდგენილი. აქედან გამომდინარე, პლატფორმის ძირითადი სამუშაო ენა რუსულია, მაგრამ უკვე დაწყებულია ვებგვერდის თარგმნა სხვადასხვა ენაზე და დამფუძნებლები გეგმავენ წამყვანი ევროპული, ლათინური ამერიკისა და აფრიკის ქვეყნების ბაზარზე შესვლას.

„როდესაც პროგრამაში ჩავერთეთ პროდუქტის პირველადი ვერსია უკვე დიდი ხნის გაშვებული გვქონდა, ამიტომ სტარტაპს უკვე ჰქონდა შემოსავლები და შესაბამისად, წმინდა მოგებაც. ჩვენ გვინდოდა გაგვეფართოვებინა ხედვა და გლობალურად დაგვეწყო აზროვნება, სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ აქსელერაცის პროგრამაში მონაწილეობა. 500 Startup-ს კი ჰყავს ისეთი მენტორები, რომლებსაც მსგავსი გამოცდილება აქვთ და მსოფლიო დონეზე მართავენ საკუთარ ბიზნესს. პროცესი ძალიან საინტერესოდ მიმდინარეობს და აღვნიშნავ, რომ ამ ეტაპზე პროგრამამ ჩვენი მოლოდინი სრულიად გაამართლა,“ - ამბობს ალექს სოლოვეი.

Finmap უახლოეს პერიოდში ახალ ბაზრებზე შესვლას გეგმავს და გამოცდილება, რომელსაც 500 Startup-ის მენტორებისგან მიიღებენ, ამ პროცესის ეფექტურ მართვაში დაეხმარება. ახალ ბაზრებზე შესვლა საკმაოდ რთული და შრომატევადი პროცესია, რომლის დროსაც მსოფლიო დონის ბრენდებსაც კი უწვნევიათ მარცხი. თუმცა მთავარია არ გაჩერდე და თუკი ანტრეპრენერი ხარ, რომელსაც თავი უამრავი ფინანსური მონაცემის ანალიზით გაქვთ დაკავებული, შეგიძლიათ გონება მოადუნოთ და დაე Finmap-ის პლატფორმამ გააკეთოს თქვენი საქმე.

500 Georgia საქართველოს ბანკის, GITA-სა და 500 Startups-ის მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან შესაძლებლობად იქცა, საქართველო ინოვაციური ეკოსისტემების რუკაზე მონიშნულიყო, როგორც უნიკალური იდეების და კონცეპტების აღმოჩენის, გლობალური ბიზნესის პოტენციალი მქონე ქვეყანა.