მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა უნდა იცოდეთ კორონავირუსის ახალი შტამის - „ომიკრონის“ შესახებ?

61a8b0d6ddd87
ვიქტორია მღებრიშვილი
02.12.21 16:47
969
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მსოფლიოში კორონავირუსის ახალი შტამის ქვეყნებისა და ასაკობრივ კატეგორიებზე გავრცელების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვით, SARS-CoV-2 ვირუსის ახალი შტამი B.1.1.529 პირველად სამხრეთ აფრიკაში 8 ნოემბერს აღებულ ნიმუშში გამოვლინდა. საერთაშორისო ანგარიშგება ჯანმო-ში  24 ნოემბერს მოხდა, ხოლო 26 ნოემბერს ვარიანტს შეშფოთების სტატუსი (VOC) მიენიჭა და დაერქვა "ომიკრონი". ჯანმო-ს მიერ ყველაზე სწრაფად, 2 კვირის ფარგლებში აღნიშნული სტატუსი მიენიჭა.



„შტამის გამოვლენას დაემთხვა ახალი შემთხვევების მატება ქვეყანაში. შტამი ასევე აღირიცხა 11 ნოემბერს ბოცვანაში აღებულ ნიმუშში. აღმოჩენის მიუხედავად, მაღალია ალბათობაა, რომ შტამი ამ ქვეყნებში არ წარმოქმნილა და მათი სექვენირების მაღალი პოტენციალის გამო მოხდა პირველი იდენტიფიცირება.

2 კვირაში სამხრეთ აფრიკაში, იმ რეგიონში, სადაც დადგენილია მუტირებული შტამი, ჰოსპიტალიზაციის სიხშირე 3-ჯერ გაიზარდა, ხოლო ტესტირების დადებითობის მაჩვენებლმა 1%-დან 10.2%-ს მიაღწია. ბოლო 24 სთ-ში ეს მაჩვენებელი 16.4%-მდე გაიზარდა. შტამის აღმოჩენას უკავშირდება დაინფიცირების რიცხვის მატება ახალგაზრდებში, 35 წლის ქვევით, განსაკუთრებით სკოლის ასაკის, თუმცა აღსანიშნავია, რომ ეს კოჰორტა ქვეყანაში ყველაზე ნაკლებად ვაქცინირებულია და მეტად სოციალურად აქტიური. ასევე გაზრდილია ჰოსპიტალიზაცია 20-44 ასაკობრივ ჯგუფში, ისევე როგორც 2 წლის ქვევით ბავშვებში. ახალი შტამი ქვეყანაში სექვენირებული ნიმუშების 74%-ს შეადგენს და თითქმის ჩაანაცვლა დელტა შტამი.

ახალი შტამი აღმოჩენილია ჯანმო-ს 5 რეგიონში. 2 დეკემბრისთვის დადასტურებული შემთხვევები 27 ქვეყანაშია აღრიცხული: გაერთიანებულ სამეფოში, იტალიაში, გერმანიაში (აღირიცხა პირველი შიდა გადაცემა), ავსტრიაში, ჩეხეთი, საფრანგეთში, ნიდერლანდებში, შვედეთში, ესპანეთში, დანიაში, ბელგიაში, შოტლანდიაში, პორტუგალიაში, შვეიცარიაში, ისრაელში, კანადაში, ჰონგ კონგში, ავსტრალიაში, იაპონიაში, აშშ-ში (კალიფორნია), საუდის არაბეთში.

ახალი შტამის გამოჩენის გამო მინიმუმ 70 ქვეყანამ დააწესა გამკაცრებული რეგულაციები ან ჩაკეტა საზღვრები აფრიკის რიგი ქვეყნებიდან შემომსვლელებისთვის“, - ნათქვამია NCDC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამასთან, NCDC-ის ცნობით, ამ ეტაპზე გამოვლენილი შემთხვევების მიმდინარეობა მსუბუქიდან მძიმემდე ვარირებს, თუმცა ტიპიური სუნისა და გემოს დაკარგვა ნაკლებად აღინიშნება. ამ დრომდე არ აღრიცხულა აღნიშნული შტამით გარდაცვალების შემთხვევა.

„სიტუაცია ფასდება როგორც მაღალი რისკის მქონე. საფრთხეებს შორისაა:

• გადადების მომატებული უნარი;
• დაინფიცირებისას კრიტიკული მიმდინარეობა;
• მკვეთრად გაზრდილი რეინფიცირების შესაძლებლობა“, - ამბობენ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში.