მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა უნდა იყოს საქართველოს მთავრობის სტრატეგია - EBRD-ის რეკომენდაციები

6070c8b0f13e3
BM.GE
10.04.21 09:01
1553
საქართველოს მთავრობა ქვეყნის განვითარების 10 წლიანი სტრატეგიის შექმნას აპირებს, რისთვისაც შესაბამისი სამთავრობო კომისია უკვე შეიქმნა და მას 31 მაისამდე ევალება სტრატეგიული დოკუმენტის მომზადება. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა აქვეყნებს ინტერვიუს კავკასიაში EBRD-ის წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან კატარინა ბიორლინ ჰანსენთან, რომელიც არსებულ კრიზისულ ვითარებაში ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან რეფორმებსა და ამოცანებზე საუბრობს. ჰანსენი აღნიშნავს, რომ არსებულ ვითარებაში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ტურიზმის სექტორის აღდგენაზე მუშაობა, სასამართლო რეფორმის გატარება, FDI-ის აღდგენაზე მუშაობა და სხვა პირველი რიგის ამოცანების გადაჭრა. 

- რომელ გამოწვევებს უნდა მიანიჭოს პრიორიტეტი საქართველოს მთავრობამ უახლოეს მომავალში? 

"არსებული კრიზისი ხაზს უსვამს სტრუქტურული რეფორმების გაგრძელების აუცილებლობას, რომელიც მოიზიდავს უფრო ძლიერ უცხოურ ინვესტიციებს და გაზრდიდა პროდუქტიულობას და ეკონომიკურ დივერსიფიკაციას. ამგვარად, მნიშვნელოვანია შემდეგი სფეროები:

● სტუმარმასპინძლობის და ტურიზმის სექტორის აღდგენა
● განახლებადი ენერგიის სექტორების დივერსიფიკაცია - საერთაშორისო კონკურენციის სახელშეკრულებო ჩარჩოების გათვალისწინებით
● პირდაპირი უცხოური ინვესტიციების აღდგენა
● გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარების გეგმა
● სასამართლო რეფორმა
● განათლების სისტემის რეფორმა სამუშაო ძალის შესაქმნელად, რომელიც აკმაყოფილებს ბიზნესის მოთხოვნებს
● ევროკავშირის რეგულაციებთან ჰარმონიზაცია, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების შესაბამისად
● ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის გაგრძელება საქართველოს სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობის გამოსაყენებლად
● კაპიტალის ბაზრების განვითარება მცირე და საშუალო საწარმოებისთვის დაფინანსებაზე წვდომის დივერსიფიცირებისთვის
● სოფლის მეურნეობის სექტორში ინვესტირების პოტენციალის შემდგომი ზრდა რეფორმების წახალისების გზით,"- აღნიშნავს კატარინა ბიორლინ ჰანსენი. 

საქართველოს მთავრობამ წინა სტრატეგიული დოკუმენტი - "საქართველო 2020" 2014 წლის ზაფხულში ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის პერიოდში მიიღო. თუმცა მიღებიდან მალევე სავალუტო კრიზისი და რეგიონული ეკონომიკური კრიზისი დაიწყო, რის შედეგადაც სტრატეგიაში გაწერილი სამიზნეების მიღწევა ახალი რეალობის გათვალისწინებით ფაქტობრივად შეუძლებელი გახდა.