მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა უნდა ვიცოდეთ ელექტროენერგიის, გაზისა და წყლის მომწოდებელი კომპანიების ვალდებულებებზე

5fc78395b1bc2
BM.GE
02.12.20 15:31
1021
პანდემიის პირობებში მოსახლეობის ელექტროენერგიით, ბუნებრივი გაზითა და სასმელი წყლით ხარისხიანი მომარაგება ათმაგად აქტუალურია, ვინაიდან დასაქმებული ადამიანების დიდი უმრავლესობა სწორედ საკუთარი სახლიდან აგრძელებს მუშაობას.

ელექტროენერგიის, სასმელი წყლისა და ბუნებრივი გაზის მიმწოდებელ კომპანიებსა და უშუალოდ აბონენტებს შორის ინდივიდუალური ხელშეკრულებების არარსებობის პირობებში, მათ ურთიერთობებს მომსახურების კომერციული ხარისხის სტანდარტები არეგულირებს, რომელსაც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი) ადგენს.

მომსახურების ხარისხის სტანდარტი ვრცელდება ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებზე და მათთვის ერთიან მოთხოვნებსა და სტანდარტებს ადგენს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. ეს სტანდარტები მომხმარებელთა მომსახურების ხარისხის მინიმალურ დონეს განსაზღვრავს, რომლის უზრუნველყოფაც საწარმოს ვალდებულებაა.

სემეკის ელექტრონულ ბაზაში ავტომატურად, რეალურ დროში ფიქსირდება რეგულირებად საწარმოებში შესული მომხმარებელთა განცხადებები, ინფორმაცია გეგმური და დაუგეგმავი წყვეტების, ახალი მომხმარებლის მიერთებისა და დავალიანების გადაუხდელობის გამო ქსელიდან გამორთული აბონენტების მომარაგების აღდგენის შესახებ.

თუმცა, კომუნალური მომსახურების კომპანიები რიგ შემთხვევებში ვერ აკმაყოფილებენ კომერციული მომსახურების სტანდარტებს, რა დროსაც მათ მომხმარებლისთვის შესაბამისი კომპენსაციის გადახდის ვალდებულება ეკისრებათ. 2017 წლის დასაწისიდან 2020 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით, გარანტირებული სტანდარტების დარღვევის გამო, კომპანიებმა მომხმარებლებს, კომპენსაციის სახით, საკმაოდ სოლიდური თანხა – 7 მილიონზე მეტი ლარი გადაუხადეს. საგულისხმოა, რომ ამ დარღვევებიდან ლომის წილი ქსელზე ახალი მომხმარებლის დაერთების ვადების დარღვევაზე მოდის და მთელი კომენსაციების 96% სწორედ ამის გამოა გადახდილი. ამ პერიოდში წყალმომარაგების სექტორში გაიცა 4 მილონზე მეტი ლარი, ბუნებრივი გაზის სექტორში – 2 მილიონ ლარამდე, ხოლო ელექტროენერგეტიკულ სექტორში 1 მილიონ ლარზე მეტი ოდენობის კომპენსაციები.

სემეკში აღნიშნავენ, რომ ბოლო წლებში გაიზარდა კომერციული მომსახურების ხარისხი და, შესაბამისად, შემცირდა გადახდილი კომპენსაციების რაოდენობაც. მაგალითისთვის, 2019 წლის 1–ლი სექტემბრიდან 2020 წლის 1–ლი ნოემბრის პერიოდში მომხმარებლებისთვის გადახდილი კომპენსაციების მოცულობა მნიშვნელოვნადაა შემცირებული და ჯამში, სამივე სექტორში, 134 335 ლარს შეადგენს. აქედან ელექტროენერგეტიკაზე 35 525 ლარი მოდის, რაც მთლიანი კომპენსაციების 26,5%–ს შეადგენს, ბუნებრივ გაზზე 20 795 ლარი (15,5%). კომპენსაციების მოცულობით კვლავ წყალმომარაგების სექტორი ლიდერობს და ამ სექტორში გადახდილი კომპენსაციების მოცულობამ, საანალიზო პერიოდში, 78 015 ლარი შეადგინა (58%).

თუმცა, ამავდროულად, კომისიის მიერ გამოვლენილი იქნა კომპანიების მხრიდან არასწორი ინფორმაციის მოწოდების ფაქტები, რაც განიხილება სალიცენზიო პირობების დარღვევად და კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე მოხდა მათი დაჯარიმება. სემეკის მომსახურების კომერციული ხარსიხის დეპარტამენტის ანალიზის შედეგად, სხვადასხვა დროს მსგავსი ტიპის დარღვევები სამივე სექტორში გამოვლინდა. მაგალითად:

• შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ არასწორად ახდენდა მომხმარებელთა განაცხადების ვადაში დასრულების მონაცემების ატვირთვას.
• შემოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ სს "ენერგო-პრო ჯორჯიას" მიერ მიერთების თაობაზე ელექტრონულ ჟურნალში ატვირთლი ინფორმაცია არ ასახავდა რეალობას 19 ობიექტზე, ასევე განხილულ შემთხვევებში მიერთების სამუშაოების დროს დარღვეული იყო ტექნიკური ექსპლუატაციის ნორმები. კომისიის გადაწყვეტილებით, გარდა დაჯარიმებისა, სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ დაევალა გარანტირებული სტანდარტების დარღვევის გამო კონკრეტული მომხმარებლებისათვის კომპენსაციების გადახდა.
• შპს "თბილისი ენერჯიმ" დაარღვია კომისიის ელექტრონულ ჟურნალში ზუსტი და სრული ინფორმაციის დაუყოვნებლივ ასახვის ვალდებულება, რაც გათვალისწინებულია „მომსახურების ხარისხის წესებით“.
• სს "თელასი" მისთვის სასარგებლოდ ამახინჯებდა ფაქტობრივ სურათს და ამ გზით იუმჯობესებდა ელექტრონულ ჟურნალში საერთო სტანდარტების შესრულების მაჩვენებლებს. კერძოდ, კომპანიამ მიუთითა, რომ მას არ ჰქონდა არც ერთი იმ მომხმარებლის საკონტაქტო ნომერი, რომლის მომარაგებაც შეწყდა, რაც სიმართლეს არ შეესაბამებოდა. ელექტრონულ ჟურნალში სრული და ზუსტი ინფორმაციის ასახვის ვალდებულება დაირღვა იმითაც, რომ კომპანიამ ზოგიერთი წყვეტა საერთოდ არ დაარეგისტრირა ელექტრონულ ჟურნალში, რის შესახებ კომისიამ მომხმარებლების მიმართვის შედეგად შეიტყო.
ამ და სხვა ტიპის დარღვევების გამოსავლენად, სემეკში ყოველდღიურად ხდება ჩანაწერების გადამოწმება:

 ჟურნალში ატვირთულ ინფორმიაციისა და განაცხადის შედარება;
 მომხმარებელთან უკუკავშირი;
 საჭიროების შემთხვევაში, გაწეული მომსახურების ადგილზე გადამოწმება შესაბამის ტექნიკურ დეპარტამენტებთან ერთად.

ამ ღონისძიებათა ერთობლიობით დაგროვილი ინფორმაციის საფუძველზე კომისიამ რიგ შემთხვევაში მომსახურების კომერციული ხარისხის სტანდარტები განაახლა, მოარგო რა ისინი ფაქტობრივ გარემოებებს. საგულისხმოა ისიც, რომ კომერციული მომსახურების ხარსხის საერთო სტანდარტების მაჩვენებელები რეგულირებადი საწარმოების ტარიფების გაანგარიშებისას გამოიყენება.
(NS)