მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა უპირატესობა აქვს დიდ ჰესს მცირე ჰიდროსადგურებთან შედარებით? - ნარმანიას მოსაზრება

61892eacee464
დავით ჯალაღონია
09.11.21 09:45
854
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის დავით ნარმანიას განმარტებით, იმპორტირებული ელექტროენერგია ჩვენს ქვეყანას გაცილებით ძვირი უჯდება, ვიდრე ასევე იმპორტირებული ბუნებრივი გაზის დახმარებით თბოსადგურების მიერ გამომუშავებული ენერგია. ამის შესახებ ნარმანიამ პარლამენტში, სემეკ-ის წლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ დეპუტატების მიერ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

"რადგან ჰიდროსადგურების მშენებლობა შეფერხებულია, სხვა ალტერნატიული წყაროების განვითარება, იგივე საშუალო და მცირე ჰესები, მზის და ქარის სადგურების განვითარება უალტერნატოვოა, თუმცა ასი მცირე თითომეგავატიანი სადგურიც რომ ავაშენოთ, 100 მეგავატი ჩვენი მოხმარებისთვის, რომელიც ყოველწლიურად მზარდია, პრაქტიკულად ჩაიკარგება, მაშინ როცა ერთი შედარებით დიდი სადგური - 200-300 მეგავატი სიმძლავრის, ან უფრო მეტი, უფრო დიდი შვება იქნებოდა ჩვენი ენერგეტიკის სექტორისთვის, სხვა შემთხვევაში, ჩამოკიდებული ვართ იმპორტზე.

წლიდან წლამდე იზრდება იმპორტი და გარდა იმისა, რომ ეს ჩვენი ვალუტის გადინებას იწვევს და მაკროეკონომიკური თვალსაზრისით არასასურველია, შედარებით ძვირიც არის.

მაგალითად, დღეს ვანგარიშობდით და იმპორტირებული ენერგია, რაც ამ ეტაპზე არის ჩენი მეზობელი ქვეყნიდან შემოთავაზებული, გაცილებით ძვირი გამოდის, ვიდრე ის, რომ კიდევ ერთი თბოსადგური იყოს საქართველოში და დღეს არსებული გაზის ფასებით ვამუშაოთ", - განმარტა დავით ნარმანიამ.

ცნობისთვის: სახელმწიფო ელექტროსისტემის მიერ მომზადებული "საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმის (2021-2031) თანახმად, მომდევნო 10-წლიან პერიოდში 123 ჰიდროელექტროსადგური უნდა შევიდეს ექსპლუატაციაში, თუმცა 80-ზე მეტი ობიექტის მშენებლობა გაჭიანურებულია, რისი ძირითადი მიზეზიც პროექტებთან დაკავშირებული პროტესტებია.