მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა უპირატესობა შეიძლება ჰქონდეს მიკრობანკებს მისოებთან შედარებით? - MBC

60cb6ade94a96
ელენე გოგბერაშვილი
18.06.21 09:40
903
საქართველოში დღეს რეგისტრირებულ 15 კომერციული ბანკს შესაძლოა მომავალში ახალი კატეგორიის საბანკო დაწესებულებებიც შეუერთდნენ, რასაც "მიკრობანკების შესახებ" კანონპროექტი ითვალისწინებს.

მიკრობანკების ლიცენზიების შემოღების მთავარი სამიზნე მიკროსაფინანსო ორგანიზაციები არიან. საქართველოს ეროვნულ ბანკს, სავარაუდოდ აქვს იმედი, რომ ამ სფეროს ზოგიერთი წარმომადგენელი იურიდიულ სტატუსს შეიცვლის და მიკრობანკი გახდება, თუმცა მიკროსაფინანსო სექტორისთვის დღეს ბევრი რამ არის უცნობი იმ კანონპროექტის შესახებ, რომელსაც ცენტრალური ბანკი ამზადებს.

როგორც კერძო სექტორში ამბობენ, განხილვები მიკროსაფინანსო სექტორთან ეროვნულ ბანკს ჯერ არ ჰქონია, თუმცა ზეპირი განცხადებებით იციან, რომ მიკრობანკების რეგულირება იქნება უფრო მსუბუქი, ვიდრე კომერციული ბანკების, თუმცა იმაზე მკაცრი, ვიდრე დღეს მიკროსაფინანსო სექტორშია.

ცენტრალური ბანკი მიკრობანკების შესახებ მომზადებული ცვლილებების პარლამენტისთვის წარდგენას საშემოდგომო სესიაზე გეგმავს.

ერთ-ერთი ორგანიზაცია, რომელიც მიკრობანკის სტატუსის მიღებით არის დაინტერესებული, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ემ ბი სი"-ა. როგორც მისი გენერალური დირექტორი ამბობს, სებ-ის ინიცირებული ცვლილებები მიკროსაფინანსოებს ახალი საოპერაციო პროდუქტების განვითარების პერსპექტივას უხსნის.

„ჩვენ არ ველოდებით რაღაც განსაკუთრებულ სურპრიზს, უკვე ცნობილია, დაახლოებით რა უნდა იყოს დოკუმენტში. მარეგულურებელი ჩარჩო იქნება უფრო მკაცრი, ვიდრე ეს აქვთ ამჟამად მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, მაგრამ ცოტა უფრო მსუბუქი, ვიდრე აქვთ ბანკებს. ჩამოვთვლი რამდენიმე ფაქტორს, რაც ჩვენი გადმოსახედიდან მიმზიდველს ხდის მიკრობანკის ლიცენზიის მიღებას: ეს არის ეროვნული ბანკის მონეტარული პროდუქტებით სარგებლობა - ლარზე წვდომა, დეპოზიტების მიღების შესაძლებლობა და რაც მთავარია, მათი ჩართვა დეპოზიტების დაზღვევის სახელმწიფო სისტემაში; ასევე მიმდინარე ანგარიშების გახსნის შესაძლებლობა, რაც ხსნის ძალიან დიდ პერსპექტივას ახალი საოპერაციო პროდუქტების განვითარებისა და მომხმარებლისთვის შეთავაზებისთვის.

ასევე გვაქვს მოლოდინი, რომ მიკრობანკებისთვის სესხის მაქსიმალური ზღვარი იქნება გაცილებით მაღალი, ვიდრე აქვთ მიკროსაფინანსოებს: 100 000 ლარია დღეს და თუ არ ვცდები, სამუშაო ვერსიაში განიხილება მიკრობანკებისთვის ნახევარი მილიონი ლარის ზღვარის დაწესება. ეს ნიშნავს, რომ გაჩნდება ფანჯარა მათ შორის უცხოურ ვალუტაში დაკრედიტების. იცით, რომ 200 000 ლარია ზღვარი, რომლის ზემოთაც შეიძლება უცხოურ ვალუტაში დაკრედიტება და ესეც კიდევ ერთი საინტერესო შესაძლებლობაა ჩვენთვის“-აცხადებს გია პეტრიაშვილი.

კომერციული ბანკის ლიცენზიის ასაღებად დღეს მინიმუმ 50 მილიონი ლარის კაპიტალი არის საჭირო, ჯერჯერობით უცნობია რა იქნება მიკრობანკის დაფუძნებისთვის საჭირო მინიმალური კაპიტალის მოცულობა. გია პეტრიაშვილის ინფორმაციით, მინიმალური საწესდებო კაპიტალი მიკრობანკის შემთხვევაში 10-ჯერ მეტი შეიძლება იყოს, რაც მიკრობანკის სტატუსის მისაღებად ბევრისთვის შეიძლება ბარიერი აღმოჩნდეს.

"სავალუტო ფონდის სარეკომენდაცია დოკუმენტში იყო დაახლოებით მიმოხილვა, როგორი შეიძლება იყოს მარეგულირებელი ჩარჩო მიკრობანკებისთვის და ამოვიკითხეთ მინიმალური მოთხოვნა საწესდებო კაპიტალზე, რაც უნდა იყოს 10 000 000 ლარი. ეს არის 10-ჯერ უფრო მეტი, ვიდრე დღეს აქვთ მისოებს, თუმცა ეს არის 5-ჯერ ნაკლები, რაც აქვს ბანკებს. ვფიქრობ, სხვა რეგულაციებში დავინახავთ ასეთივე მიდგომას, რომ ეს იქნება უფრო მკაცრი რეგულირება, ვიდრე მისოების და უფრო მსუბუქი, ვიდრე ბანკების“-აცხადებს გია პეტრიაშვილი.

ცნობისთვის, საქართველოში დღეისთვის სულ 39 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია საქმიანობს. ამ დროისთვის უცნობია, მათი რა ნაწილი გადავა მისო-ს სტატუსიდან უფრო რეგულირებად "მიკრობანკის" სტატუსზე.